Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეწინააღმდეგებიან დევნილები აფხაზეთში დაბრუნების პროცესის დაწყებას


5 ივნისს აფხაზეთიდან დევნილთა საკოორდინაციო საბჭომ ენგურის ხიდისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა.

დევნილები ჩინოვნიკებისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ რუსი მშვიდობისმყოფელების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, გალის რაიონის 8 სოფელში ქართული მოსახლეობის დაბრუნების პროცესი უნდა დაეწყოთ.

დევნილთა საპროტესტო აქცია კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაჩრდილა და ენგურის ხიდთან შეკრებილი მოპიკეტეებიც იძულებულნი გახდნენ გზა გაეხსნათ გაეროს გატაცებულ დამკვირვებელთა მოსაძებნად მიმავალი ემზარ კვიციანისთვის. მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად საკოორდინაციო საბჭომ საპროტესტო აქციის დროებით შეჩერება გადაწყვიტა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც არაფერი იცოდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების გეგმის შესახებ.

ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ენგურის ხიდზე შეწყვეტილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვახტანგ გამსახურდია გალის რაიონში დევნილების დაბრუნების რუსულ გეგმას ასე აღწერს:
[ვახტანგ გამსახურდიას ხმა] „ჩვენთან საკოორდინაციო შტაბში მოვიდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და მოიტანეს რაღაც პროექტი, რომელიც შეიცავს გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნებას. და იქ იყო ნაჩვენები სია დაახლოებით 8 სოფლის. რუსებმა განაცხადეს, თქვენმა პრეზიდენტმა მოიწონა ჩვენი გააქტიურება და ჩვენ ვცდილობთო დავაბრუნოთ დევნილები."

რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ეფტეევი დევნილთა საკოორდინაციო შტაბისგან დევნილთა დაბრუნების პროცესში დახმარებას ითხოვდა. თუმცა შტაბმა ამ შემოთავაზებას საპროტესტო აქციით უპასუხა.
მოპიკეტეებს შეხვდა საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, რომელიც ჭუბურხინჯში ოთხმხრივი კომისიის სხდომაზე მიემგზავრებოდა. დევნილების ინფორმაცია მისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. 6 ივნისს ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში მალხაზ კაკაბაძემ განაცხადა:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] „მე, რომ არ დაგიმალოთ, დღემდე ვერ გავარკვიე, საიდან მოდის ეს აზრი. კონსულტაციებზე იმის საკითხავად წავედით, თუ რას ფიქრობს რუსული მხარე. დავუსვი მათ ეს კითხვა, მაგრამ არანაირი გეგმა მათ არ აღმოაჩნდათ. ერთი საქმეა, რომ, ვთქვათ, მე არ ვიცოდი და შეთანხმებული არ იყო და... მეორე საქმეა ის, რომ რუსებმაც არ იცოდნენ."

იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ დევნილთა დაბრუნების დაწყება რუსეთის სამშვიდობო ძალების ცალკეული ჩინოვნიკის ინიციატივა იყოს. სარდალმა ეფტეევმა ასეთი მოულოდნელი ინიციატივა გამოიჩინა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ზუგდიდის მერს სამშვიდობო ძალების გაყვანის გეგმა გააცნო.

თუმცა აფხაზეთიდან დევნილთათვის ინიციატივის ავტორის ვინაობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; ისინი ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ, საკუთარ სახლებში თუ რა უფლებებით დაბრუნდებიან. ვახტანგ გამსახურდიას თქმით:

[გამსახურდიას ხმა] „მე მგონი, იქ ახლაც დაბრუნებულია ნახევარზე მეტი გალელი მოსახლეობიდან და მეც შემიძლია წავიდე და ჩემს სახლში ვიყო, მაგრამ ეს ნიშნავს განა დაბრუნებას? არა მგონია, რომ ეს ნიშნავდეს დაბრუნებას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი და არ ვეკუთვნით იმ ძალას რომელიც ამბობს, მხოლოდ იარაღით და ომით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთიო. მაგრამ ეს მშვიდობიანი დაბრუნება არ უნდა მოხდეს ჩემი ქართველობის ხარჯზე."
XS
SM
MD
LG