Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კმარა ეს ხელისუფლება, კმარა ეს მთავრობა!"


"კმარა ეს ხელისუფლება, კმარა ეს მთავრობა!"

- ეს მოწოდებები გასული კვირის დასაწყისში ჯერ პარლამენტის შენობის წინ, შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის ეზოში გაისმა. დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის მიღებისთვის, ანუ სახელისუფლებო ფრაქციებზე ქუჩიდან ზეწოლისთვის, ოპოზიციის "საკოორდინაციო საბჭოში"გაერთიანებული პარტიების და მათი ლიდერების მოწოდებას სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანი აჰყვა.
რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა, პარლამენტის შენობის წინ დაწყებული მიტინგი საპროტესტო კონცერტშიც გადაიზარდა. ეს 3 ივნისს, სამშაბათს, მოხდა. მომხდარის შედეგები კი შემდეგნაირად უნდა განვიხილოთ. პირველი: საპროტესტო მანიფესტაციამ ვერ გაჭრა და სახელისუფლებო ფრაქციები არ დასთანხმდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ისეთ მოდელს, როგორსაც 4 ოპოზიციური ფრაქცია: " გაერთიანებული დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები", "ნაციონალები" და "ტრადიციონალისტები" მოითხოვდნენ და მოითხოვენ - ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტის წესით დაკომპლექტების მოდელი. მეორე: თავის მხრივ, პრეზიდენტმაც სცადა დაემტკიცებინა, რომ ის არც ცალკეული პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების ქუჩაში გამოსვლას დაუფრთხია და არც მისი ხელისუფლების წინააღმდეგ საყოველთაო სახალხო მოძრაობის გაშლის შესახებ ამ პოლიტიკოსების შეთანხმებას. "ხალხს ქუჩაში გამოსვლა, ქაოსი და მანიფესტაციები მობეზრებული აქვს," - თქვა მან 3 ივნისის მანიფესტაციის კომენტირებისას და მაინც, თითქოსდა ყოველი შემთხვევისთვის, შესაბამის უწყებებს რუსთაველის პროსპექტზე ჩატარებული საპროტესტო მიტინგის კანონიერების შესწავლა დაავალა. მოკლედ, 3 ივნისის მანიფესტაციამ, ხელისუფლებაზე ზეწოლის თვალსაზრისით, ვერ გაამართლა, თუმცა შედეგი სხვა მიმართულებით აჩვენა. ქუჩაში გასული ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები, რომლებმაც, რიგი საკითხებისადმი ერთგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მომავალ არჩევნებში ერთად გამოსვლის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, პირადი და პარტიული ამბიციების გვერდზე გადადების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, ცოტა არ იყოს, ფრთხილი ტონით, მაგრამ მაინც.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ჩვენ შევეცდებით ერთმანეთში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება იყოს გადადებული მეორე პლანზე, ასევე, ის ამბიციები, რომლებიც ხელს უშლის ქართულ პოლიტიკაში ერთიანობის მიღწევას. დღეს არ გვაქვს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამის დრო."


დრო ახალი თაობის პოლიტიკოსებს გაერთიანებას უკარნახებს - "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი გიორგი ბარამიძე, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა. მაგრამ დრო და საზოგადოება პარლამენტში 1999 წლის არჩევნებით მოსულ პოლიტიკოსებს სხვა მოთხოვნებსაც უყენებს. გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო მინისტრი ეწვია და ქვეყნის უმთავრეს პრობლემასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადა:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] " 2002 წლის ბიუჯეტზე კარგა ხანია ლაპარაკობენ - მანდ ობიექტური მიზეზები იყო თანხების მოცულობის შეუსრულებლობისა. პირველი -გრანტებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებრივ წესრიგს ეხებოდა და ადამიანების გატაცებების გამო შეწყვეტას, მეორე - მოუწესრიგებელი ურთიერთობა ცენტრსა და აჭარას შორის. ყველაფერმა ერთად შექმნა 100 მილიონიანი გარღვევა." [სტილი დაცულია]

ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ბიუჯეტში წარმოქმნილი გარღვევის გამო სახელმწიფო მინისტრისა და პარლამენტში გამოცხადებული მთავრობის სხვა წევრებისთვის პასუხი მკაცრად არ მოუთხოვიათ. ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემის ირგვლივ მსჯელობა იქ არასერიოზულ გარემოში, ნახევრად ცარიელ დარბაზში, წარიმართა. ამის მიზეზი დეპუტატმა დემურ გიორხელიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვაგვარად დაინახეს.

[დემურ გიორხელიძის ხმა] " ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იხილება არასერიოზულ გარემოში. იმ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ, უდიდესი სამსახური გაუწიეს ადამიანებს, რომლებიც მთლიანად არიან პასუხისმგებელნი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციაზე. მე მიმაჩნია, რომ ის მიტინგი იმიტომ დაიგეგმა, რომ ასე გადატარებულიყო უდიდესი მნიშვნელობის საკითხი. მე მიმაჩნია ეს დაცინვად."

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "წარმოუდგენელი რამე ხდება, მართლაც, დარბაზში, უნდა ვაღიარო. მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციური ფრაქციები იყვნენ მართლები. მე წუხელ დიდხანს ვცდილობდი მათ დაყოლიებას დასწრებოდნენ ბიუჯეტის საკითხის განხილვას, მაგრამ ამიხსნეს, რომ აზრი არ ექნებოდა ამ განხილვას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო. რომ ისინი იყვნენ მართლები. "

გასულ კვირაში პოლიტიკოსებმა მთელი მონდომებით სცადეს საზოგადოებისთვის აეხსნათ, ვინ არის მათ შორის მტყუანი და ვინ - მართალი და სცადეს ეს არამარტო მათ.

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] "პრეზიდენტს რომ ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. მაპატიეთ, მაგრამ რაც ახლა ხდება და რის გაკეთებასაც აპირებენ, ეს თუ არ იქნა ჩაყენებული ჩარჩოებში, ჩვენი აკადემიაც და ჩვენი მეცნიერებაც დაიკარგება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ახლა ქალბატონმა მარიკამ სწორად თქვა, რომ ამისთანა დემოკრატია არ გვინდა, თუ დღე და ღამე გვლანძღავენ. ახლა, მე რომ მლანძღავენ, ისეთი უნდა, მაგრამ ცოტა ხანი უნდა მოვითმინოთ და თვით ბუნება, ხალხის დამოკიდებულება შეცვლის ყველაფერს. "

ასეთი დიალოგი მარიამ ლორთქიფანიძესა და ედუარდ შევარდნაძეს შორის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა. იქაურობას პრეზიდენტი პარასკევს ეწვია და არა მარტო მეცნიერების გასაჭირის გასარკვევად, იმის სათქმელადაც რომ

[ედუარდ შევარდნაძის ხმა} "პირველი ევროპელი სწორედ საქართველოში გამოჩნდა, დაიბადა ან მოკვდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა არავინ არ გვზღუდავს იმაში, რომ ისიც, რასაც მივაღწიეთ საუკუნეების განმავლობაში, გავხადოთ მსოფლიოს საკუთრებად. რა აინტერესებს, რისთვის მოდის აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ხარჯავს ყოველწლიურად 77 მილიონ დოლარს იმისათვის, რომ საქართველოს არმია მომძლავრდეს და საქართველო გახდეს ნატოს წევრი, რა აინტერესებს? - საქართველოს გაძლიერება, მისი აღჭურვა მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. "

ასეთი იყო განმარტება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებით. მაგრამ რა აინტერესებთ და რა აწუხებთ საქართველოს მეცნიერებს, რომლებმაც, მათდამი სახელმწიფოსა და ხელისუფლების სრული უყურადღებობის მიუხედავად, პრეზიდენტს მაინც მადლობა მოახსენეს იმის გამო, რომ გამონახა დრო მათთან შესახვედრად?

[მეცნიერების ხმები] "ერთი ჩვენი ინსტიტუტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სახელფასო ბიუჯეტი უდრის ერთი საშუალო ევროპელი პროფესორის ხელფასს და ასეთი პროფესორი ჩვენთან არის ოცზე მეტი."

"აკადემია ასე ვერ იმუშავებს. ამიტომ ამბობენ, რომ ამხელა აკადემია არ გვჭირდება. როგორც ჩანს, არც დიდი გვჭირდება და არც პატარა, სულ არ გვჭირდება."

იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია სჭირდება, "მეცნიერებათა აკადემიაში" პრეზიდენტის ვიზიტის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი 23 ლარის ოდენობის პრემიით დააჯილდოვეს.
აი, ასე აფასებენ მეცნიერებს სახელმწიფოში, რომლის გაძლიერებაც პრეზიდენტის სიტყვებით, "ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს". ამ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ მიიპყრო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ადამიანთა გატაცების მორიგი სამარცხვინო ფაქტის გამო. კოდორის ხეობაში გატაცებულ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს, ხუთშაბათიდან მოყოლებული, კოდორის ხეობის სახალხო რაზმი ეძებდა. და ამ რაზმის მეთაურს, პრეზიდენტის რწმუნებულ ემზარ კვიციანს, გატაცებულთა ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 2000 ლარი ჰქონდა დაწესებული.
რა მოხდა კოდორის ხეობაში, ვინ და რატომ გაიტაცა იქ გაეროს სამხედრო დამკვირვებლები, ან რატომ არ გაუწიეს გატაცებისას კრიმინალებს წინააღმდეგობა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ? ამ შეკითხვებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა ასე უპასუხა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. აქ ანგარებასაც ექნება ადგილი, მაგრამ ამის უკან, გარდა ანგარებისა, ადგილი აქვს ძალინ სერიოზულ პროვოკაციას." [სტილი დაცულია]

თემა, თუ რამდენად სერიოზულ პროვოკაციებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი საქართველოში, აქტუალურია არამარტო იმიტომ, რომ გარეშე ძალები არიან დაინტერესებულნი ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემების შექმნით. დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და კაცმა არ იცის, მიიღწევა მათ შორის, საერთოდ, რაიმე შეთანხმება თუ არა.
XS
SM
MD
LG