Accessibility links

logo-print

რატომ ატყდა სკანდალი პრეზიდენტის პეტერბურგში ვიზიტის გამო


დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, პეტერბურგში დსთ-ს მეთაურთა არაოფიციალურ სამიტზე პრეზიდენტების, პუტინისა და შევარდნაძის, სოჭის შეთანხმება ოფიციალურად

გაფორმდა და ხელი მოეწერა აფხაზეთში სამშვიდობო მისიის 10 წლით გახანგრძლივებას. ქართული მხარის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პეტერბურგში აფხაზეთის საკითხი საერთოდ არ განხილულა. ამ გაუგებრობამ კი ოპოზიციას ხელისუფლების მწვავე კრიტიკის კიდევ ერთი საბაბი მისცა.

გაუგებრობა უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კომენტარს მოჰყვა. კუჩმამ პეტერბურგში ტელეარხ „რუსთავი 2-ის" კორესპონდენტს განუცხადა, რომ აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის 10 წლით გაგრძელების საკითხი განვიხილეთ და, მე მგონი, ხელიც მოვაწერეო.

[კუჩმას ხმა] „მოვილაპარაკეთ, რომ მშვიდობისმყოფელთა მანდატი გავაგრძელოთ 10 წლით. მე მგონი, მე მას ხელი მოვაწერე."

ამ სიტყვებმა ქართული ოპოზიციის განრისხება გამოიწვია და წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებით ნაკარნახევი შევარდნაძის საწინააღმდეგო სკანდალიც ასე მომზადდა. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 2 ივნისს ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა:

[გამყრელიძის ხმა] „ეს არჩევნები შეიძლება გახდეს საფუძველი არამარტო დემოკრატიის ნგრევისა, არამედ, საერთოდ, ტერიტორიების გაყიდვისა და გაცვლისა რაღაც თანამდებობებში. უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს უვადოდ მანდატის გაგრძელება, რას ნიშნავს 10 წლით თუ განუსაზღვრელი ვადით სამშვიდობოების აქ დატოვება..."

თბილისში სანკტ-პეტერბურგიდან დაბრუნებული შევარდნაძე მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ასე გამოეხმაურა.

[შევარდნაძის ხმა] „ბატონი გამყრელიძის ტრაგიკული განცხადებები: აფხაზეთი დავკარგეთ, აფხაზეთი საბოლოოდ დავკარგეთ, რა გვეშველება ახლა... ბიჭო, წაიკითხე რაღაც, კაცო, იკითხე..."

ქართველ პოლიტიკოსებს, მართლაც, რომ წაეკითხათ პრეზიდენტების, პუტინისა და შევარდნაძის, სოჭის მოლაპარაკებათა შედეგები, რომელიც ქართულ პრესაში 2-ჯერ გამოქვეყნდა, ნაკლებად სავარაუდოა, სკანდალი პეტერბურგის არაოფიციალური სამიტის შემდეგ მომხდარიყო. სოჭში პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმყოფელები მანამდე იქნებიან, სანამ კონფლიქტის რომელიმე მხარე ოპერაციის შეწყვეტას არ მოითხოვს. მანდატის შეცვლა კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტის პრეროგატივას წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის შალვა ფიჩხაძის განმარტებით, სოჭის შეთანხმება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე განსახილველად რუსეთისა და საქართველოს მიმართვის სახით უნდა შევიდეს, რაც ჯერჯერობით არ განხორციელებულა და, თუ რა მიზეზით, ამას შალვა ფიჩხაძისგან შევიტყობთ:

[ფიჩხაძის ხმა] „შეთანხმება თუ როგორი უნდა იყოს, ეს საბუთი ჯერჯერობით ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ვერ ხერხდება რაღაც იქ პრეამბულის და რაღაც ფრაზეოლოგიური პრობლემების გამო. ამიტომ ჯერჯერობით ეს ამ შეხვედრისთვის სანკტ-პეტერბურგში ვერ მოესწრო ამის წარდგენა. შესაბამისად, ამის განხილვაც არ ყოფილა." [სტილი დაცულია]

როგორც ჩანს, სწორედ დსთ-ს სამიტზე წარსადგენი დოკუმენტის მომზადების ვადებზე შეთანხმდნენ ქართული და რუსული მხარეები. ამას მოწმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განცხადებაც. მან აღნიშნა, რომ 2 კვირის მანძილზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა მოხერხდეს ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების მიღწევა.
XS
SM
MD
LG