Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის სამშვიდობო მისია ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა სამშაბათს არაბ ლიდერებთან, ეგვიპტეში, უწინარესად იმისთვის იყო გამიზნული, რომ ახლო აღმოსავლეთში განახლებულ სამშვიდობო პროცესს რაც

შეიძლება მეტი მომხრე გაუჩნდეს რეგიონში, ხოლო არაბულმა ქვეყნებმა შეზღუდონ თავიანთ ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა.

არაბ ლიდერებთან შეხვედრისას სამშაბათს, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში, პრეზიდენტმა ბუშმა მოუწოდა ისრაელსა და პალესტინელებს - დათმობებზე წავიდნენ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. ახალი სამშვიდობო გეგმის თანახმად, რომელიც "გზამკვლევის" სახელით გახდა ცნობილი, ახლო აღმოსავლეთში ბოლო უნდა მოეღოს ყველგვარ ძალადობას, რასაც პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება მოჰყვება 2005 წელს.

ბუშმა მოუწოდა ამასთანავე შარმ ელ-შეიხში გამართული სამიტის მონაწილე ქვეყნების: ეგვიპტის, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებს, აგრეთვე პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს - ყოველგვარი დაფინანსების შესაძლებლობა მოუჭრან იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს რომ უქმნიან საფრთხეს. ამ დაჯგუფებებში, უწინარესად "ალ-ყაიდა", "ჰამასი" და "ისლამური ჯიჰადი" იგულისხმება.

სამიტის დამთავრების შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა არაბი ლიდერების სახელით წარმოადგინა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილენი ყოველნაირად შეუწყობენ ხელს სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში.

4 ივნისს, იორდანიის ქალაქ აქაბაში ჯორჯ ბუში ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრებს: არიელ შარონსა და მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამ სამხრივი მოლაპარაკების დამთავრებისას, რასაც იორდანიის მეფე აბდულა მეორე მასპინძლობდა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რათა წერტილი დაესვას პალესტინელთა შეიარაღებულ ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ. არიელ შარონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ისრაელი მყისვე დაიწყებს პალესტინელთა ტერიტორიებზე უკანონოდ აშენებულ ებრაულ დასახლებათა დემონტაჟს.

ხოლო ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას და ხაზგასმით აღნიშნა ამასთანავე ისრაელის უშიშროების უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი დონის შეხვედრაზე იორდანიის ქალაქ აქაბაში, არსებითი პროგრესი იქნა მიღწეული.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ მეთვალყურეთა ჯგუფს გააგზავნის დაუყოვნებლივ ახლო აღმოსავლეთში იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეასრულებენ მხარეები "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის პირობებს, და თან დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსა და მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისს სთხოვა, თავიანთ პრიორიტეტულ მიზნად დაისახონ ხსენებული სამშვიდობო გეგმის პირობათა შესრულება.
XS
SM
MD
LG