Accessibility links

logo-print

რა გავლენა მოახდინა საპროტესტო აქციებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე


პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე საკანონმდებლო ორგანო კიდევ ერთხელ შეეცადა საარჩევნო კანონმდებლობა შეეცვალა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პარტიების

საპარლამენტო წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის წინაპირობად თავიანთ მიერ მომზადებული კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანას მოითხოვდნენ. ხანგრძლივი კამათისა და ხმაურის შემდეგ ოპოზიციურმა ფრაქციებმა საწადელს მიაღწიეს. რა შედეგი გამოიღო პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის წინადადების გათვალისწინებამ?

საქართველოს პარლამენტი დღის პირველ ნახევარში ემოციურად კამათობდა მხოლოდ იმის შესახებ, შეეტანათ თუ არა დღის წესრიგში ოპოზიციური ფრაქციების მიერ მომზადებული კანონპროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმების შესახებ.

კანონპროექტი პარლამენტის სხდომას გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ მაღლაფერიძემ შესთავაზა. პროექტი თითქმის ისეთივეა, როგორიც იყო პარლამენტის 30 მაისის სხდომაზე ჩავარდნილი. მაშინ ამ პროექტის მიღების წინააღმდეგ სახელისუფლებო ფრაქციები გამოვიდნენ. ისინი 3 ივნისსაც ცდილობდნენ ოპოზიციის ახალი წინადადება, პროცედურული პრობლემების მომიზეზებით, დღის წესრიგში არ შეეტანათ, თუმცა, კონსულტაციების წყალობით, შეთანხმება მაინც მოხერხდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გაუქმების ახალი წესი 30 მაისს ჩავარდნილი პროექტისგან იმით განსხვავდება, რომ იგი 1 თვის მანძილზე კომისიის პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობას უკრძალავს მის ძველ თუ ამჟამინდელ წევრებს. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის კოტე კემულარიას განცხადებით:

[კოტე კემულარიას ხმა] "ეს არის საშინლად ნდობადაკარგული ხალხი. საზოგადოებამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა, მათ გვარებს და სახელებს იცნობთ. და, შესაბამისად, იმათ უნდა აეკრძალოთ რამდენიმე წლით. ეს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ეს უფლების ჩამორთმევა, ჩვეულებრივი მიღებული დემოკრატიული მიდგომაა."[სტილი დაცულია]

ეს პოზიცია აღორძინების კავშირმა პარტიულ შეურაცხყოფად მიიღო, მიუხედავად იმისა რომ ამ პოლიტიკური პარტიის 3-მა წარმომადგენელმა ცენტრალური სააარჩევნო კომისია 10 სხვა წევრთან ერთად დატოვა. აღორძინების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლებს გაყალბებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით. სწორედ აღორძინების კავშირის პოზიცია აღმოჩნდა გადამწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ დახურულ კონსულტაციებზეც. მისი ერთ-ერთი ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით:

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] „კანონში წერია რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტში გასული პარტიებით კომპლექტდება. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ სად გადაჯგუფდა და ვინ დაიშალა ეს მათი პრობლემაა."

ოპოზიცია რომელიც საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებას მოითხოვს, აღორძინების კავშირის განცხადების შემდეგ მიხვდა, რომ კონსულტაციების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ახლა სწორედ აღორძინების კავშირის ხმებია გადამწყვეტი საარჩევნო კოდექსის ბედის განსაზღვრისას. ამიტომ ოპოზიცია პარლამენტიდან კვლავ ქუჩაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გავიდა.
XS
SM
MD
LG