Accessibility links

logo-print

გაერო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში


გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1972 წლიდან აღინიშნება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ეს დღე არც საქართველოში რჩებათ ყურადღების მიღმა, მაგრამ სხვაა პომპეზური

და ხელისუფლების მაამებლური ღონისძიებები (მაგალითად, თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში მწვანეთა პარტიის მიერ ორგანიზებული "მწვანე ფორუმი ახალი საქართველოსათვის") და სულ სხვა - რეალობა. ამ რეალობის მიხედვით, თბილისი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქადაა მიჩნეული.

არის თუ არა თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეს აკაკი ფანჩულიძეს დავუკავშირდით.

[აკაკი ფანჩულიძის ხმა] "თბილისი არ არის ევროპაში ყველაზე ბინძური ქალაქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს."

დედაქალაქის გარემოსდაცვითი პრობლემებიდან ამ დროისათვის ყველაზე მწვავედ სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქალაქიდან გატანისა და მისი სწორი უტილიზაციის პრობლემა დგას. ქალაქსა და ქალაქის გარშემო არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა დაზუსტებულიც კი არ არის, რაზეც სათანადო პასუხისმგებლობა ეკისრებათ თბილისის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
რიგით მეორე გარემოსდაცვით პრობლემად ატმოსფერული დაბინძურება სახელდება, რაც, თავის მხრივ, გაცილებით ძნელად მოსაგვარებელ და კომპლექსურ სირთულედ ითვლება, ვიდრე იმავე ნაგვის გროვებთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ არსებობს, ელემენტარული დაკვირვებებიც ნათელყოფს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. და ეს მაშინ, როცა სამრეწველო-ენერგეტიკული საწარმოების რიცხვი მთლიანად საქართველოში ერთეულებამდეა დასული. აქვე შევნიშნავთ, რომ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ზესტაფონი ყოფილ საბჭოთა კავშირში ატმოსფერული ჰაერით ყველაზე დაბინძურებული ქალაქების რიცხვში შედიოდა. დღეისათვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოტრანსპორტი წარმოადგენს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა თბილისში, სადაც ქუჩების უმეტესობა ვიწროა და არ შეესაბამება დედაქალაქის გზებზე სატრანსპორტო ნაკადის სიხშირეს, განსაკუთრებით პიკის საათებში. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უხარისხო საწვავი. საქსტანდარტში შემუშავებული ახალი სტანდარტი, რომელიც საკმაოდ ამცირებს და ამკაცრებს კლასიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციას საწვავში, მხოლოდ წელიწად- ნახევრის შემდეგ შევა ძალაში. რაც შეეხება აღურიცხავ კონტრაბანდულ საწვავს:

[აკაკი ფანჩულიძის ხმა] "დიდ დასახლებულ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საწვავით დაბინძურების საკითხი, აი, ზუსტად ამ კონტრაბანდის შემცირებაში უნდა ვეძებოთ, რამეთუ ზუსტად ამ კონტრაბანდით შემოდის ფალსიფიცირებული, დაბალი ოქტანობის საწვავი და, ფაქტობრივად, სერიოზულად დამაბინძურებელი ჩვენი ატმოსფერული ჰაერის."[სტილი დაცულია]

გარემოსდაცვითი პრობლემები საქართველოში პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან და ამიტომ თითოეული ცალ-ცალკე ექვემდებარება განზოგადებას. ავიღოთ, თუნდაც ხე-ტყის გაჩანაგება, სანაპირო ზოლის დაბინძურება, ბრაკონიერობა და სხვა. მაგრამ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ალბათ, მიზანშეწონილია დადებითი ტენდენციებიც უსათუოდ შევნიშნოთ - მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულისა და კოლხეთის ეროვნული პარკების შექმნა.
XS
SM
MD
LG