Accessibility links

სერბი პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოითხოვენ


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის მხრიდან ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, სერბია და ჩერნოგორია გასულ წელს დათანხმდნენ თავისუფალ, საერთო კავშირში გაერთიანებაზე, და ჩერნოგორიის ლიდერებმა თაროზე შემოდეს დროებით,

თავიანთი რესპუბლიკის სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადების გეგმა. ახლა კვლავ გაისმა მოწოდებები გაყოფის შესახებ, და ამჯერად, ზოგიერთი სერბი პოლიტიკოსის მხრიდან, რამაც, როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, შესაძლოა შეაფერხოს სამომავლოდ, ევროკავშირში სერბიისა და ჩერნოგორიის გაწევრიანება.


ევროკავშირი ცხადებს, რომ სერბია და ჩერნოგორია მხოლოდ ერთად შეიძლება იქნენ მიღებული ამ კავშირში, მაგრამ სერბიის დამოუკიდებლობის მომხრენი ამბობენ, რომ ერთობლივი სახელმწიფო უბრალოდ არ ფუნქციონირებს. გაყოფა აუცილებელია, და ორივე რესპუბლიკის ინტერესებს მოემსახურებაო, აღნიშნავენ დამოუკიდებლობის მომხრე სერბი პოლიტიკოსები.

სერბიის ეროვნული ბანკის მმართველი მლადიან დინკიჩი ამბობს, რომ ურთიერთობათა ჰარმონიზება
სერბიასა და ჩერნოგორიას შორის იმ დროს, როცა თვითეულ რესპუბლიკაში საკუთარი ბაზარი, ცენტრალური ბანკი, საგადასახადო და საბაჟო სისტემა
ფუნქციონირებს, "შეუძლებელი მისიაა". და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, შენიშნავს დინკიჩი, ის სამწლიანი პერიოდი, რაც საკავშირო შეთანხმებითაა დადგენილი, რომლის შემდეგაც თვითეულ რესპუბლიკას მიეცემა უფლება დამოუკიდებლობის გზა აირჩიოს, უბრალოდ "დროის დაკარგვაა" და სხვა არაფერი.

დინკიჩი არის თავმჯდომარის მოადგილე "ჯი-17 პლიუსის" სახელით ცნობილი ოპოზიციური პარტიისა, რომელმაც სულ ახლახან, დამოუკიდებლობის იდეას დაუჭირა მხარი. ესაა შედარებით ახალი პოლიტიკური პარტია, რომელშიც საყოველთაოდ ცნობილი ეკონომისტები არიან უმეტესწილად წარმოდგენილი.

მიროლიუბ ლაბუსმა, რომელიც პარტია "ჯი-17 პლიუსს" თავმჯდომარეობს და ყოფილი იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც იყო თავის დროზე, სხვებთან ერთად ხელი მოაწერა ბელგრადში შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც სერბია და ჩერნოგორია, ამ წლის დასაწყისში, თავისუფალ კავშირში გაერთიანდნენ. ლაბუსს მიაჩნია, რომ ხსენებული კავშირი მხოლოდ თუ დააყოვნებს სერბიის გაწევრიანებას ევროკავშირში [მიროლიუბ ლაბუსის ხმა]: "ევროკავშირი მოითხოვს ორი პირობის შესრულებას, რაც ცხადია, ერთდროულად ვერ მოხდება. ჯერ ერთი, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პროცესი, ხოლო ჩვენი თავისუფალი კავშირი, ამასობაში, ქმედითუნარიანი უნდა იყოს. ვინაიდან კავშირი არ ფუნქციონირებს, უნებლიედ იბადება კითხვა - არის კია რეალისტური ამგვარი პოლიტიკა?"

რაც შეეხება ჩერნოგორიას, ეს რესპუბლიკა იმთავითვე მოითხოვდა დამოუკიდებლობას, კარგა ხნით ადრე, ვიდრე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის, ხავიერ სოლანას შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული სერბია ჩერნოგორიის თავისუფალი კავშირის დაარსების შესახებ.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, სერბიის დამოუკიდებლობის ინიციატივით ამ რესპუბლიკის რამდენიმე მომოცრო პარტია გამოვიდა შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად. რაც შეეხება სერბიის მოსახლეობას, იგი ორადაა გაყოფილი. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 48 პროცენტი, ჩერნოგორიასთან ერთიან სახელმწიფოში დარჩენის მომხრეა, ხოლო 41 პროცენტი, სერბიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და დარწმუნებულია იმაში, რომ ამ ორ რესპუბლიკას შორის შეუძლებელია ურთიერთობათა გაუმჯობა.
XS
SM
MD
LG