Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია, რომ ერაყში ხორციელდებოდა აკრძალული შეიარაღების პროგრამა


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დარწმუნებულია იმაში, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამდე ერაყში ხორციელდებოდა მასობრივი განადგურების შეიარაღების პროგრამა.

ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბუშმა გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ ადრე თუ გვიან ეს ფაქტი დადასტურდება.


უკანასკნელ დროს ბრალდებები გაისმის თეთრი სახლის ადმინისტრაციის მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონმა, სამხედრო ოპერაციის გამართლების მიზნით, თითქოს გააზვიადა ერაყიდან მომდინარე მუქარა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებას.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სადამ ჰუსეინის გუნდს არ შეეშლებოდა აკრძალული იარაღის ტრანსპორტირება და გადამალვა ქვეყნის მოზრდილ ტერიტორიაზე, ასე რომ სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ დღემდე ვერ მიაკვლიეს ხსენებულ იარაღს.

"ისტორია თავის დროზე დაადასტურებს, რომ სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა, როცა ერაყელი ხალხი სადამ ჰუსეინის კლანჭებისგან გაანთავისუფლა" - განაცხადა ჯორჯ ბუშმა. მან კომენტარი გაუკეთა ამასთანავე გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" 9 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მოყვანილია ამერიკაში დაპატიმრებული "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელობის ორი წევრის ნათქვამი იმის შესახებ, რომ თითქოს ამ ტერორისტულ ორგანიზაციასა და სადამ ჰუსეინის რეჟიმს შორის არ არსებობდა არანაირი კავშირი.

როგორც ამ სტატიაშია ნათქვამი, "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წევრმა აბუ ზუბაიდამ, რომელიც 2002 წლის მარტში დააპატიმრეს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გამოძიებლებს უთხრა, რომ ოსამა ბინ ლადენმა უარყო ერაყის აწ უკვე დამხობილ რეჟიმთან თანამშრომლობის წინადადება, რათა "დავალებული არ ყოფილიყო სადამ ჰუსეინის წინაშეო".

"ნიუ-იორკ ტაიმსს" მოჰყავს "ალ-ყაიდის" მეორე წამყვანი წევრის, ხალიდ შეიხ მოჰამადის ნათქვამი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის იმის შესახებ, რომ "ალ-ყაიდა" არ იყო დაკავშირებული ბადადათან.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ "ნიუ-იორ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორებს დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა ტერორისტმა აბუ მუსაბ ალ-ზარქავიმ ბრძანა იორდანიაში ამერიკელი მოქალაქის მოკვლა. ამერიკელი დიპლომატი ლოურენს ფოლი 28 ოქტომბერს მოკლეს თავისი სახლის წინ ამანში. როგორც ამერიკელმა და იორდანიელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, ლოურენს ფოლის მკვლელობა ალ-ზარქავიმ ბრძანა.

ლონდონის ერთ-ერთმა არაბულენოვანმა გაზეთმა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ალ-ზარქავი თითქოს ირანში დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG