Accessibility links

ჰანს ბლიქსის განცხადება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის მოძიებასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა გამოიყენოს ამ კომისიაში შემავალი ექსპერტები იმისთვის, რათა ნათელი მოეფინოს ერაყში

მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის საკითხს.მაგრამ შეერთებული შტატები კვლავაც წინააღმდეგია ხსენებული კომისიის ჩართვისა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის მოძიების საქმეში.


უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ბლიქსმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, განიარაღების საერთაშორისო ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს იქ მასობრივი განადგურების იარაღი. ჰანს ბლიქსმა ამასთანავე წაიკითხა გრძელი სია მასობრივი განადგურების შეიარაღებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვებისა, რაზედაც ერაყის აწ უკვე დამხობილი ხელისუფლებისგან ჰანს ბლიქსს პასუხი არ მიუღია.

უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობას მიზანშეწონილად მიაჩნია განიარაღების საერთაშორისო კომისიის დაბრუნება ერაყში, მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები უარს ამბობენ ამაზე. აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ უარყო გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ თითქოს ვაშინგტონში მტრულად არიან განწყობილნი ბლიქსის პიროვნების მიმართ. ზოგიერთ გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, თითქოს თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იმაში ადანაშაულებენ ბლიქსს, რომ ერაყში სამხედრო ინსპექციების მიმდინარეობის დროს მან არასათანადო სიმტკიცე გამოიჩინა სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიმართ. თუმცა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ აშშ, უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად მაღალ შეფასებას აძლევს ჰანს ბლიქსს, როგორც თავისი საქმის მცოდნესა და გამოცდილ პროფესიონალს.
პრესკონფერენციაზე გაეროში, ნეგროპონტემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლახან შექმნილი საგანგებო ჯგუფის მეშვეობით შეერთებული შტატები ინტენსიური ძალისხმევით შეუდგება ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას [ჯონ ნეგროპონტეს ხმა]: "ჩვენ მოვიძიებთ ინფორმაციის ყველა შესაძლო წყაროს, იქნება ეს დოკუმენტაცია თუ მოწმის დაკითხვა, და მინდა მოთმინებისკენ მოვუწოდო ყველას. ეს პროცესი ახლა დაიწყო. ჩვენ, სტაბილიზაციისა და ერაყში უშიშროების აღდგენის ფაზაში ვიყავით, და ამ მისიის შესრულება არ ყოფილა ადვილი".

ნეგროპონტემ და ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯერემი გრინსტოკმა უშიშროების საბჭოს წევრებს განუცხადეს, რომ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები მოგვიანებით წარუდგენენ უშიშროების საბჭოს საანგარიშო მოხსენებას ერაყში გაწეული საქმიანობის შესახებ. ნეგროპონტემ და
გრინსტოკმა განაცხადეს აგრეთვე, რომ ერაყმა, შეიარაღების გარდა, მრავალგზის დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გასულ ნოემბერს მიღებული 1441-ე რეზოლუცია, როცა განიარაღების საერთაშოორისო ექსპერტებთან სრულსა და უპირობო თანამშრომლობაზე თქვა უარი.

მას შემდეგ, რაც ომი დამთავრდა, ბრიტანეთი იმისკენ იხრება, რომ ერაყის აღდგენის პროცესში გაეროს დაეკისროს წამყვანი როლი, და ამასთანავე ერაყში განიარაღების საერთაშორისო კომისიის დაბრუნებას უჭერს მხარს. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროში, ჯერემი გრინსტოკმა განაცხადა: [ჯერემი გრინსტოკის ხმა]: "მიგვაჩნია, რომ განიარაღების საერთაშორისო კომისიას შეუძლია ვეებერთელა წვლილი შეიტანოს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის საქმეში, და ამ მხრივ კვლავაც გავაგრძელებთ განიარაღების კომისიასთან თანამშრომლობას".

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოთქვა რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდება იმის დამამტკიცებელი სამხილი, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG