Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა: მასობრივი განადგურების იარაღს ერაყში მივაგნებთ


აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობებისთვის ერაყში ომის დაწყების მთავარი საბაბი იყო ბაღდადის რეჟიმის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღით მუქარა. ეს იარაღი ჰუსეინს ადრევე ჰქონდა,

მაგრამ მას მერე, რაც აკრძალვა დაუწესეს, ერაყი აცხადებდა, რომ მოსპო თავისი არსენალები. სადამ ჰუსეინის ეს მტკიცება არადამაჯერებელი ჩანდა და გაერო ერაყში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის კვალს დაეძებდა. დღემდე ამგვარი იარაღი მიგნებული არ არის. ამას მოჰყვა ვაშინგტონისა და ლონდონის მიმართ კრიტიკა: ერაყის მუქარა ხელოვნურად გაზვიადებული იყოო. კრიტიკოსები საგანგებო გამოძიებას მოითხოვენ. კვირას აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ერაყის გადამალულ იარაღს მალე მიაგნებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გასულ კვირაში, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას, კატარში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებს მიმართა. ბუშმა თქვა: ერაყში მობილურ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს მივაგენით, რაც მიუთითებს, რომ ჰუსეინს შესწევდა უნარი ბიოლოგიური იარაღი ეწარმოებინაო. როგორც "ნიუ იორკ ტაიმსში" დევიდ სანგერი წერს, ეს ნათქვამი განსხვავდება იმისგან, რასაც ჯორჯ ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ომამდე ამბობდნენ, კერძოდ: ჰუსეინს ქიმიური და ბილოგიური იარაღი აქვსო. ახლა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კრიტიკოსებს იგერიებენ. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი თავისი თანამოქალაქეების წინაშე წარდგა სატელევიზიო გადაცემაში "ფოქს ნიუს სანდეი" და თქვა: ეჭვი არ არის, სადამ ჰუსეინს აქვს ბიოლოგიური იარაღი და მისი სწრაფად წარმოების შესაძლებლობა; ასევე უნარი შესწევს, გაავრცელოს ის იმგვარად, რომ მასობრივი სიკვდილი და დაავადება გამოიწვიოსო. პაუელის თანახმად, დაზვერვას ეს ბუშის ადმინისტრაციის დროს არ აღმოუჩენია, ამის დასტური უკვე კლინტონის დროს არსებობდა. პაუელმა თქვა, აგრეთვე, რომ ჰუსეინის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი ყოველთვის ჰქონდა თავისი არსებობის მანძილზე, ქიმიური იარაღი გამოიყენა კიდეც და ამას არასოდეს აღიარებდა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერაყის მთავრობას ტყუილისა და დამალვის ოსტატებად მიიჩნევს და, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ იარაღის მოძებნას დრო სჭირდება. წინააღმდეგ ბრალდებისა, რომ მუქარა და საფრთხე გაზვიადდა, გაილაშქრა აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა. რაისის თქმით, ომის დაწყების საფუძველს იძლეოდა სადაზვერვო მასალა, რომელსაც აშშ-ის მთავრობას აწვდიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ასევე უცხოეთის დაზვერვა, გაეროს ინსპექტორები, ამასთან, თვით ერაყის ინფორმაცია, რომელიც იმას ემსახურებოდა, რომ დაემალა ჰუსეინის ხელთ არსებული იარაღი. კონდოლიზა რაისმა "ენ-ბი-სის" სატელევიზიო არხით გამოსვლისას განაცხადა: არასოდეს არავის უთქვამს, ზუსტად ვიცით, სად არის ეს მასალა გადანახულიო. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა აღიარა, რომ ჯორჯ ბუში შეცდა, როცა "ამერიკელი ერისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში" იმაზე ილაპარაკა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ გამოიკვლია, როგორ შოულობს ერაყის მთავრობა აფრიკაში ურანს იარაღის საწარმოებლად. დემოკრატი მისურის შტატიდან დიკ გეპჰარდი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, იმედოვნებს, რომ იარაღს მიაგნებენ. მაგრამ იქვე ამატებს: თუკი ბუშიც, გაეროც და მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებიც მოტყუებულები არიან ან არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, ეს იქნება ყველაზე დიდი თვალთმაქცობა, რაც კი აქამდე გვინახავსო. დემოკრატი სენატორი კარლ ლევინი, რომელიც სენატის სამხედრო უწყებათა კომიტეტს წარმოადგენს, კონგრესის მიერ ამომწურავი გამოძიების მომხრეა. მისი თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ არის როგორც ბუშის, ასევე მთელი ქვეყნის მიმართ რწმენა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG