Accessibility links

logo-print

გაათავისუფლეს კოდორის ხეობაში მძევლად აყვანილი გაეროს მეთვალყურეები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 ივნისს, ნაშუადღევს, მოლაპარაკების შედეგად, ჯერჯერობით დაუდგენელმა გამტაცებლებმა გაათავისუფლეს გაეროს მეთვალყურეები და ქართველი თარჯიმანი, რომლებმაც 5 დღე გაატარეს მძევლობაში.

გავრცელებული ცნობებით, გერმანელი ოფიცრების კლაუს ოტისა და ჰერბერტ ბაუერის, დანიელი ოფიცრის ჰენრიხ სორენსონისა და ქართველი თარჯიმნის ლევან ჩიკაშუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით გამტაცებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას მიღებულ მცირე ტრავმებს. რატომ იტაცებენ ადამიანებს კოდორის ხეობაში?

ჩვეულებრივ, მძევლები ბოროტმოქმედებს ან იმ მიზნით აჰყავთ, რომ გამოსასყიდი მიიღონ, ან იმისთვის, რომ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას მიაღწიონ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გამოვლენილი ტენდენციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კოდორის ხეობაში ამ მხრივ რაღაც განსაკუთრებული ვითარებაა: ოფიციალური განცხადებების თანახმად, აქამდე არც ერთხელ ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლებისთვის გამოსასყიდი არ გადაუხდია და არც დაუდგენელ ბოროტმოქმედთა პოლიტიკური მოთხოვნების შესახებ სმენია ვინმეს რამე. ერთადერთი, რასაც აღწევენ ხოლმე გამტაცებლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად, ეს ხელშეუხებლობის დაპირებაა. ანუ საკმაოდ უცნაური სურათი იქმნება: გამტაცებლები იყვანენ მძევლებს, ჯერ ითხოვენ სოლიდურ გამოსასყიდს, მოლაპარაკების შედეგად კი, ხელშეუხებლობის გარანტიებს სთანხმდებიან. და ეს მეორდება წლიდან წლამდე.
ოფიციალური ვერსიით, ასე მოხდა ამჯერადაც, 5 ივნისს გატაცებული გაეროს მეთვალყურეების გათავისუფლებისას. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის განცხადებით, გაეროს სამხედრო დამკვირვებლები გამტაცებლებმა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც, ხეობაში ავტორიტეტული ადამიანების მეშვეობით, ხელისუფლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები და ხეობიდან გამოსასვლელი დერეფნის გამოყოფის დაპირება მიიღეს. 9 ივნისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია გამტაცებელთა ვინაობა, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებს მათი დასახელებისგან. ამავე დროს, მისივე განცხადებით, მოვლენები კოდორში თბილისიდან იმართებოდა. თუმცა რას გულისხმობდა კოდორში პრეზიდენტის რწმუნებული, კვლავაც გაუგებარი დარჩა.
გამტაცებელთა ვინაობის შესახებ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი", რომელიც, კარგად ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით, იუწყება, რომ გამტაცებელთა შორის არიან 7 აპრილს სოხუმის იზოლატორიდან გაქცეული პატიმრები - შეგახსენებთ, მათგან ოთხი 2001 წლის ოქტომბერში რუსლან გელაევის მიერ კოდორის ხეობაში განხორციელებული სამხედრო რეიდისას დააკავეს აფხაზებმა; კიდევ სამ ყოფილ პატიმარს ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის იური ვორონოვის მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი.
ისევ და ისევ საქართველოში მძევლების გათავისუფლების უცნაურ პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, დანამდვილებით ძნელი სათქმელია, გაირკვევა თუ არა გამტაცებელთა ვინაობა და დაისჯება თუ არა დამნაშავე. და თუ ამჯერადაც ყველაფერი ძველი სცენარით დასრულდა, პროგნოზი პესიმისტური იქნება, კერძოდ, რომ საქართველოში ადამიანთა გატაცების სამარცხვინო პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG