Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ დიდ ევროპულ ოჯახს ვუბრუნდებით!"


პოლონეთში შაბათ-კვირას მოეწყო რეფერენდუმი, რომელსაც ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნება-სურვილი უნდა გამოევლინა: "ჰო თუ არა - ევროპის კავშირს". პოლონელებს თავიანთი პრეზიდენტი დიდი ხანია

ასე გახარებული არ უნახავთ: ელექსანდერ კვაშნევსკი, ხელებაპყრობილი, ნანატრ "ჰოს" ზეიმობდა. პოლონეთში საქმეს ის ართულებდა, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუცია რეფერენდუმში ნახევარი მოსახლეობის მონაწილეობას გულისხმობს, ანუ, თუკი ხალხი პასიურობას გამოიჩენდა და არ მივიდოდა საარჩევნო უბნებში, რეფერენდუმი ჩაიშლებოდა. არსებობდა სხვა საშუალებაც - მაგალითად, კანონის შეცვლით, შეიძლებოდა პარლამენტს ეკისრა გადაწყვეტილების მიღება ამ ქვეყნის ევროპის კავშირში შესვლის შესახებ. მაგრამ მაშინ მთავრობას არ ექნებოდა ზურგი გამაგრებული მოსახლეობის მიერ და ეს კავშირში ინტეგრაციაზე ყოველთვის იმოქმედებდა. მით უმეტეს, რომ, არაერთი პოლიტიკური სკანდალის შედეგად, პოლონეთში ხალხს შერყეული აქვს პოლიტიკოსების მიმართ რწმენა. მაგრამ არამარტო პოლიტიკოსებისთვის იქნებოდა რეფერენდუმის ჩაშლა არასახარბიელო. ამ ქვეყნის ელიტას - პროევროპულ პარტიებს, მასმედიას, ხელოვანებსა და ინტელიგენციას ერთი პირი ჰქონდათ მოსახლეობის გადაბირების საქმეში. მათ მხარში ამოუდგა კათოლიკური ეკლესიაც, რომლის მამამთავარმა იოანე პავლე მეორემ, ეროვნებით პოლონელმა, თანამემამულეებს მიმართა: პოლონეთს სჭირდება ევროპა და ევროპას სჭირდება პოლონეთიო. შაბათს პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს მოსახლეობისთვის კარგი მაგალითი ეჩვენებინათ და დილიდანვე გამოცხადებულიყვნენ საარჩევნო უბნებში. პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა გამოაცხადა: ეს პოლონელი ხალხის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი არჩევნებიაო. პრეზიდენტმა ალექსანდერ კვაშნევსკიმ აღიარა, რომ შაბათს ნასადილევს ვითარება ფატალური იყო. რეფერენდუმში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტს. მთელი იმედი კვირაზე იყო. მაგრამ კარგი ამინდი იმას მოასწავებდა, რომ ხალხი აგარაკებზე გაიკრიფებოდა. ასეც მოხდა. განსაკუთრებით დიდი ქალაქების საარჩევნო უბნებში ასისტენტებს უსაქმობით მოეწყინათ. მაგრამ ისინი, ვინც რეფერენდუმისგან ევროპის კავშირში შესვლაზე ხალხის თანხმობას მოელოდა, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ამბობდნენ, სულ ბოლო წუთებმაც შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოსო. მართლაც, ასე გამოვიდა. როგორც პოლონეთის "გაზეტა ვიბორშჩა" წერდა, ნამდვილი პოლონური კენჭისყრა შედგა სულ ბოლო წუთს, წკიპზე, მაგრამ - როგორი მანერით! რანაირია სტატისტიკა რფერენდუმისა? - მასში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა 58 პროცენტმა, მათგან ევროკავშირში პოლონეთის გაწევრიანებას მიემხრო 77, 5 პროცენტი, ხოლო წინააღმდეგი წავიდა 22, 5 პროცენტი. აქვე გეტყვით, რომ ანალოგიური კენჭისყრა უნდა მოეწყოს კავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში. მომავალ შაბათ -კვირას ჩეხეთში ეწყობა რეფერენდუმი; მოგვიანებით, სექტემბერში, - ესტონეთსა და ლატვიაში. კვიპროსზე კენჭისყრა არ შედგება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG