Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში ისრაელს აკრიტიკებს ღაზის სექტორში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ისრაელი გააკრიტიკა ღაზის სექტორში სამშაბათს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო, რომლის შედეგად რამდენიმე პალესტინელი იქნა მოკლული, ხოლო ოცზე მეტი, მათ შორის ექსტრემისული დაჯგუფება ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი აბდელ აზიზ ალ-რანტისი - დაიჭრა.

პრეზიდენტი ბუში იმითაა შეშფოთებული, რომ ისრაელის ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრის მაჰმუდ აბასის ძალისხმევას - ძალადობის შეწყვეტაზე დაიყოლიოს პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფებები.


უგანდის პრეზიდენტ იოვერი მუსევენისთან შეხვედრისას სამშაბათს თეთრ სახლში, ჯორჯ ბუშმა შეშფოთება გამოთქვა ღაზის სექტორში მომხდარი ინციდენტის გამო. "არ მგონია ამგვარი თავდასხმები ისრაელის უშიშროების მოემსახუროსო", დასძინა ბუშმა.

ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი აბდელ აზიზ ალ-რანტისი, რომელიც სამშაბათს დაიჭრა, როცა მის ავტომანქანას რაკეტები ესროლა ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენმა, "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ პლესტინელები, ამ გეგმის თანახმად, ვეებერთელა დათმობებზე მიდიან ისრაელთან.

პრეზიდენტმა ბუშმა სინანული გამოთქვა ღაზის სექტორში სამშაბათს მომხდარი ინციდენტის დროს უდანაშაულო მოქალაქეთა დაღუპვის გამო.

აბდელ აზიზ ალ-რანტისიმ, რომელიც ჰამასის დამაარსებლის, შეიხ აჰმედ იასინის უფროსი მრჩეველია პოლიტიკურ საკითხებში, განაცხადა, რომ ვიდრე ისრაელი თავის ჯარს არ გაიყვანს პალესტინელთა ტერიტორიებიდან, ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში არ შეწყდება.

ბუენოს აირესში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია სამშვიდობო პროცესს დაამუხრუჭებს ახლო აღმოსავლეთში.

პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა ტერორისტულ თავდასხმაში დაადანაშაულა ისრაელი.
აბდელ აზიზ ალ-რანტისის ავტომანქანაზე სარაკეტო თავდასხმიდან ორიოდე საათის შემდეგ პალესტინელებმა 6 ხელნაკეთი რაკეტა გატყორცნეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან, რომელთაგან 4, ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა. ხოლო ისრაელის ტანკებმა და შეულმფრენებმა პალესტინელთა დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი ღაზის სექტორის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, რომლის შედეგად 3 პალესტინელი იქნა მოკლული, 30 დაიჭრა.

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში დანიელ აიალონმა გაამართლა რანტისიზე მომხდარი თავდასხმა. "ესაა ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემისტი წევრი. რანტისის ყოველი ქმედება ისრაელის, სამშვიდობო პროცესის, მაჰმუდ აბასის წინააღმდეგაა მიმართული. ტერორიზმი ძირს გამოუთხრის აბასს" - განაცხადა დანიელ აიალონმა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეჩერებულია ხუთი ებრაული დასახლების დემონტაჟი. უკანასკნელ დღეებში, ვიდრე სამშაბათს ღაზის სექტორში ზემოხსენებული ინციდენტი მოხდებოდა, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთა ათი დასახლება დაანგრიეს. სულ, სამშვიდობო გეგმის თანახმად, პალესტინელთა ტერიტორიებზე უნდა მოხდეს ასზე მეტი ებრაული დასახლების დემონტაჟი.
XS
SM
MD
LG