Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ბუში არაბ ლიდერებს შეხვდა


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს სამ ივნისს, ეგვიპტის საკურორტო ქალაქშარმ ელ-შეიხში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში არაბული ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და მოუწოდა - მხარი დაუჭირონ "საგზაო რუკის" სახელით

ცნობილ სამშვიდობო გეგმას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

გახსნა რა უმაღლესი დონის შეხვედრა წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე შარმ ელ-შეიხში, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ ისრაელი ვალდებულია მოაგვაროს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ ახალდასახლებათა მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა. ხსენებულ მშენებლობათა შეწყვეტა მთავარ პირობადაა წამოყენებული ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს შეერთებულმა შტატებმა, გაერომ, ევროკავშირმა და რუსეთმა. 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს ახალდასახლებებში, რომლებიც პალესტინელთა ტერიტორიებზეა მიმოფანტული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში. ეს ტერიტორიები 1967 წლის ომის დროიდან აქვს ოკუპირებული ისრაელს.

ჯორჯ ბუში ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდა; მოგვიანებით მათ, საუდის არაბეთის პრინცი აბდულა, იორდანიის მეფე აბდულა, ბაჰრეინის მეფე ჰამადი და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი შეუერთდნენ.

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ესოდენ მაღალი დონის შეხვედრამ აღძრა იმედი, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის 32 თვის მანძილზე მიმდინარე ძალადობას მოეღება ბოლო და მხარეები საბოლოოდ მოიწონებენ საერთაშორისო სამშვიდობო გეგმას, რომელიც 2005 წლისთვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს.

ოთხშაბათს 4 ივნისს, სამმხრივი შეხვედრაა დანიშნული იორდანიის ქალაქ აქაბაში პრეზიდენტ ბუშს, არიელ შარონსა და მაჰმუდ აბასს შორის. ბუშმა არ მოისურვა შეხვედრა პალესტინელთა ვეტერან ლიდერთან იასირ არაფატთან, რომელიც კვლავაც დიდი გავლენით სარგებლობს პალესტინელებში.

მაჰმუდ აბასი აპრილის დამლევს დაინიშნა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრად. იგი იმთავითვე წინააღმდეგი იყო ძალადობისა, რასაც დამოუკიდებლობისათვის აჯანყებული პალესტინელები მიმართავდნენ.

ვიდრე ეგვიპტეში ჩავიდოდა საფრანგეთის ქალაქ ევიანიდან, სადაც იგი "დიდი რვიანის" სამიტს დაესწრო, ბუშმა თქვა, რომ მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში არ იქნება ადვილი, მაგრამ არ დაიშურებს "დროსა და ძალისხმევას, რათა ორმა სახელმწიფომ - ისრაელმა და პალესტინამ მშვიდობიანი თანაარსებობა შესძლონ ერთმანეთის მხარდამხარ".
XS
SM
MD
LG