Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მორიგი გატაცება საქართველოში


5 ივნისის დილას კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფის მორიგი, რიგით მესამე, გატაცება მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილმა ბოროტმოქმედთა დაუდგენელმა

ჯგუფმა 4 უიარაღო დამკვირვებელი - ორი გერმანელი, ერთი დანიელი ოფიცერი და ერთი ქართველი თარჯიმანი - პატრულირების დროს სოფელ გენწვიშთან აიყვანა მძევლად. აღსანიშნავია, რომ გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მორიგი გატაცების ფაქტი დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ჭუბურხინჯში, სადაც გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნებისა და ენგურჰესის აღდგენის საკითხები უნდა განხილულიყო. ამის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო დამკვირვებელთა გატაცებას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ.


დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების და გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მიერ 2 ივნისს დაწყებული ერთობლივი პატრულირება კოდორის ხეობაში მესამე დღეს სკანდალურად დასრულდა. სოფელ გენწვიშში რეიდზე მყოფ შერეულ საპატრულო ჯგუფს თავს დაესხა რვაკაციანი შეიარაღებული რაზმი და მძევლად აიყვანა გაეროს სამხედრო ინსპექტორები. აღსანიშნავია, რომ პატრულირების მომენტში სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად იყვნენ რუსი სამხედროები დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალებიდან. მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაყარეს იარაღი და თავს გაქცევით უშველეს.


საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, კოდორის ხეობაში გამტაცებლებთან მოსალაპარაკებლად დილიდანვე გაეშურა ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი. ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი სახალხო ლაშქრის წარმომადგენლებისა და ქართველი სამართალდამცველების ძალებით გადაკეტილია ხეობის ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი და მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები გამტაცებელთა ვინაობის დასადგენად.

თუმცა, როგორც სამხედრო დამკვირვებელთა გატაცების წინა სამი შემთხვევის დროს მოხდა, რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ გამტაცებლები თავად გამოდიან ხოლმე კავშირზე და, შესაბამისი გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ, მძევლების გაშვებაზე უმტკივნეულოდ თანხმდებიან.

მაგრამ ამაზე საქართველოს ხელისუფლება ხმამაღლა არ ლაპარაკობს. მას გაცილებით ურჩევნია ყველაფერი რაღაც აბსტრაქტულ მტრულ ძალებს დააბრალოს მაშინაც კი, როდესაც არსებობს წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რაზეც ექსპერტების გარდა, რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მიანიშნებდა საქართველოს უშიშროების მინისტრი.

[ ვალერი ხაბურძანიას ხმა] "პრობლემები კოდორში არის. მართლაც, არის იქ გარკვეული პროვოცირების საფრთხე. თუმცა მე ერთი იმედი გამიჩნდა და ზოგადადაც არ მინდ ამ იმედს ხაზი გადავუსვა: საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სოჭში მოლაპარაკების შემდეგ შეიქმნა რაღაც ჯგუფები, რომლებმაც აფხაზეთის თემაზე უნდა იმუშაონ და, თუ აქცენტი აქეთ იქნება მიმართული, მაშინ პროვოკაციებს იქ (კოდორის ხეობაში კ.ლ.) ნიადაგი გამოეცლება."

ნიშანდობლივია, რომ კოდორის ხეობაში 5 ივნისს მომხდარი გატაცება დაემთხვა გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში, დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას, რომლის დროსაც სწორედ სოჭის შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს ზემოხსენებული ინიციატივების შესრულებაზეც უნდა ესაუბრათ. ამ ინიციატივებს კი - კერძოდ, გალში ლტოლვილების დაბრუნებას, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ხაზის ამოქმედებას და ენგურ-ჰესის რეაბილიტაციას - ბევრი მოწინააღმდეგე შეიძლება ჰყავდეს და - არამარტო რუსეთში.

ბოლო ინფორმაციით, გატაცების ადგილზე ნაპოვნია ერთ-ერთი დამკვირვებლის მობილური ტელეფონის აპარატი და რამდენიმე ფურცელი. ეს არის და ეს. ზოგიერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ცნობილი უნდა იყოს გამტაცებელთა ვინაობა, თუმცა ისინი ჯერჯერობით არ გამოდიან მოლაპარაკებაზე.

შესაბამისად, არ ვიცით, თუ რა ტაქტიკას აირჩევს საქართველოს ხელისუფლება - გააგრძელებს გამტაცებლებთან მოლაპარაკების პრაქტიკას თუ გაატარებს რადიკალურ ზომებს კოდორის ხეობას შეზრდილი დამნაშავეთა სამყაროს ლიკვიდაციისთვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG