Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ეთნოლოგია და "ამირანი"


გასულ კვირას თბილისში, ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიაში, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებრივი ინსტიტუტის ალმანახის, "ამირანის",

რიგით მერვე ნომრის პრეზენტაცია მოეწყო. მონრეალსა და თბილისში ერთდროულად გამოცემული ეს კრებული აჩვენებს, რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, ეთნოლოგია, როგორც მეცნიერება, საქართველოში მაინც ვითარდება.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, გაერკვნენ არა მარტო თავისი ხალხის ცხოვრებასა და ტრადიციებში, არამედ უცხო ქვეყნის, უცხო ერების კულტურაში. უცხო კულტურის ცოდნა ადამიანს სამყაროში ორიენტირებას უადვილებს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ეთნოლოგია და ეთნოგრაფია საზღვრებს არა ცნობს; ამიტომაცაა, ალბათ, რომ თუნდაც ქართული ეთნოფსიქოლოგიის მკვლევარებს შორის ქართველიც ბევრია და უცხოელიც. მაგალითად, ავიღოთ კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომლის მესვეურთა ინიციატივით 1997 წლიდან იბეჭდება სამეცნიერო სტატიების კრებული "ამირანი".. ეს კრებული, უფრო სწორად კი "მოამბე", ერთდროულად გამოდის თბილისსა და მონრეალში, მისი რედაქტორები არიან მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორი ქევინ თუითი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი პაატა ბუხრაშვილი. უცხოელები ქართული კულტურის ისტორიიდან საკმაოდ მოულოდნელ თემებს ირჩევენ. მაგალითად, "მოამბის" მეშვიდე წიგნში დაბეჭდილია ამერიკელი მეცნიერის პოლ მანინგის წერილი "კილო და ცივილიზაცია ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" მიხედვით", რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ "წარმოშობით ფრანგული სიტყვა "ცივილიზაცია" სრულიად არ შეეფერება რუსულ სინამდვილეს" და რომ "მოხევეები, მიუხედავად იმისა, რომ "მდაბიო" კილოს ლაპარაკობენ, მაინც ამ კილოთი "მაღალ" აზრებს გამოხატავენ, ე.ი. ქართული კულტურის ნამდვილ ინსტიტუციებს". თუმცა უცხოელი მეცნიერები მხოლოდ ქართული კულტურის "მაღალ ინსტიტუციებს" არ იკვლევენ, მათ არც "დაბალი კულტურა" ავიწყდებათ. "ამირანის" გამომცემელმა პაატა ბუხრაშვილმა გვიამბო პოლ მანინგის ერთი ლექციის შესახებ, რომელიც ამიერიკელმა მეცნიერმა ახლახან წაიკითხა ქუთაისში.

[პაატა ბუხრაშვილის ხმა]: "აიღო ჟურნალი "ნიანგი", პირველიდან ბოლო ნომრამდე, და სუფრის თემატიკა როგორ არის წარმოდგენილი...სადღაც 60-იან წლებამდე თვითონ სუფრა კი არ არის კრიტიკის ობიექტი, უფროს სუფრის წევრები არიან... აი, შემდეგ კი, 60-იანი წლებიდან, თვითონ სუფრაზე ხდება "დარტყმა".

"ამირანში" გამოქვეყნებულ წერილებში "მდაბალსა" და "მაღალს" შორის ზღვარი მთლიანად წაშლილია, რაც ბუნებრივია. ეთნოლოგია ხომ ინტერდისციპლინარული მეცნიერებაა და თავს უყრის განსხვავებული პროფესიის ადამიანებს: არქეოლოგებს, ლინგვისტებს, კულტუროლოგებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს. პაატა ბუხრაშვილის თქმით, საბჭოთა ეპოქაში ამ მეცნიერების განვითარებას ხელს უშლიდა ხელოვნური დიფერენციაცია, სამეცნიერო დარგების გათიშულობა, რაც დღეს როგორმე უნდა დავძლიოთ. თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ქართველ ეთნოლოგთა ალმანახს ენთუზიასტები გამოსცემენ... რომ არა უცხოელი ქართველოლოგების ფინანსური მხარდაჭერა, ეთნოლოგიის ინსტიტუტის მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. არადა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ჩვენთან საუბარში პაატა ბუხრაშვილი ერთ-ერთ "გამოსაკვლევ მოვლენას" ასახელებს:

[პაატა ბუხრაშვილის ხმა]: "საქართველო მარგალიტია ახლა სოციოლოგიური და ეთნოფსიქოლოგიური კვლევებისათვის - უნდა დაჯდე და იმუშაო...მინდოდა, მაგალითად, ბაზრობა, თუნდაც დეზერტირების ბაზრობა ავიღოთ - აქ როგორ ჩანს მდგომარეობა ქვეყნის. არ არის საჭირო სამთავრობო დადგენილებების ნახვა, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში... აი, თუნდაც ბაზრობის სიმღერები - რა სიმღერები ისმინება დღის განმავლობაში, ტექსტები".

ჩვენს კითხვაზე, როგორ მოახერხა კავკასიოლოგიის ინსტიტუტმა განსხვავებული პროფესიის მეცნიერთა მოზიდვა, შეიმჩნევა თუ არა საქართველოში შესაბამისი კადრების ნაკლებობა, პაატა ბუხრაშვილმა გვიპასუხა, რომ ბოლო დროს ჩვენში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა; დღეს ქართველი მეცნიერები აშკარად ცდილობენ დაძლიონ, ასე ვთქვათ, "ვიწრო-პროფესიული საზღვრები" და თავიანთი კვლევა დიალოგზე ააგონ. ეთნოლოგიური ალმანახი ჯერჯერობით წელიწადში ორჯერ გამოდის... მაგრამ ეთნოლოგია იმდენად პოპულარული ხდება ჩვენში, რომ არ არის გამორიცხული "ამირანი" ყოველთვიურად დაიბეჭდოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG