Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დასავლეთ საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი 3 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციამ ერთდღიანი ტაიმ-აუტი აიღო და 5 ივნისს უკვე დასავლეთ საქართველოს მიაშურა. პირველი ქალაქი, სადაც "ახალმა მემარჯვენეებმა", "გაერთიანებულმა დემოკრატებმა",

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და სახალხო პარტიამ მოქალაქეებთან შეხვედრა არჩიეს, ქუთაისი გახლდათ. ღია ცის ქვეშ შეკრებას პოლიტიკოსებმა ქალაქის დრამატული თეატრი ამჯობინეს. მინდა ჩემს კოლეგა ნინო ღაჭავასთან ერთად მოგითხროთ, რა მოხდა ხუთშაბათს ქუთაისის პოლიტიკურ სცენაზე.

მთავარი შეტყობინება, ქუთაისის მოქალაქეებს რომ გაუგზავნეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტ შევარდნაძისადმი მათი მკაფიო დამოკიდებულება გახლდათ. თუ ადრე "საქართველო შევარდნაძის გარეშე" მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ლოზუნგი იყო, ახლა ამ პათოსს, სულ ცოტა, ოთხი პოლიტიკური ორგანიზაცია იზიარებს. ამასთან, ყველა ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი, ხავერდოვანი გზით უნდა მოხდეს. ჩემი კოლეგა ნინო ღაჭავა ქუთაისიდან გადმოგვცემს ციტატას მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, ამ ხელისუფლებას და პრეზიდენტს "დემოკრატიული პანღური უნდა ამოვკრათო".

მოქალაქეებთან შეხვედრამ დიდხანს არ გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მსურველი გაცილებით მეტი იყო (დაახლოებით 1500 კაცი), ვიდრე დარბაზს შეეძლო დაეტია, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პოლიტიკოსებმა თეატრი დატოვეს. როგორც ნინო ღაჭავა გადმოგვცემს [ღაჭავას ხმა]: "სხვათა შორის, ხალხსაც და ჟურნალისტებსაც უკმარისობის შეგრძნება დარჩა. კითხვებიც გაუგზავნეს და არ უპასუხეს. წავიდნენ გელათში, სადაც აღმაშენებლის საფლავთან დადეს პირობა, რომ ეს ერთიანობა არ დაირღვევა მანამ, სანამ ამ სამარცხვინო რეჟიმს საქართველოდან არ გაუშვებენ".

ოპოზიციურ გაერთიანებათა ლიდერები თავს არიდებენ იმაზე ლაპარაკს, თუ რა აერთიანებთ, შევარდნაძის დამარცხების სურვილის გარდა. ნინო ღაჭავამ აღნიშნა, რომ შევარდნაძის წასვლას თუ არ ჩავთვლით, ოპოზიციას არც ერთი პრინციპი, პოლიტიკური იდეა თუ ღირებულება არ უხსენებია. მხოლოდ ირწმუნებოდნენ, რომ მათი ერთიანობა არ დაირღვევა მანამ, სანამ არ დაირღვევა არსებული რეჟიმი. ამ მტკიცებათა შემდეგ ახლები, დემოკრატები, ნაციონალები და სახალხოელები, როგორც გითხარით, მოქლაქეებს გაერიდნენ და, პოლიტიკური კიჩი გაითამაშეს.

მართალია, ქუთაისში სტუმრობა უფრო რიტუალური გამოდგა, ოპოზიცია მაინც არ წასულა იქიდან საქმიანი შეტყობინების გარეშე. ნინო ღაჭავა ამბობს, რომ პარტიათა ლიდერების განცხადებით [ღაჭავას ხმა], "ქუთაისში შეიქმნა ამ საერთო-სახალხო მოძრაობის პირველი შტაბი. ხვალ ასეთი შტაბი ზუგდიდში შეიქმნება, შემდეგ - გორში. ეს შტაბები იმუშავებენ კოორდინირებულად შევარნდაძის რეჟიმის დასამხობად".

დაბოლოს, როგორი იყო მასპინძლების რეაქცია? მოქალაქეთა ნაწილში შეხვედრამ ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ბენიძე, პარტიულად ახალი მემარჯვენე, შეხვედრას ესწრებოდა. ქალაქის მერი ნუგზარ ფალიანი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე ახლების მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა სახელისულფლებო ბლოკ "ახალი საქართველოსკენ" იხრება და თეატრში არ გამოჩენილა. რაც შეეხება სამხარეო ხელმძღვანელობას, ანუ რწმუნებულ შაშიაშვილს, მან საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ნინო ღაჭავას თქმით, გააკრიტიკა ხუთშაბათის შეკრება [ღაჭავას ხმა], "და ამ პოლიტიკოსებს უწოდა დამბლადაცემული პოლიტიკოსები. თქვა, მე მათი კი არ მეშინია, არამედ მრცხვენია, ქვეყანაში ასეთი პოლიტიკოსები რომ არიანო. ამ ხალხისგან სიკეთეს არ მოველი, ამ ეტაპზე შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნა მიუღებელია, რადგან ძალიან მალე არჩევნები მოვა და ის ისედაც შეიძლება წავიდესო, - თქვა შაშიაშვილმა".
XS
SM
MD
LG