Accessibility links

logo-print

მორიგი პროტესტი ჩეჩნურად?


ხუთშაბათს, 5 ივნისს დილით ჩრდილოეთი ოსეთის ტერიტორიაზე. ქალაქ მოზდოკიდან რამდენიმე კილომეტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა რუსი პილოტებითა და სამოქალაქო პირებით სავსე ავტობუსთან.

სხვადასხვა წყაროებით დაიღუპა 14-16 ადამიანი. არიან მძიმედ დაჭრილებიც. მოზდოკის ახლოს მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და შეფასებებს ნინო გელაშვილი გაგაცნობთ:


ჩრდილოეთი ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ქალი, რომელმაც მოზდოკთან ახლოს ავტობუსთან თავი აიფეთქა, 30 წლამდე იქნებოდა. მას სამედიცინო თეთრი ხალათი ეცვა. აფეთქების შედეგად მისგან არაფერი დარჩა. ჩრდილოეთი ოსეთის მთავრობის მეთაურმა მიხაილ შატალოვმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არ არის დანამდვილებით ცნობილი იყო, თუ არა ახალგაზრდა ქალი ეროვნებით ჩეჩენი.

ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქი მოზდოკი ჩეჩნეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. მოზდოკის ავიაბაზა თავის დროზე კავკასიაში ყველაზე დიდი იყო. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილე სამხრეთის ფედერალურ ოლქში სერგეი ფრიდინსკი აცხადებს, რომ თვითმკვლელ ტერორისტ ქალს მოზდოკის ავიაბაზაზე შეღწევა სურდა. რუსეთის ერთ-ერთი ელექტრონული გამოცემა შენიშნავს: "ფედერალური ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საჰაერო ბაზებს განსაკუთრებით მკაცრად იცავენ, რადგან იციან, თუ როგორ სიძულვილს განიცდიან მეამბოხეები მფრინავების მიმართ, რომლების იქიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე საბრძოლო გაფრენებს ასრულებენ ".

5 ივნისის ტერაქტი ზოგმა რუსეთის პრეზიდენტის ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების გეგმის წინააღმდეგ ჩადენილ აქტად შეაფასა. ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო შენიშნავს აგრეთვე, რომ ეს აფეთქება რუსეთის დუმის მიერ ჩეჩნეთში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე წაკითხვით მიღებას მოჰყვა.

მოზდოკთან თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ კომენტარი ვთხოვე ჩვენს ჩეჩენ კოლეგას ასლან დუკაევს:

[დუკაევის ხმა]
"მე, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს ვერც ჩეჩნეთის რეფერენდუმთან და ვერც პუტინის ეფემერულ გეგმებთან ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების შესახებ. ეს სულ სხვა რიგის მოვლენებია: ახალგაზრდა ქალის მიერ რუს სამხედროებთან ერთად თავის აფეთქებას შეიძლება რაღაც კავშირი კიდეც ქონდეს რეფერენდუმთან, ან მშვიდობის გეგმასთან, მაგრამ ეს არ არის გარკვეული. უფრო სავარაუდოა ის, რომ აქ სულ სხვა სიტუაციაა: სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა ქალმა უბრალოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ომისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის მიწაზე, მის სამშობლოში საშინელ ბოროტებას ჩადიოდნენ. ამ აფეთქებით მან უბრალოდ პროტესტი გამოხატა",

ეს გახლდათ ასლან დუკაევი, "რადიო თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახურის დირექტორი, რომელიც 5 ივნისს მოზდოკში მომხდარი აფეთქების შესახებ მესაუბრა.

დუკაევი მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყდრნობით აცხადებს, რომ ასლან მასხადოვსა და მის თანაგუნდელებს ნაკლებად შეიძლება ქონდეთ კავშირი ბოლო დროს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებთან და მით უმეტეს არ შეიძლება, რომ კოორდინაციას უწევდნენ მათ. ჩემი კოლეგა ამას იმით ასაბუთებს, რომ ასეთი რამის საზღვარგარეთიდან ორგანიზებას სულ ცოტა კავშირის დამყარება სჭირდება, რასაც ასლან მასხადოვი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე პრაქტიკულად ვერ ახერხებს.
XS
SM
MD
LG