Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სამხედროების მორიგი როტაცია ბალკანეთზე


4 ივნისს თურქების მიერ რეკონსტრუირებული

მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან კოსოვოსკენ ქართველ მშვიდობისმყოფელთა რიგით მერვე ოცეულმა აიღო გეზი. ტრადიციის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კოჯრის სასწავლო ცენტრის ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე თავდაპირველად თურქეთში ჩავა და მხოლოდ ორკვირიანი სპეციალური მომზადების შემდეგ შეცვლის კოსოვოში მყოფ თანამებრძოლებს. მაისის ბოლოს გერმანიიდან კოსოვოში უკვე ჩავიდა კიდევ 140 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც საბრძოლო ამოცანას გერმანულ სექტორში შეასრულებენ. ასე რომ, საქართველო უკვე საკამოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი ევროპის ყველაზე დიდ კონფლიქტში.

წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და ივნისში, საქართველო კოსოვოში საკუთარ ოცეულს გზავნის, რომელიც ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. წელიწადში ორჯერ ქართველ სამხედროებს დიდი პატივით აცილებენ უცხო მიწაზე. კარგად გაწვრთნილი და ყოველმხრივ მოტივირებული ქართველი ჯარისკაცების ხილვით ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ დარჩება გულგრილი.

[პირველი ჯარისკაცის ხმა] "წინასწარ ნამეტანი გავიჭირვეთ ჩვენ, რომ მერე აღარაფერი ყოფილიყო ჩვენთვის გასაკვირი და რაღაც უცნაური: სიცივეც, სისველეც... ახლა ამ აღჭურვილობით, ხომ, რა ვიცი, ჩვენ რაც გამოვიარეთ, ოთხი იმდენი კიდევ გამოვიაროთ..."

ქართველი სამხედროები კოსოვოში განლაგებული სამშვიდობო ძალების(KFOR) შემადგენლობაში 1999 წლიდან მონაწილეობენ და ეს ქართული სამშვიდობო მისია ბალკანეთში აქამდე, ძირითადად, თურქეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ამ დახმარებაში იგულისხმება ქართველი სამხედროების საჰაერო ტრანსპორტირება ყველა როტაციის დროს, ადგილზე მათი სრული სახით კმაყოფა, რაც მხოლოდ სამჯერად კვებაზე ყოველთვიურად 180 დოლარს შეადგენს, სამოსითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი სოფელ მამუშში.

მიუხედავად ამისა, გერმანული პასუხისმგებლობის ზონაში და თურქული ბატალიონის შემადგენლობაში მოქმედი ქართული ოცეული თვითმყოფადი სამხედრო კონტინგენტია და სადაც იგი საბრძოლო მოვალეობას ასრულებს, იქ ქართული დროშაც ფრიალებს.

კოსოვოში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში ქართველი მშვიდობისმყოფელები მონაწილეობდნენ იარაღის ამოღების ოპერაციაში, მოძრავი პოსტების ორგანიზებასა და მაღალი რანგის სახელმწიფო პირების, მათ შორის, თურქეთის ყოფილ პრეზიდენტ სულეიმან დემირელის თანხლებაში. და, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცეული სიდიდით ჯერჯერობით ყველაზე მცირეა, მისი მოღვაწეობა ევროპის ყველაზე კონფლიქტურ ტერიტორიაზე ნატოს სარდლობის მხრიდან არაერთი მადლობითა და სიგელით აღინიშნა.

[მეორე ჯარისკაცის ხმა] "გაწონასწორებული ხდები და თითქოს აღარც არაფერი გაკვირვებს და აღარც არაფერი გაშინებს... მაინც უფრო დიდი სკოლაა, უფრო მეტს სწავლობ და არაფერი გაშინებს აქედან დაბრუნებულ კაცს."


აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და საქართველოს სამხედრო უწყებებს შორის ამა წლის 5 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გადაწყდა, რომ ქართული სამშვიდობო მისია ბალკანეთზე კიდევ უფრო გაფართოვდება და ოცეულს მამუშაში დაემატება ქართული ასეული, რომელიც კოსოვოს ქალაქ პრეზრენში, გერმანული ბრიგადის შტაბში, დაიდებს ბინას.

რაც შეეხება ბალკანეთზე სამშვიდობო მისიის გაფართოების აუცილებლობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი, ამ ფაქტს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას უკავშირებს:

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "ასეული მთლიანად დაკომპლექტებულია საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცებით და ეს წარმოადგენს ბირთვს იმ მომავალი სამშვიდობო ბატალიონისა, რომლის შექმნაც ჩვენ ვივალდებულეთ PARP (ნატოს პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესი - კ.ლ.) პროგრამის თანახმად. ესაა პირველი ასეული. ახლა ყალიბდება ბატალიონის მმართველობა, ივნისში დაიწყება მეორე ასეულის ფორმირება და სექტემბერში ჩამოყალიბდება მესამე სამშვიდობო ასეული.".

ქართული ასეული, რომელიც 24 აპრილიდან იმყოფებოდა შეკრებაზე ჩრდილოეთ გერმანიაში, 20 მაისს უკვე ჩავიდა კოსოვოს ქალაქ პრეზრენში. და მიუხედავად იმისა, რომ ორ ქართულ ქვედანაყოფს სულ რაღაც 50 კილომეტრი აშორებს მეორე ქართული ქვედანაყოფისგან, საბრძოლო ვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ისინი, შესაძლოა, ვერც კი შეხვდნენ ერთმანეთს.

ხოლო ის ფაქტი, რომ კოსოვოში საქართველოს უკვე 180 -კაციანი ქვედანაყოფი ჰყავს და, პარალელურად, წლის ბოლომდე სამშვიდობო ბატალიონის ფორმირებისთვის, სერიოზული ორგანიზაციული ღონისძიებები ტარდება, იმედს იძლევა, რომ შეუსრულებელი "პარტნიორობის მიზნები" საქართველოსთვის ერთით მაინც შემცირდება.

და რაც მთავარია, აღნიშნული ასეული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ კოსოვოში მიღებულ მნიშვნელოვან სამშვიდობო გამოცდილებას საქართველოს კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს მოახმარს. კონტრაქტის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ როტაციის შემდეგ ასეული სამშვიდობო მისიას ცხინვალის ზონაში განლაგებული ქართული ბატალიონის შემადგენლობაში გააგრძელებს. სამხედრო ექსპერტების აზრით, ამით წერტილი უნდა დაესვას იმ პარადოქსულ ვითარებას, როცა ქვეყანა ვერ ახდენდა სამშვიდობო გამოცდილების აკუმულირებას და საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში პროფესიონალი ქართველი მშვიდობისდამცველები მეორეხარისხოვან როლს სჯერდებოდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG