Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პათოლოგია საქართველოში


ყოველკვირეული პროგრამის "ახალი ევროპა"

დღევანდელი გამოშვება საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დაეთმობა.
გასულ კვირაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა საქართველოში ვიზიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინასაარჩევნოდ ურთიერთობის გამწვავებას დაემთხვა. ევროსაბჭოს წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში სწორედ წინასაარჩევნო კამპანია იყო. თუმცა, ბევრის გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ უნგრელმა და ბულგარელმა მეთვალყურეებმა ყველაზე მისაღებად სწორედ საპროტესტო აქციები ჩათვალეს. თავად მეთვალყურეთა გაოცება კი სინასაარჩევნო კამპანიის სულ სხვა პათოლოგიამ გამოიწვია. ამის შესახებ ნინო გელაშვილი მოგითხრობთ:

გარეშე თვალისთვის, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უნგრელი და ბულგარელი წევრებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის თანმხლები საპროტესტო აქციები სწორედაც რომ დემოკრატიის ნიშანია. მათ აოცებთ სხვა რამ, მათ გულწრფელ თანაგრძნობას იწვევს ქართული პოლიტიკის ახლომხედველობა. უნგრელმა ლიბერალმა მათიას იორშმა საქართველოში ვიზიტის დასასრულს რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: პირველი - იორშმა გაიხსენა, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დარღვევებზე საუბრობდა ორივე - როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული მხარე. მაშინაც ისევე, როგორც დღეს უმთავრეს პრობლემად საარჩევნო სისტემის მანკიერება სახელდებოდა. რატომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო კომისიების შედგენის წესზე შეთანხმება და რა კავშირი აქვს მას საქართველოს მომავალთან. უნგრელი დეპუტატი მათიას იორში ამბობს:

[იორშის ხმა]
"ყოველთვის, როცა მე აქ ვარ და ვუსმენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალების, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყოველთვის ვისმენ ჩივილს მეორე მხარეზე. ხელისუფლება აკრიტიკებს ოპოზიციას, ოპოზიცია კი ხელისუფლებას: კარგ ქვეყანაში ეს პოლიტიკური დებატები შეეხება ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, პენსიონერებს, სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სისტემას და იმას, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი დღეს და როგორ იცხოვრებს ხვალ. საქართველოში პოლიტიკური პარტნიორები ერთმანეთით არიან დაკავებული. ისინი არ მუშაობენ ხალხთან. და თუკი ხალხი საქართველოში თვლის, რომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობა სუსტდება, ამის მიზეზი არის პოლიტიკოსთა უყურადღებობა ხალხის მიმართ. მთავარ რისკს კი წარმოადგენს შემდეგი: თუკი საარჩევნო კანონზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება, არჩევნების შემდეგაც, პოლიტიკოსები არ დაკავდებიან ეკონომიკით, ხელფასებით, სახელმწიფოს ფუნქციონირებით, არამედ ისევ ერთმანეთს მისდგებიან".

მაშ ასე, არჩევნების წინ შეთანხმების ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკოსებმა საქმეს მიხედონ და პოსტ-არჩევნების კამპანიით არ დაკავდნენ.

ევროსაბჭოს მეთვალყურეებმა შენიშნეს ის ცვლილებებიც, რაც საქართველოს საარჩევნო კანონშია შეტანილი, მაგრამ ისევე, როგორც ქართველი პოლიტიკოსები, უმთავრეს საკითხად კომისიების შედგენის წესზე შეთანხმებას მიიჩნევენ და ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ ის, რომ არ დაწესდეს არანაირი კვოტა კომისიის წევრობისთვის და რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჰქონდეს საშუალება ჰყავდეს წარმომადგენელი ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

ჩვენ ვერ ვიტყვით - რომელი მხარეა მართალი მიმდინარე დებატებში - აცხადებენ ევროსაბჭოს დამკვირვებლები და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას. ისინი შენიშნავენ, რომ საარჩევნო კომისიებში კვოტის ატ ქონა არც ბულგარული და არც უნგრული აღმოჩენა არ არის, მათ ძველი დემოკრატიების გამოცდილება გაიზიარეს და, როგორც აცხადებენ, ამან იმუშავა, მათ შორის პოსტ-საარჩევნო კონფლიქტურ სიტუაციებში.

სექტემბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ აბგარიში გამოქვეყნდება. დღეს ძნელია თავის დაიმედება, რომ იმ დროისთვის ქართველი პოლიტიკოსები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. მათიას იორშმა კი თავის მხრივ განაცხადა:

[იორშის ხმა]
"ჩვენ ვამზადებთ საბოლოო მოხსენებას სექტემბრის სესიისთვის. გვსურს, რომ ამ დროისთვის შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შეთანხმება მიღწეულია და საარჩევნო კომისიები სწორად არის შედგენილი და რომ ქვეყანა ემზადება ბრწყინვალე არჩევნებისთვის. თუკი ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვექნება, ეს ჩვენი შეცდომა არ იქნება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საქმე, არამედ ეს შეეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ მომავალს".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG