Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიტიკური პარტიები ემხრობიან ეგრეთწოდებულ "დებაათიფიკაციას", მაგრამ რეჟიმის დაბრუნებისა ეშინიათ


ერაყში მოქმედი აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაცია ჰუსეინის მთავრობის, არმიის და უშიშროების სამსახურის ყოფილ წევრების ამჟამინდელი და მომავალი ხელისუფლებიდან გარიყვის გზა ადგას.

ამ პროცესს, პირობითად, "დებაათიფიკაცია" უწოდეს, რაც ბაათის, ახლა უკვე აკრძალული პარტიის ყოფილი წევრების გამოვლენას გულისხმობს და შედეგად ერაყის ხალხის დარწმუნებას ითვალიწინებს, რომ ჰუსეინის რეჟიმი ვეღარ დაბრუნდება. ერაყში ახლა აქტიურად ამოქმედებული სხვა პარტიები აცხადებენ, რომ "დებაათიფიკაციას" მხარს უჭერენ, მაგრამ შიშობენ, რომ ჰუსეინის რეჟიმის აღსასრული არ დამდგარა.

მაისის თვის დასაწყისში ერაყის სამოქალაქო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა სადამ ჰუსეინის პარტიის ყოფილი წევრებისგან ქვეყნის გაწმენდის გეგმის შესახებ გამოაცხადა.

[ბრემერის ხმა]

"გამოვცემ ერაყის ბაათისტებისგან და ბაათიზმისგან საბოლოო გაწმენდის ზომების შესახებ განკარგულებას. ჩვენ აქტიურად მოვძებნით ამ ხალხს და სამსახურს ჩამოვაცილებთ. ვდევნით და განვაგრძობთ იმ პირების დევნას, ვინც საბოტაჟს უკეთებს ამ ქვეყანას და კოალიციის განზრახვებს."

ბაათის პარტიის წევრობა ერაყში აუცილებელი იყო ყველასთვის, ვისაც საზოგიდოებრივ სამსახურში მოწყობა სურდა. ახლა პარტიის მაღალჩინოსანი წევრები სახელმწიფო სამსახურს და პოლიტიკურ არენას ჩამოაშორეს. პარტიის წევრების ნაწილს კი სასამართლო ელის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ერაყის ბოლო ომის შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ, და რომლებიც სადამ ჰუსეინის დროს ბაათისტების მიერ იყვნენ დევნილი, "დებაათიფიკაციას" ემხრობიან. მაგრამ ამასთან შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ჰუსეინის სახელისუფლო სტრუქტურები კვლავაც მოქმედებს.
აი რას ამბობს ერაყის შიიტური "ისლამური რევოლუციის" გაერთიანების უზენაესი საბჭოს წარმომადგენელი ჰამიდ ალ ბაიათი: [ალ ბაიათის ხმა] "ბაათის პარტია იატაკქვეშეთში გადავიდა. ის შეირაღებულია, ორგანიზებულია. ამასთან აქვს ბევრი ფული, რომელიც რეჟიმის დამხობამდე ბანკებიდან გაიტანეს". ბაიათის თანახმად, ღრმა "დებათიფიკაციაა" საჭირო, რათა ერაყელები დარწმუნდნენ, რომ ეს პარტია ვეღარ შეძლებს დაბრუნებას. მისივე აზრით, პარტიის წევრობა თავისთავად არ არის დანაშაული, რეჟიმი ასობით ერაყელს აძალებდა პარტიაში შესვლას. ბაიათიც თვლის, რომ პოლიტიკური არენა გაწმენდილ უნდა იქნეს ბაათის პარტიის წარმომადგენლებისგან, თვით იმათგანაც, ვისაც საზოგადოების მიმართ დანაშაული არ ჩაუდენია. ერაყის კომუნისტური პარტიაც თავგამოდებით უჭერს მხარს "დებაათიფიკაციას". მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი ადელ ხალედი ბაათის პარტიის ხელმძღვანელობას განგსტერებად მოიხსენიებს და ბრემერის განზრახვას "ძალიან კარგ ნაბიჯად" მიიჩნევს.

ერაყში მცხოვრები მილიონზე მეტი ქრისტიანი ასირიელების წარმომადგენლობაზე აქვს პრეტენზია ასირიელთა დემოკრატიულ მოძრაობას, რომლის ერთ-ერთმა წევრმა შმაელ ბენიამინმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ბაათისტების ხელისუფლებისგან ჩამოშორებას ერაყის პოლიტიკური პარტიები ერთხმად მიესალმებიან.
[ბენიამინის ხმა] "განსაკუთრებით ახლა, ამ გარდამავალ სტადიაში მნიშვნელოვანია, რომ ბაათისტები ხელისუფლებას ჩამოაშორონ, ჩამოაშორონ ყველანაირ სახელისუფლო სტრუქტურას". ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი "დებაათიფიკაციას" ადრის გერმანიის "დენაციფიკაციას" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ბაათის პარტიას ისე ღრმად ჰქონდეს ფესვები გადგმული, რომ მისი ამოძირკვა ქაოსისთვის ხელშეწყობის გარეშე გაძნელდეს. თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმაც თქვა ეს. მან აღნიშნა რა ამ პროცესის აუცილებლობა შორეული პერსპექტივისთვის, არ გამორიცხა იქვე სიძნელეები.

ბაღდადში ჩვენი თანამშრომელი ესაუბრა ბაათის პარტიის ერთ წევრსაც, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა და მხოლოდ აშურად წარუდგა ჟურნალისტებს. აშურმა თქვა, რომ ის და ბევრი სხვა ერაყელი არ არიან დარწმუნებული, რომ სადამ ჰუსეინი მართლაც გაეცალა იქაურობას. სადამის ცხედარი უნდა ვნახო, უნდა დავრწმუნდე, რომ მოკვდა. მაშინ დავიჯერებ, რომ თავისუფალი ვართ და აღარ შემეშინდება. აშური, როცა სტუდენტი იყო, 1998 წელს შევიდა პარტიაში. მისი მონათხრობით, პარტიის აქტივისტებმა მას შინ მიაკითხეს და პარტიაში წევრობა შესთავაზეს, უხსნიდნენ, რომ ეს მას კარიერას და კარგ ხელფასს მოუტანდა. როცა მან უარი უთხრა მოსულებს, პრობლემები შეექმნა სასწავლებელში, ემუქრებოდნენ და აიძულეს ბაათის წევრი გამხდარიყო. მისი თქმით, მის ყველა მეგობარსაც იგივე გადახდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG