Accessibility links

logo-print

რა შედეგი მოჰყვა პრეზიდენტ ბუშის დიპლომატიურ მისიას ახლო აღმოსავლეთში?


ანდრო ეული, პრაღა ახლო აღმოსავლეთში თავისი პირველი დიპლომატიური მისიით სტუმრობისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრაელისა და პალესტინელებისაგან მიიღო სიტყვიერი დაპირება,

რომ მხარეები შეასრულებენ "გზამკვლევის" სახელით ცნობილი ახალი სამშვიდობო გეგმის პირობებს. ხოლო არაბული ქვეყნების ლიდერებმა, ვისაც სამშაბათს შეხვდა იგი სამიტზე, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში, ჯორჯ ბუშს აღუთქვეს, რომ ყოველგვარ დახმარებას შეუწყვეტენ ტერორისტულ დაჯგუფებებს და მხარს დაუჭერენ ხსენებული სამშვიდობო გეგმას.


იორდანიის ქალაქ აქაბაში ოთხშაბათს გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ჯორჯ ბუშთან, რომელსაც იორდანიის მეფე აბდულა მეორე მასპინძლობდა, პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ თავის თანამემამულეებს მოუწოდა - შეწყვიტონ "ინტიფადა", ანუ შეიარაღებული აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ. ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს, პალესტინელთა ტერიტორიებზე უკანონოდ აშენებულ ებრაულ დასახლებათა დემონტაჟი. "ეს კარგი დასაწყისია" - თქვა ჯორჯ ბუშმა არიელ შარონთან და მაჰმუდ აბასთან იორდანიაში ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ.

თუმცა იმ დაპირებების გარდა, რაც აქაბაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე გააკეთეს არიელ შარონმა და მაჰმუდ აბასმა, ახალი სამშვიდობო გეგმით, რომელიც ერთობლივად იქნა შემუშავებული შეერთებული შტატები, გაეროს, ევროკავშირისა და რუსეთის მიერ, გათვალისწინებულია სხვა პირობების შესრულებაც.

1988 წელს, პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დაგმო ტერორიზმი, მაგრამ ამით, ისრაელზე თავდასხმები არ შეწყვეტილა. პრეზიდენტმა ბუშმა გასულ წელს ისრაელში მომხდარ აფეთქებათა თანამონაწილეობაში დაადანაშაულა არაფატი და თან დაგმო, როგორც პალესტინელი ხალხის უღირსი ლიდერი. ევროპის ცალკეული ქვეყნები აცხადებენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ დიალოგს არაფატთან.

რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდება არიელ შარონს იმის თაობაზე, ოკუპირებული ტერიტორიის რა ნაწილი უნდა დაუბრუნდეს პლესტინელთა ავტონომიას, რამდენმა ებრაელმა მოსახლემ უნდა დატოვოს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და უნდა გახდეს თუ არა იერუსალიმის ნაწილი პალესტინის მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი.

ხუთშაბათს პრეზიდენტი ბუში ქატარს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ქატარის ემირთან, შეიხ ჰამად ბენ ხალიფ ალ თანისთან, სპარსეთის ყურის ზონაში ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალ ტომი ფრენკსთან და ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პოლ ბრემერთან. მოგვიანებით ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა ქატარში განთავსებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე.
XS
SM
MD
LG