Accessibility links

დასრულდა ევროსაბჭოს მომხსენებლების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში


ევროსაბჭოს ექსპერტების, უნგრელი მატიას იორშისა და ბულგარელი ევგენი კირილოვის, ორდღიანი ვიზიტი საქართველოში ოპოზიციის მიერ წამოწყებული სახალხო მოძრაობის გააქტიურებას დაემთხვა.

უშუალოდ საპროტესტო აქციები ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის განსაკუთრებული ყურადღების საგანი არ გამხდარა. შესაბამისად, აღნიშნული ქუჩის აქციები არც იმ მოხსენებაში შევა, რომელსაც ექსპერტები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სექტემბერში წარადგენენ. ამას ერთადერთი მიზეზი განაპირობებს: ექსპერტებს საპროტესტო აქციები, გარკვეულწილად, ქართული დემოკრატიის მონაპოვრად მიაჩნიათ. თუმცა საარჩევნო კოდექსი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივა, ანუ ის, რაც საპროტესტო აქციების დეკლარირებული მიზეზი იყო, ევროსაბჭოს მომხსენებლების ვიზიტის ძირითადი თემა აღმოჩნდა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით, მატიას იორშისა და ევგენი კირილოვის საქართველოში ვიზიტი ერთკვირიანი უნდა ყოფილიყო და, თბილისის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც უნდა მოეცვა. რატომ შეიცვალა ვიზიტის ფორმატი და რატომ შემოიფარგლა იგი მხოლოდ წინასაარჩევნო თემატიკით, გაურკვეველია მონიტორინგის კომიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ელენე თევდორაძისთვისაც. თუმცა საქართველოში რომ წინასაარჩევნო პროცესები ერთმნიშვნელოვნად აქტუალურია, ამაზე არავინ დავობს, მათ შორის, არც ევროსაბჭოს მომხსენებლები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. "ჩვენ წინა ვიზიტისას, რომელიც რამდენიმე თვის წინ შედგა, მოვილაპარაკეთ, რომ ივნისის დასაწყისისათვის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვეტილი იქნებოდა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა", - განუცხადა ევგენი კირილოვმა ჟურნალისტებს. მისი აზრით, არჩევნების ჩატარების წესზე მოლაპარაკება დროულად უნდა მოხდეს, რათა საარჩევნო საკანონმდებლო პრინციპებზე მსჯელობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ იქცეს. ანუ არ მოხდეს ის, რაც უკვე ფაქტია და რაც, თავის მხრივ, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც აღნიშნეს.
ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის თავისებურება ამჯერადაც დახურულ კარს მიღმა საუბრები იყო, რაც, სულ მცირე, ერთხელ მაინც დაირღვა: დემოკრატებთან და ნაციონალებთან გამართულ დიალოგს ჟურნალისტებიც დაესწრნენ, რამაც ექსპერტების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ თებერვალში გამართული ვიზიტის საფუძველზე შექმნილი მოხსენების, არსებითად, საიდუმლო პროექტი როგორღაც საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, რაშიც, მეტ-ნაკლები დოზით, ბრალი მიუძღვის პარლამენტის სამ დეპუტატს - ელენე თევდორაძეს, არმაზ ახვლედიანსა და ნათელა პატარქალიშვილს. ამ მოხსენების ზოგიერთი დასკვნა, კერძოდ, ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გაყალბების მაღალი ხარისხის გამო, პრაქტიკულად ჩატარებულადაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს, რასაკვირველია, რეალობასთან ახლოსაა. ამავე დოკუმენტის დასკვნაში მითითებულია, რომ თუ საარჩევნო პროცესები დემოკრატიულად არ განვითარდა და აღებულ ვალდებულებებს ქვეყანამ თავი ვერ გაართვა, ევროსაბჭოს ასამბლეა სესიაზე საქართველოს სტატუსის შესახებ საკითხს უსათუოდ დააყენებს.
მათიას იორშისა და ევგენი კირილოვის ამჟამინდელი შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ, 3-4 ივნისის ვიზიტის შემდეგ შექმნილი დასკვნითი დოკუმენტის ტონი წინასთან შედარებით შერბილებული ნამდვილად არ აღმოჩნდება. დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ამ ეტაპზე, კვლავაც ყოველგვარი კომპორმისის გარეშე, ევროსაბჭოს ძირითად მოთხოვნად რჩება. ევროსაბჭოს ექსპერტები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ არჩევნები საქართველოში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს და არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, კერძოდ, ეუთომ.
XS
SM
MD
LG