Accessibility links

logo-print

რატომ ალაპარაკდნენ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე?


სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის წინ ჩატარებული საპროტესტო მიტინგის შემდეგ, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა რეგიონებში გადაინაცვლეს,

რამაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მომხრეებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი დღის წინ აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობს, არ გამორიცხავენ, რომ მასობრივი დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც დასჭირდეს.



საქართველოში ხანგამოშვებით თავს იჩენს ხოლმე თემა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, რისი უფლებითაც, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტია აღჭურვილი. კანონთა კანონი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უფლებას აძლევს, სამხედრო ხასიათის საფრთხის, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული არეულობისა და მასობრივი დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში გამოაცხადოს საგანგებო ან სამხედრო მდგომარეობა, რაც 48 საათის განმავლობაში პარლამენტმა ან უნდა მიიღოს, ან უარყოს.


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ბათიაშვლი აცხადებს, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს მაშინაც, თუ პოლიტიკური მოთხოვნებით დაწყებული საპროტესტო მოძრაობა უმართავ ხასიათს მიიღებს.
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "თუკი ის ნორმალური მიტინგის და მანიფესტაციის ხასიათს აღარ ატარებს და გადაიზრდება ხოლმე, ვთქვათ, მასობრივ არეულობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და იღებს დესტრუქციულ ხასიათს, მან შეიძლება შექმნას საგანგებო სიტუაცია, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება."

საგულისხმოა, რომ, 1995 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიაზე, ისიც გარკვეულ რაიონებში, საგანგებო მდგომარეობა რამდენჯერმე გამოცხადდა. პირველად ეს მოხდა 1998 წლის მაისში სამეგრელოს რაიონში, როდესაც გალის ტერიტორიაზე აფხაზეთის საექსპედიციო ნაწილებმა, პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, სადამსჯელო ოპერაციები განახორციელეს. იგივე განმეორდა იმავე წლის ოქტომბერში იმერეთის მხარეში პოლკოვნიკ აკაკი ელიავას მიერ მოწყობილი სამხედრო ამბოხის გამო. სხვათა შორის, სამხედრო მდგომარეობა დღემდე არსებობს კოდორისა და პანკისის ხეობებში. პირველში მთელ ძალაუფლებას კოდორის ხეობის ოპერატიული მიმართულების ხელმძღვანელობა, ანუ თავდაცვის სამინისტრო, ახორციელებს, მეორეში - შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ შემთხვევაში პარლამენტს ამ გადაწყვეტილებათა რატიფიცირება არ მოუხდენია.

შესაბამისად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს, არ არის გამორიცხული, რომ, ქვეყანაში მასობრივი არეულობის თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება კვლავაც ერთპიროვნულად მიიღოს. მაგრამ ოპოზიციის წევრები ვერ ხედავენ ვერანაირ საფუძველს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადადგას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე კემულარიას თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ გააგრძელებს ისეთივე მშვიდობიანი ფორმით, როგორც ეს 3 ივნისს პარლამენტის წინ მოხდა.

[კოტე კემულარიას ხმა] "ჩვენი მხრიდან გამორიცხულია, რომ ხელსუფლებას ამის ფუფუნება მივანიჭოთ. ისინი ოცნებობენ ამაზე, მაგრამ გუშინ ერთი ტოტი არ მოტეხილა და ერთი ჭიქა არ გატეხილა, ამ საშინელი დესტაბილიზაციის მოლოდინშ რომ იყო ხელისუფლება. ეს იყო კონსტიტუციური მანიფესტაცია, სადაც ადამიანები ერთი მიზნით იყვნენ შეკრებილი - გადაერჩინათ დემოკრატია, რომ ნორმალური საარჩევნო კოდექსი და სამართლიანი არჩევნების პირობები შექმნილიყო საქართველოში. ამიტომ არანაირი პრობლემა ჩვენი მხრიდან არ შეიქმნება საქართველოში."


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის რადიკალიზმი და ხელისუფლების უკომპრომისობა საქართველოში 12 წლის წინ ძმათამკვლელ ომსა და ხანგრძლივ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა. შესაბამისად, თუ არ მოხერხდა ურთიერთგაგება დაპირისპირებულ ძალებს შორის, ძალიან საეჭვოა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ რაიმე შედეგი გამოიღოს.
XS
SM
MD
LG