Accessibility links

logo-print

რას ელიან აფხაზები საქართველოს ხელისუფლებისგან?


საქართველოს პოლიტიკურ წრეებში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს დაემთხვა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ თბილისში ორგანიზებული სემინარი,

რომელზეც კავკასიის ქვეყნების ქალთა ორგანიზაციები რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და დაძაბულობის წინააღმდეგ გამოდიან. სემინარში მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ქალთა კავშირის თავმჯდომარე ნათელა აკაბა, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მომხრეა და აქტიურად არის ჩართული ერთობლივ ქართულ-აფხაზურ პროექტებში. თუმცა, ბევრი ექსპერტის მსგავსად, ნათელა აკაბაც ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვერც აფხაზეთში და ვერც საქართველოში ვერ ახერხებს ზეგავლენის მოხდენას პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც კონფლიქტის ბედს წყვეტენ.


კავკასიის ქალთა ლიგის პირველი სხდომა მიმდინარე წლის ბოლოს მოსკოვში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი იყო, გაეაქტიურებინა ქალების როლი რეგიონში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში. მოსკოვშივე გადაწყდა, რომ ლიგის წევრები შემდეგ შეხვედრას გამართავდნენ თბილისში, სადაც, სოხუმისგან განსხვავებით, უკეთესი საკომუნიკაციო საშუალებები და ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს. იმ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, აფხაზეთის ქალთა ლიგის წარმომადგენელი ნათელა აკაბა, რომელსაც ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს, მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ურთიერთობები ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, რის გარეშეც პოლიტიკოსებს შორის მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდეს.

[ნათელა აკაბას ხმა] "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემთხვევაშიც, თუ პოლიტიკოსები მოახერხებენ შეთანხმების მიღწევას და ხელს მოაწერენ სათანადო დოკუმენტს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული და აფხაზური საზოგადოება უმალ მზად იქნება დაივიწყოს ტრაგედია, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და აქ პოლიტიკოსები ვერაფერს გახდებიან, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების გარეშე."

ნათელა აკაბას ასეთი აქტიურობა და მისი ურთიერთობა საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აშკარად არ სიამოვნებს აფხაზეთის დღევანდელ მმართველ რეჟიმს, რომელიც გამარჯვების ეიფორიაში იმყოფება და დარწმუნებულია, რომ ქართულ მხარესთან ურთიერთობა ყველა დონეზე მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიძლება აღდგეს. აფხაზეთში საქართველოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აძლიერებს 1997 წელს გამოცხადებული ბლოკადა, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების რევანშისტული მოწოდებები და დივერსიათა მცდელობები არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ნათელა აკაბას თქმით, ამ ფონზე აფხაზეთის მოსახლეობას გარკვეული მოლოდინი გაუჩინა სოჭის მარტის მოლაპარაკებისას რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სიტყვიერმა შეთანხმებამ ერთობლივი ეკონომიკური პროგრამების განხორციელებასა და ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებაზე გალის რაიონში.
[ნათელა აკაბას ხმა] "ეს ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული, რადგან მთელი ომისშედმგომი პერიოდის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ თუნდაც ძალიან მცირე ნაბიჯი გადმოდგა აფხაზი ხალხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ამან თავისი განვითარება პოვოს. ვინაიდან მტრის სახე, გარკვეულწილად კვლავაც არსებობს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზებმა აღარ იფიქრონ საქართველოზე როგორც მოწინააღმდეგეზე."

საქართველოსა და აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის მეგობრობის ხელი გაეწვდინათ და, როგორც ნათელა აკაბა ამბობს, ისინი პოლიტიკოსების გარეშე უკვე ახერხებენ თანამშრომლობას. მაგრამ მათ მიბაძვას არ ჩქარობენ ქართველი და აფხაზი პოლიტიკოსები, რომლებიც კვლავაც გარედან ელოდებიან დირექტივებს.
XS
SM
MD
LG