Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ახალ გამოწვევათა წინაშე


დავით პაიჭაძე, თბილისი ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს ზუგდიდში წასვლა აქვთ განზრახული. თუმცა უკვე ქუთაისში ყოფნისას გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ასეთ ვოიაჟებს მეტი საფუძველი სჭირდება, ვიდრე ახლა აქვს.

რა აკლია და რას საჭიროებენ ხელისუფლების შეცვლის აქტიურად მოსურნე პოლიტიკური ორგანიზაციები?

დღეს ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები, ანუ ადამიანები, რომლებიც 3 ივნისს ხელიხელგაყრილები მიაბიჯებდნენ რუსთაველის გამზირზე, თავს არიდებენ ერთმანეთთან მომავალ ურთიერთობებზე ლაპარაკს. გასული სამშაბათის გამაფრთხილებელი აქცია, როგორც ჩანს, გაფრთხილებად ექცა მის ინიციატორებსაც. პარტიათა ტკივილები ჯერაც ვერ იქცა მოქალაქეთა პრობლემებად. 3 ივნისსაც პარლამენტის წინ ოპოზიციის თანამგრძნობ მოქალაქეებს თუ არ სჭარბობდნენ, რიცხობრივად არ დაუვარდებოდნენ ორგანიზატორი პარტიების წევრები, აქტივისტები და გარანტირებული მხარდამჭერები. ქუთაისში 5 ივნისის სტუმრობამაც აჩვენა, რომ მოქალაქეებს აინტერესებთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრა, მაგრამ არც ისე, რომ მათმა ჩასვლამ მთელი ქალაქი გამოაცოცხლოს. მეორეც, ჯერჯერობით უკმარი, რომ არა ვთქვათ, ღარიბია ოპოზიციურ პარტიათა რიტორიკა: არა - შევარდნაძეს! პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს! - ოპოზიციამ "დიდი ნახტომი" გააკეთა: ძნელია რეგიონების მოსახლეთა თანაგრძნობა მოიპოვო საარჩევნო კოდექსის ახალი ნორმების მოთხოვნით, ამ პრობლემით ხალხში გასვლა სრული მარცხი იქნებოდა. ამ მარცხის გემო იწვნია "ნაციონალურმა" მოძრაობამ გორში, სადაც შეხლა-შემოხლის გამო საარჩევნო კოდექსი არავის გახსენებია. არადა, გორში სწორედ ამ საკითხზე სამსჯელოდ წავიდნენ. ამიტომაც კოდექსიდან და საარჩევნო კომისიიდან ოპოზიცია პირდაპირ პრეზიდენტს მიადგა.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც შეიძლება ისე გაუფასურდეს, ხეირიანად გავრცელებაც ვერ მოასწროს. ოპოზიციის ერთობლივი აქციების შემყურეთ ბუნებრივად უჩნდებათ კითხვა: კარგი, შევარდნაძე და მისი ხელისუფლება არ გვინდა, მაგრამ თქვენ რას გვთავაზობთ? ამ კითხვას ოპოზიცია არ უპასუხებს. მეტიც, პასუხი არ გააჩნია. კრიტიკა, უარყოფა და შემდგომ დუმილი კი უპასუხო კითხვით აღძრულ სკეპტიციზმს მხოლოდ გააღრმავებს. ცალკეულ ოპოზიციონერთა (უწინარესად, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს) ადრეული ინიციატივები ოპოზიციის გაერთიანების შესახებ ჰაერში ნასრულ სიტყვებად დარჩა. ახლა პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში პოპულარობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად მხოლოდ საპროტესტო განწყობაზე აპელირება საკმარისი არ იქნება. ცხადია, ოპოზიციურ პარტიათა ურთიერთქმედების ერთი ეტაპი ნამდვილად გულისხმობს მათი მთავარი წადილის - მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლის უშუალოდ გაცნობას ყველა რეგიონის მოქალაქეთათვის, მაგრამ ეს ეტაპი მალე ჩაივლის და პარტიები ახალი გამოწვევის წინაშე დადგებიან. ახალმა ამოცანებმა მათ შეიძლება უკარნახოს ნაბიჯი, რომლის გადადგმა ყოველ მათგანს უჭირდა: ხელისუფლება კონსოლიდირდება შევარდნაძის გარშემო, ოპოზიციას ასეთი ფიგურა არ ჰყავს და, ჩანს, არც ეყოლება. ოპოზიციამ უნდა მიაგნოს ალტერნატიულ შემკრებ ღირებულებას, თორემ მხოლოდ ლაპარაკი, რომ შევარდნაძე დისკრედიტებულია და ხმას არ მისცემენ, ვერავის განაწყობს ხელისუფლების კონკრეტულ ოპონენტთა სასარგებლოდ.
XS
SM
MD
LG