Accessibility links

დაპირისპირებული მხარეები პარლამენტსა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ


4 საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას განაგრძობს, პარლამენტი - მუშაობას. "ახალი მემარჯვენეების", "ნაციონალების", "გაერთიანებული დემოკრატებისა" და

"ტრადიციონალისტების" საპროტესტო განწყობის მიუხედავად ( ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს მხოლოდ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება), ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე არ ფიქრობს, რომ პარლამენტში კრიზისია. ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ნორმალური რიტმით მუშაობს და მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალ, ხაზარაძის თქმით, კომპრომისულ ვარიანტზეც, რომლის განხილვაც უახლოეს ხანებში მოხდება. გახდება თუ არა ეს ვარიანტი დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციათა დაახლოების საფუძველი, ძნელი სათქმელია. ამ მხარეების წარმომადგენლები ხომ ქვეყნისა და საზოგადოების პრობლემებს სხვადასხვაგვარად ხედავენ.


5 ივნისს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს მოუსმინეს. სახელისუფლებო ფრაქციებისა და საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გარემოცვაში, რომელსაც ფრაქციები - "მრეწველები" და "აღორძინება" წარმოადგენს, მას განმარტებები მარტო კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებლების გატაცების მორიგ ფაქტზე არ მოსთხოვეს. ფრაქცია "აღორძინების" წარმომადგენლები სახელმწიფო მინისტრს სთხოვდნენ პასუხს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე, ამტკიცებდნენ რა, რომ ეს არჩევნები იმდენად სერიოზულად გაყალბდა, რომ მოქმედი პარლამენტი ლეგიტიმურად არც კი უნდა მიიჩნეოდეს. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აჭარაში სრული უმრავლესობით გამარჯვებული ძალის წარმომადგენელთა შეკითხვებზე მსჯელობის გავრცობა სახელისუფლებო ფრაქციებმა არ ისურვეს. ალბათ, იმიტომ, რომ სალაპარაკო არ ჰქონდათ, ისევე, როგორც არც "აღორძინებას" აქვს ამ თემაზე სალაპარაკო. ბოლო საპარლამენტო არჩევნები თუ გაყალბდა, ამაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლების ოპოზიციაში გადანაცვლებულ ყოფილ მოქალაქეთა კავშირელებსაც მოეთხოვებათ. თუმცა მათ, სხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან ერთად, მომავალი დემოკრატიული არჩევნებისთვის უკომპრომისო ბრძოლა გადაწყვიტეს: შექმნეს "საკოორდინაციო საბჭო"; ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათხოვნისა და ახალი კომისიის პარიტეტული წესით დაკომპლექტების მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქცია ჩაატარეს, რაც, დასახული მიზნების მიღწევისთვის საყოველთაო-სახალხო მოძრაობის წამოწყების შესახებ შეთანხმებით დაასრულეს და დაიწყეს კიდეც ეს მოძრაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გასვლით. ამ მოძრაობის დაწყებამ ხელისუფლება დესტაბილიზაციის აგორების საშიშროებაზე დააფიქრა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენთან საუბრისას "გაერთიანებული დემოკრატების " წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა თქვა:

[გიგი წერეთლის ხმა] "არა ვარ მომხრე მანიფესტაციებისა. ეს, მართლაც, ყველას მობეზრებული აქვს. მაგრამ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ, როცა ის ვერ წყვეტს საკითხს, საზოგადოება და ადამიანები ეძებენ გამოსავალს. როცა სამი თუ ხუთი ათასი ადამიანი პროცედურულ საკითხებზე გამოხატავს პროტესტს - ეს სახუმარო არ უნდა იყოს. ის შეფასებები, რომელსაც ამასთან დაკავშირებით სახელსუფლებო ძალები იძლევიან, მოიტანს მძიმე შედეგებს. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება - და უკვე გაჩნდა კიდეც - უფრო სერიოზული მოთხოვნები, ვიდრე მოქმედი საარჩევნო კომისიის გაუქმების მოთხოვნა იყო . "

"ბიუჯეტში გარღვევაა, ქვეყანაში - დავალიანება. ბოლო ორი თვის საპენსიო დავალიანება 15 მილიონს უტოლდება. საზოგადოებას ამ პრობლემებზე სჭირდება პასუხის გაცემა. ეს პრობლემები აინტერესებს და არა ის, რომელი პოლიტიკური ძალაა მართალი და რომელი მტყუანი. თუმცა, ამავე დროს, ამჯერად საარჩევნო თემატიკა ყველაზე აქტუალური საკითხია," - ასე ფიქრობს გიგი წერეთელი. ქვეყნისა და საზოგადოების ყველაზე აქტუალურ საკითხსა და დემოკრატიული არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების მიერ წამოწყებულ მოძრაობაზე სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ დღევანდელ მმართველ ძალაში. ვიტალი ხაზარაძის თქმით:

[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " მათი ძირითადი მიზანია პრეზიდენტის ვადაზე ადრე გაშვება დესტაბილიზაციის გამოწვევით, რაც არ დგას ქვეყნის ინტერესში. ამას საზოგადოება აცნობიერებს. ის რომ, პრაქტიკულად, არ გამოეხმაურა ამ მიტინგებს და კონცერტმაც ვერ უზრუნველყო მასზე ხალხის მიზიდვა, ნიშნავს, რომ საზოგადოება საღად მსჯელობს. მას აწუხებს მძიმე სოციალური პირობები ამ ეტაპზე, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე დიდ მნიშვნელობას მაინც სტაბილურობას ანიჭებს, სტაბილურობას! "

მაგრამ სტაბილურობა საბჭოთა პერიოდშიც იყო. საქართველოს დღევანდელ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს სტაბილურობა, რომელიც უკეთესობისკენ მოძრაობას არ გულისხმობს. რამდენიმე თვეში მან ახალი პარლამენტი, ახალი ხელისუფლება უნდა აირჩიოს და უნდა აირჩიოს, ალბათ, ყველაზე რთული არჩევნების პირობებში.
XS
SM
MD
LG