Accessibility links

ჩეჩენი ლტოლვილები პანკისიდან მიდიან?


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს თბილისსა და პანკისში ჩეჩენი ლტოლვილების ბედზე უნდა ემსჯელათ. საამისოდ საქართველოში ჩავიდა რუსეთის სახელმწიფო პირების 6-კაციანი დელეგაცია, საგანგებო სიტუაციათა მინისტრის

მოადგილის იური ბრაჟნიკოვის ხელმძღვანელობით. ბრაჟნიკოვი აქამდეც ჩასულა საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილებისათვის სამშობლოში დაბრუნების შესათავაზებლად. რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა მასპინძელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით თოდუამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა ყველაფერი გააკეთოს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩნების რუსეთში მშვიდობიანი გზით დასაბრუნებლად. თოდუას თქმით, ლტოლვილებთან გაწეული მუშაობის შემდეგ ისინი ნაწილობრივ მზად არიან, დაბრუნდნენ.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის იური ბრაჟნიკოვის წინასწარი განცხადება მოზომილი იყო - მას კონკრეტული არაფერი უთქვამს ლტოლოვილთა დაბრუნებაზე [იური ბრაჟნიკოვის ხმა]: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ერთობლივი ჰუმანიტარული გეგმა გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. ახლაც მორიგი შეხვედრაა ლტოლვილთა ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის მიზნით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად".

პანკისში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების ზუსტი რიცხვი არავინ იცის. შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროთა ბოლო მონაცემებით, ხეობაში დაახლოებით 4 ათასი ლტოლვილი უნდა იყოს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ლტოლვილს ვერავინ აიძულებს, დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ის ლტოლვილად იქცა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაც ასეთი იყო და ასეთად რჩება დღემდე: თუ ჩეჩენი ლტოლვილები გადაწყვეტენ, რომ დაბრუნდნენ, მათ არავინ დააბრკოლებს.

საინტერესოა, რა არგუმენტებით შეიძლება დაიყოლიონ რუსმა მოხელეებმა ჩეჩენი ლტოლვილები ჩეჩნეთში დაბრუნდნენ? საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხად ამბობს: [ნანა დევდარიანის ხმა] "ძირითადად, იციან ის, რომ საქართველოში, რაც უნდა პირობები შევუქმნათ (ან რა პირობების შემქმნელები ვართ), მაინც მძიმე ვითარებაა. ამიტომ ჰპირდებიან სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ბინებს და ა.შ."

კავკასიური სახლის ჩეჩნურ-ინგუშური სექტორის გამგე მექა ხანგოშვილი ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩნების უდიდესი უმრავლესობა მოწადინებულია, წავიდეს საქართველოდან. ისინი მზად არიან წავიდნენ ყველგან, რუსეთის გარდა, აღნიშნავს მექა ხანგოშვილი და დასძენს, რომ ჩეჩნები თუ ბრუნდებიან, უფრო ინგუშეთში არჩევენ ჩასვლას. [მექა ხანგოშვილის ხმა]: "მე ვიცი ძალიან ბევრი ჩეჩენის აზრი - მათ არ სურთ ჩეჩნეთში ჩასვლა. საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში - კი, მაგრამ რომ არ გამოჩნდა საზღვარგარეთის ეს ქვეყანა? რამდენიმე კაცმა თუ ოჯახმა მაინც სცადა ჩეჩნეთში ჩასულიყო, დაპირებული კომპენსაციის იმედიც ჰქონდა, მაგრამ კომპენსაცია ყველამ ვერ მიიღო, არც აშენებული სახლები დაუხვედრებიათ დიდი ნაწილისთვის. ჩეჩნებს რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დიდი პრაქტიკა აქვთ და რუს მოხელეებს იოლად აღარ ენდობიან."

რაც შეეხება ჩეჩენი ლტოლვილების საქართველოდან არა რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში წასვლას, ლეგალურად ეს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით არის შესაძლებელი. მექა ხანგოშვილის თქმით, მაგალითად, ჰოლანდიაში დღეს 15 ათასამდე ჩეჩენი ცხოვრობს. კონფლიქტი რომ დაიწყო, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო ჩეჩენი ლტოლვილები, მაგრამ მოგვიანებით თითქმის ყველამ უკან დაიხია. საქართველოში ახლა ლტოლვილთა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებია დარჩენილი, - დასძინა მექა ხანგოშვილმა.

ასე რომ, რუსეთის დელეგაციის ვიზიტისას მთავარი ის კი არ არის, რას მოილაპარაკებს ორი - ქართული და რუსული - მხარე, არამედ რა პასუხს მისცემენ მათ ჩეჩენი ლტოლვილები.
XS
SM
MD
LG