Accessibility links

logo-print

ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა ტრადიციისამებრ


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა ტრადიციისამებრ

მეათე სტუდიაში გეპატიჟებით, ოღონდ ტრადიციას შინაარსობრივად დავარღვევთ: თუ ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის წინა გამოშვებებში ვცდილობდით, თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვეთავაზებინა, ამჯერად, "მეათე სტუდიის" 490-ე გამოშვებაში ერთადერთ თემაზე ვისაუბრებთ. ეს გახლავთ ჩვენი რადიოს, რადიო "თავისუფლების" დაარსების 50-წლიანი იუბილე, რომელიც ამ დღეებში აქ, პრაღაში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით, მათ შორის საგანგებო კონფერენციით. დღეს მოგასმენინებთ საუბარს კონფერენციის ორ მონაწილესთან, ლევან ბერძენიშვილთან და დავით უსუფაშვილთან და განმეორებით შემოგთავაზებთ საგანგებო პროგრამას, რომელიც წლეულს, 18 მარტს მივუძღვენით რადიო "თავისუფლების" პირველი ქართული გადაცემის ეთერში გასვლის 50-ე წლისთავს. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]
რეპორტაჟი რადიო თავისუფლების 50-ე წლისთავზე
თამარ ჩიქოვანი, პრაღა

წამყვანი:
"თავისუფლების შესახებ" - ასე ეწოდებოდა რადიო თავისუფლების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც 6 ივნისს პრაღაში, "რადიო თავისუფლება-რადიო თავისუფალი ევროპის" შტაბ-ბინაში გაიმართა. რადიოს პრეზიდენტის ტომას დაინის შეთავაზებით, სადღესასწაულო თარიღი არა მიღწეულ წარმატებებზე საუბრისთვის, არამედ მომავალი 50 წლის მიზნებზე სადისკუდიოდ იყო გამოყენებული. კონფერენციას ესწრებოდა თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი:
რამდენიმე ფაქტი რადიო თავისუფლების ისტორიიდან - თავდაპირველად რადიოსადგურის სახელი "განთავისუფლება" გახლდათ. პირველად მაუწყებლობა რუსულ ენაზე დაიწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის. დღეს რადიო თავისუფლება 34 ენაზე მაუწყებლობს. მის გადაცემების რეტრანსლიაცია 34 ქვეყნის 260 პარტნიორი რადიოს მეშვეობითაც ხდება.

"საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ბევრი კითხულობდა, რაღაA საჭიროა რადიო "თავისუფლებაო". თუმცა ახლა იმ მოვლენიდან ათ წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ ნათელია, რომ საბჭოთა რეჟიმის კი გადავარდა, მაგრამ იმ რეჟიმისთვის დამახასიათებელი ბევრი რამ წარსულში არ დარჩა" - განაცხადა კონფერენციის გახსნაზე რადიო "თავისუფლების" პრეზიდენტმა ტომას დაინმა, რომელმაც მაგალითისთვის მოიყვანა ფრიდომ ჰაუსის 2003 წლის მოხსენება, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრესის თავისუფლების ხარისხის შესახებ. შედეგი საკმაოდ დამაფიქრებელია - დსთ-ის წევრი 12 ქვეყნიდან 11-ში პრესის თავისუფლება არ არსებობს. სასიამოვნო ის აღმოჩნდა, რომ ფრიდომ ჰაუსის გამოკვლევით, დსთ-ის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს, საქართველოა.

კონფერენციის მომხსენებლები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები იყვნენ ისევე, როგორც აბსულუტურად განსხვავებულია რადიო "თავისუფლების" მრავალმილიონიანი აუდიტორია. განსხვავებულია იმ ქვეყნების მდგომარეობაც, სადაც რადიო "თავისუფლება" მაუწყებლობს. თუ, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ იუშენკოს დამაფიქრებელი მონაცემები მოყავს, რომ უკრაინელთა 56% ფიქრობს, რომ უკრაინაში კარგა ხანს არ ჩატარდება ღია და დემოკრატიული არჩევნები. 52 პროცენტი კი ფიქრობს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის.

"ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები უკეთესნი კი გავხდით, მაგრამ იმპერიულ აზროვნებაზე უარი ჯერაც არ გვითქვამს" - განაცხადა კონფერენციის სტუმარმა, ჰელსინკის ჯგუფის მოსკოვის განყოფილების ვეტერანმა, ადამიანის უფლებების ცნობილმა დამცველმა ლუდმილა ალექსეევამ, რასაც არ ეთანხმება რუსეთის პარლამენტის ყოფილი სპიკერი რუსლან ხაზბულატოვი, რომლის განცხადებითაც, ის, რაც ჩეჩნეთში ხდება, ყოველგვარ საუბარს რუსეთის დემოკრატიზაციის თაობაზე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"თუ ჩეჩნეთს რუსეთისგან დამოუკიდებლობის მიღწევა სურს, ბელორუსი პირიქით, რუსეთის საფარქვეშ აღმოჩენას ცდილობს, რასაც რუსეთი ყოველმხრივ უწყობს ხელს" _ განაცხადა ბელოვეჟის ხელშეკრულების ერთერთმა სულისჩამდგმელმა სტანისლავ შუშკევიჩმა, რომლის განცხადებითაც, თავის დროზე დემოკრატიულად არჩეულმა ლუკაშენკომ ქვეყნის პერსპექტივას კარგა ხნით გადაუსვა ხაზი.

სამაგიეროდ, პერსპექტივასთან დაკავშირებით, ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი კონფერენციის საპატიო სტუმარი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცირილ სვაბოდა. მისი განცხადებით, მომავალ კვირას საერთო სახალხო რეფერენდუმზე ჩეხეთის მოქალაქეებს ერთ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, უჭერენ თუ არა მხარს ჩეხეთის ევროგაერთიანებაში შესვლას. სვაბოდა დარწმუნებულია, რომ პასუხი დადეგითი იქნება.

[მუსიკა]

წამყვანი:
რადიო "თავისუფლების" 50-წლიანი იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომლის შესახებ თამარ ჩიქოვანმა მოგითხროთ, მოხსენებებით გამოვიდა კონფერენციის ორი ქართველი მონაწილე - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ლევან ბერძენიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, დავით უსუფაშვილი. კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს, ისინი მეათე სტუდიაში გვესტუმრნენ. საუბარი დაიწყო ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც, მისივე თქმით, 35 წელია უსმენს რადიო "თავისუფლებას".

[იხ. აუდიო ვერსია]

წამყვანი:
პრაღაში "მეათე სტუდიის" სტუმრები იყვნენ დავით უსუფაშვილი და ლევან ბერძენიშვილი.

რადიო "თავისუფლებისათვის" ამ საზეიმო დღეებში განწყობილება არც ისე სადღესასწაულოა, როგორც ვიმედოვნებდით. ქართული რედაქციის დირექტორის, გულნარა პატარიძის გარდაცვალებამ ძალიან დაგვამწუხრა ყველა, ვისაც მისი გაცნობის, მითუმეტეს მასთან მუშაობის პატივი გვხდომია წილად. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ქალბატონ გულიკოს - განმეორებით შემოგთავაზებთ მიმდინარე წლის 18 მარტს მომზადებულ საგანგებო პროგრამას. მისი ავტორია ბიძინა რამიშვილი.

[იხ. აუდიო ვერსია]

წამყვანი:
თქვენ განმეორებით მოისმინეთ ამა წლის 18 მარტის პროგრამა, რომელიც ბიძინა რამიშვილმა მოამზადა რადიო "თავისუფლების" პირველი ქართული გადაცემის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით. მისი თანამოსაუბრე იყო ჩვენი რედაქციის დირექტორი, აწგანსვენებული გულნარა პატარიძე. ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია" და მასთან ერთად რადიო "თავისუფლების" დღევანდელი გადაცემა დასრულდა.

ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება"

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG