Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის


2 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის

ღამის ეთერში, ე.ი. ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კინორეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ განაცხადა, რომ დიდი კინემატოგრაფისტები თავიანთ ფილმებში მიტინგებსა და მანიფესტაციებს არასდროს ასახავდნენ. ქართველ კინორეჟისორს, ცხადია, არ მოეთხოვება თანამედროვე მსოფლიო კინოს კარგი ცოდნა. თუმცა არ არსებობს ამქვეყნად კინემატოგრაფისტი, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს ისეთი ფილმების შესახებ, როგორიცაა მიქელანჯელო ანტონიონის "ზაბრისკი პოინტი", მილოშ ფორმანის "თმები", ბერნარდო ბერტოლუჩის "რევოლუციის წინ" და კიდევ სხვა მრავალი... არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლება მისი პოლიტიკის მიმართ გამოხატულ ნებისმიერი სახის პროტესტს "დესტაბილიზაციად" ნათლავს ხოლმე... ხოლო პროტესტანტებს - ხან "რუსეთის აგენტებს", ხანაც "რევოლუციონერებს" უწოდებს. მასებზე უფრო ეფექტური ზემოქმედების მიზნით, სახელისუფლო მედია ისტორიულ ანალოგიებს მიმართავს და ძალიან ხშირად აიგივებს, დავუშვათ, საფრანგეთის რევოლუციას ან 1968 წლის სტუდენტურ მოძრაობას - ბოლშევიკურ რევოლუციასთან. პოსტსაბჭოთა ქართულ სივრცეში სიტყვა "რევოლუცია" მოიაზრება როგორც საძაგელი, უკეთური, ავი... რადიკალური ცვლილებების მიმართ შიში გამოიხატება ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, ხელოვნებაშიც, რომლის განვითარებას, მოგეხსენებათ, ყველგან და ყოველთვის "რევოლუციონერი მხატვრების" ნება განსაზღვრავდა ხოლმე. რადიკალური ცვლილებების მიმართ შიში კი გამოიხატა იმაშიც, თუ როგორ გააშუქა მედიამ ერთი კვირის წინ თბილისში დასრულებული ალტერნატიული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "აპენდიქსი 2", კავკასიის კულტურის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული გამოფენა, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოს დედაქალაქის მთელი ტერიტორია მოიცვა: გამოფენები მოეწყო ქარვასლაში, ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში, 9 აპრილის ბაღში. "აპენდიქსი 2"-ის გამართვაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 30-მა მხატვარმა, მათ შორის, ნამდვილმა "არტხულიგნებმა", რომლებიც საზღვარგარეთ, კავკასიის კულტურის განვითარების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო წერეთლის აზრით:

[ვატო წერეთლის ხმა] "ისინი ბუკვალურად ხვდებიან ციხეებში და პოლიციასთან აქვთ საქმე. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ყოფილიყო სენსაციური მომენტი, თუმცა ვიტალური არის ამ მხატვრებში."

"აპენდიქსი 2"-ის ორგანიზატორები და ფესტივალის სტუმრები არავის დაუპატიმრებია. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლება მაინცდამაინც არ დაინტერესებულა, მაგალითად, "აპენდიქსი 2"-ის პროგრამაში ჩართული ჰოლანდიელი მხატვრის იოჰ ვან ლიცჰაუტის გამოფენით, რომელიც 9 აპრილის სახელობის ბაღში მოეწყო... არადა, იმ შვიდ გალიას შორის, რომელიც მხატვარმა თბილისის ბაღში დადგა, ერთ-ერთი სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვეს დამთვალიერებლებმა ლიცჰაუტის მეშვიდე გალია, რომელშიც, გამოფენის კონცეფციის თანახმად, ქართველებმა თავი ჩაიმწყვდიეს. დანარჩენი, ე.ი. პირველი ექვსი გალია, იმ ხალხისთვის დაიდგა, ვინც სხვადასხვა დროს შემოესია საქართველოს. მე-6 გალია - ბოლშევიკებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა აქვე აღინიშნა, რომ ახლო მომავალში რუსებს აქ ამერიკელები შეცვლიან....

"როგორი არაპოლიტკორექტული გამოფენა ყოფილა!" - იფიქრებს ჩვენი რადიომსმენელი, ვიღაც გაღიზიანდება, ვიღაცა - გულს მოიფხანს..…ე.ი. ერთი უბრალო აქცია რაღაცნაირად მაინც იმოქმედებს მაყურებელზე… და იმოქმედებდა კიდეც, "9 აპრილის ბაღში" მოწყობილი ექსპოზიცია ნორმალურად რომ გაშუქებულიყო პრესაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ საქართველოში ალტერნატიული კულტურისთვის არავის სცხელა - ჩვენში დღეს, ძირითადად, ეგრეთ წოდებული "პოპულარული სახეების" ტირაჟირებით არიან გატაცებულნი; ერთი და იგივე ეგრეთ წოდებული "ვარსკვლავი" ვეღარ ასწრებს ერთი ტელეარხიდან მეორეზე "გადანაცვლებას"..… და ახლა უკვე არა მარტო თავის "შემოქმედებით გეგმებზე" გვიამბობს, არამედ იმასაც გვასწავლის, თუ "როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ბინები"… "ცენტრ-პოინტის ელიტარულ სახლებში", რა თქმა უნდა… იმ სახლებში, სადაც შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ერთად იცხოვრებენ. "აპენდიქსი 2"-ის უცხოელი სტუმრები, შესაძლებელია, გაოცებულებიც დარჩნენ; შეიძლება იფიქრეს, რა დროს ელიტარული სახლებია, როცა თქვენს ქვეყანაში აკადემიკოსებიც კი შიმშილობენო.... შეიძლება "ელიტარული სახლების" ბინადართა შემოქმედებითაც დაინტერესდნენ, მერე კი, როცა ამ მომღერლებს მოუსმინეს, არ დაიჯერეს, რომ ისეთ "მუსიკალურ ქვეყანაში", როგორიც საქართველოა, ამ ხალხს ტაშს უკრავენ... შესაძლებელია, სწორედ ასეთ - ერთდროულად, მასობრივ და ელიტარულ -კულტურაზე ჰქონდა "ალერგია" "აპენდიქსი 2"-ის ორგანიზატორს ვატო წერეთელს, როცა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, გამოფენის გახსნაზე, განაცხადა:

[ვატო წერეთლის ხმა] "ერთ-ერთი ასპექტი ჩვენი გამოფენის არის ის, რომ ეს ღონისძიება გადაიქცეს ჩვეულებრივ მოვლენად, გახდეს ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი, - არ გვინდა, რომ იყოს ელიტარული, - როგორც ზოოპარკში, ცირკში მიდის ადამიანი - ე.ი. მისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის..."

მაგრამ "აპენდიქსი 2"-ის ორგანიზატორებს, ეტყობა, დაავიწყდათ, რომ "ელიტარულისა" და "მასობრივ-ჩვეულებრივის" ცნებები საქართველოში ისევეა არეული, როგორც "მემარცხენეობა" და "მემარჯვენეობა"... აქ დღეს მოდაში ისაა, რაც მიუწვდომელია, ძვირია, რაც "მდიდრულია". ერთი რამ ცხადია მხოლოდ: საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებმა ამ გრანდიოზულ აქციას "აპენდიქსი" იმიტომ დაარქვეს, რომ დღევანდელი საქართველო, ისევე როგორც მთელი კავკასია, მართლაც, ჰგავს "ორგანოს", რომლის ფუნქცია ბოლომდე არ არის შესწავლილი, რომელსაც "ამოიჭრი" და შენს სხეულში არაფერი შეიცვლება.… გინდ ყოფილა, გინდ არა.. იმის იმედიღა რჩება, რომ სხეულში ზედმეტი არაფერია და რომ ამ ორგანოს მნიშვნელობა ოდესმე მაინც ცხადი გახდება.

"აპენდიქსი 2"-ის ორგანიზატორები ამაყობენ, რომ მათ არა მარტო დასავლეთის ფონდებიდან მიიღეს დაფინანსება, არამედ ქართველი სპონსორებიც ჩართეს ამ პროექტში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ "ალტერნატიული კულტურით", ეს იმას ნიშნავს, რომ "ახალ ქართველებსაც" ნელ-ნელა ამოსდით ყელში ეს "წვრილბურჟუაზიული ხელოვნება" და ცდილობენ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, უფრო ფასეულს და, შესაძლოა, უფრო თანამედროვეს აზიარონ ქართველი მაყურებელი.

კულტურის განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს ამ კვირაში კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, გერმანულ-ქართული კინოფირმა "მედეა", აჰყვა. გერმანიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის, კულტურის სამინისტროს და საქართველოში გერმანიის საელჩოს დახმარებით, "მედეამ" თბილისში უახლესი გერმანული ფილმების კვირეული მოაწყო. თბილისელებს საშუალება ჰქონდათ ხელახლა ენახათ ამერიკული "ოსკარით" აღნიშნული კაროლინ ლინკის "სადღაც აფრიკაში", მერაბ ნინიძით მთავარ როლში, კიდევ ერთი ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით, სუზანე მარიანის "ინგლისი", სხვა სურათებიც, მათ შორის, კაროლინ ლინკისა და ანდრეას დრეზენის შედარებით ადრეული ფილმები. გერმანული კინოს დღეები - ნამდვილად არ იყო ელიტარული კულტურული აქცია.. და არამარტო იმიტომ, რომ ბილეთი კინოთეატრ "ელისოში" უჩვეულოდ იაფი ღირდა (ერთი ლარი). თავად პროგრამა იყო შედგენილი ისე, რომ ქართველი მაყურებელი კარგად დაინახავდა იმას, რაც ძალიან აკლია დღევანდელ ქართულ ხელოვნებას, მათ შორის, კინოს: გერმანელ კინემატოგრაფისტთა ფილმებში გამოჩნდა ავტორის დაინტერესება ჩვეულებრივი ადამიანებით, იმ ხალხით, ვისაც უჭირს, ვისაც სტკივა და ვინც სუსტია. მხატვრული თვალსაზრისით, ამ ფილმებს "შედევრებს" ნამდვილად ვერ უწოდებ, უფრო მეტიც, მხატვრული დონით ეს სურათები 60-იან, 70-იან წლებში გადაღებულ საუკეთესო ქართულ ფილმებსაც ვერ გაუტოლდება - დღევანდელი გერმანული კინო ძალიან სწორხაზოვანია, ღარიბია კინემატოგრაფიული სახეებით, სცოდავს დრამატურგიის თვალსაზრისით, მაგრამ უაღრესად ჰუმანურია და, რაც მთავარია, უაღრესად არაგულგრილი. თუმცა საეჭვოა, თუნდაც "ყველაზე არაგულგრილი ხელოვნების" ერთკვირიანმა ან თუნდაც ერთთვიანმა ფესტივალმა რაიმე შეცვალოს დღევანდელ ქართულ კულტურაში, რაღაც მაინც მოუხერხოს ჩვენს დღევანდელ რეალობას, სადაც საფრანაგეთის რევოლუციის უკვდავ იდეას "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ბოლშევიკური რევოლუციის მონაპოვრად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG