Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''დიდი რვიანის'' სამიტი ევიანში


ანდრო ეული, პრაღა "დიდი რვიანის", ანუ მსოფლიოს 7 მაღალგნვითარებული ქვეყნის, პლუს რუსეთის ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ევიანში ორშაბათს გლობალური ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ტერორიზმის პრობლემის განხილვას დაეთმო.



აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევიანში ჩავიდა სანკტ-პეტერბურგიდან, სადაც ამ ქალაქის დაარსების 300 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიალს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პრეზიდენტებმა ისარგებლეს შემთხვევით და ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებას, რომელიც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ორმხრივ შემცირებას ითვალისწინებს.

შედარებით ოფიციალური იყო ჯორჯ ბუშის შეხვედრა ევიანში საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან, რომელიც ერაყის ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კიდევ უფრო ცივად შეხვდა პრეზიდენტი ბუში სანკ-პეტერბურგში გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს, რომელმაც ჟაკ შირაკს აუბა მხარი და ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი გამოვიდა ასევე.

ორშაბათს, ევიანში, ჟაკ შირაკმა ბატონ ბუშთან შეხვედრას "პოზიტიური" უწოდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ არანაირ "უხერხულობას" არ გრძნობს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ურთიერთობისას.

ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა, შირაკთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ვიყოთ გულწრფელნი. ჩვენ რთული პერიოდი განვვლეთ. ჩემთვის გასაგებია შირაკის პოზიცია ერაყის საკითხში, რაც მან გარკვევით გამაცნო თავიდანვე. არ ყოფილა სათუო, რაც ფიქრობდა ჟაკ შირაკი, და მეც გარკვევით გამოვთქვი ჩემი პოზიცია, და ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა, ვინაიდან შეგვწევს იმის უნარი, რომ სრულიად გულწრფელნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ".

პრეზიდენტ ბუშს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საფრანგეთი თავის წვლილს შეიტანს თავისუფალი, დემოკრატიული და აღორძინებული ერაყის მშენებლობაში [ჯორჯ ბუშის ხმა]: "როცა დადგა დრო, თავისუფალ, დემოკრატიულსა და აღორძინებულ ერაყზე ვიფიქროთ, ჩვენ, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ერთ პოზიციაზე ვდგავართ. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით იმის მიღწევას, რომ ერაყელმა ხალხმა თავად შესძლოს საკუთარი ქვეყნის მართვა. ამას დრო დასჭირდება. ამ მხრივ ერაყში, რთული ვითარებაა".

კვირას ევიანში, პრეზიდენტ ბუშს კერძო შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ჰუ ძინტაოსთან. საუბარი შეეხო ჩრდილოეთი კორეის ამასწინანდელ აღიარებას, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს ფლობს და ცდილობს ამ არსენალის გაზრდას. თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოკავშირეებს მოუწოდებს - მკაცრი ზომები მიიღონ ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ, მაგრამ ჰუ ძინტაოსთან ამის შესახებ ბუშს არაფერი უთქვამს. ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალბათ სამმხრივი მოლაპარაკება მოეწყობა სულ მალე აშშ-ის, ჩინეთისა და ჩრდილოეთი კორეის დელეგაციებს შორის.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, ეს საკითხი ბუშმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას წამოჭრა და კვლავ მოითხოვა, რომ რუსეთმა შეუწყვიტოს ირანს ბირთვული ტექნოლოგიის მიყიდვა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, ხსენებული ტექნოლოგია ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ესაჭიროება.

პრეზიდენტ ბუშის მრჩევლებმა ევიანის სამიტის მონაწილეებს გააცნეს თეთრი სახლის ახალი ინიციატივა, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ უნდა დაიდოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევის მიზნით ნებადართული იქნება ნებისმიერ დროს გემებისა და თვითმფრინავების შემოწმება. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეერთებული შტატების ტრადიციულ მოკავშირეთაგან ვინ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას.
XS
SM
MD
LG