Accessibility links

logo-print

გაეროს ინსპექტორთა გატაცება როგორც საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ანარეკლი


კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცებიდან მეხუთე დღეს ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით კვლავ არაფერია ცნობილი გამტაცებელთა მოთხოვნებისა და მძევალთა ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ,

თუმცა, როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოში ადასტურებენ, გამტაცებლები პერიოდულად გამოდიან სატელეფონო კავშირზე. კვირის ბოლოს კი ვრცელდებოდა ინფორმაციები, თითქოს გამტაცებლები მძევალთა გათავისუფლებაში რამდენიმე მილიონ ლარს ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტიდან მეხუთე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის გაეროს თანმშრომელთა გამტაცებლებთან მოსალაპარაკებლად. ამასთან, ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია ასევე, რომ კოდორის მოსახლეობა გამტაცებლებს საკადრის პასუხს გასცემს.


გაეროს სამი სამხედრო მეთვალყურისა და ერთი ქართველი თარჯიმნის გატაცებიდან კოდორის ხეობაში ხუთი დღე გავიდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა სამი შემთხვევის დროს გატაცებულთა გათავისუფლება ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც კვანძის გახსნის დრო ახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, 9 ივნისს საქართველოში გაჩნდა ინფორმაცია გამტაცებელთა სატელეფონო ზარის შესახებ, რომლის შინაარსიც და ადრესატთა ვინაობაც, ცხადია, გასაიდუმლოებულია. პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი, რომელიც მძევალთა გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობს, ამ ხუთი დღის მანძილზე პირველად გამოთქვამს რწმენას, რომ მძევლების გათავისუფლება ორშაბათს დღის ბოლომდე მოხერხდება. თუმცა ემზარ კვიციანი აზუსტებს, რომ გამტაცებლებმა იმდენად ოსტატურად მოახერხეს ნაკვალევის წაშლა, რომ ფერხდება მათი გადაადგილებისა და ადგილსამყოფლის დადგენა ტყიანი მასივით დაფარულ ხეობაში.
დაბოლოს, გატაცებიდან მეხუთე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამოსვლაც, მიმდინარე მოვლენების ფონზე, თავად წარმოადგენს საინტერესო მასალას კომენტირებისთვის. უფრო სწორად, ქვეყნის პირველი პირის ეს მოკლე შეტყობინება სარკესავით აირეკლავს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მრავალ წინააღმდეგობას.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "საერთაშორისო დამკვირვებელზე ხელის აღმართვა მხოლოდ ქვეყნის მოღალატეს და ავისმოსურნეს შეუძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეს ჩაიდინა. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებისა და დიალოგისათვის თუნდაც კრიმინალებთან, ოღონდ კი საფრთხე არ შეექმნათ გაეროს მისიის თანამშრომლებს. მე მჯერა კოდორის ხეობის მოსახლეობისა და მისი ხელმძღვანელისაც."

ის, რომ ადამიანის გამტაცებლებთან მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად, ყველასთვის ნათელია. მაგრამ ნათელია ისიც, რომ ამგვარი ტაქტიკა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერასოდეს აიძულებს დამნაშავეს ხელი აიღოს ადამიანთა გატაცებაზე. ისევე როგორც არ შეიძლება ნორმალურ მოვლენად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი კონკრეტულ ხალხზე ამყარებს იმედს და მასას მოუწოდებს ვინმეს დასჯისა თუ სამართლიანობისა და კანონის აღსრულებისაკენ.

ერთიცაა: ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს გამტაცებლები, ჩანს, სწორედ კოდორის ხეობაში ეგულება. ამიტომ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ " ხეობის მოსახლეობა საკადრის პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა". სწორედ ამიტომაც არის, რომ ხელისუფლება თავს იკავებს თბილისიდან პოლიციის გამომძიებლებისა და დამატებითი ძალების შეყვანაზე კოდორის ხეობაში, სადაც ვითარება ამ დღეებში საკმაოდ დაძაბულია.
XS
SM
MD
LG