Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და ბალკანეთის ლიდერების მოახლოებული შეხვედრა საბერძნეთში


ანდრო ეული, პრაღა 21 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიში უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება ევროკავშირისა და ბალკანეთის ლიდერებს შორის, რამაც ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ორმხრივ ურთიერთობაში.






ამ ფორუმმა უნდა დააგვირგვინოს საბერძნეთის მორიგეობითი, ექსთვიანი თავმჯდომარეობა ევროკავშირში; საბერძნეთისა, მჭიდრო კონტაქტების დამყარებას რომ ცდილობს ევროკავშირსა და ბალკანეთის ფეთქებად რეგიონს შორის.

ხუთი პატარა ქვეყანა, დასავლეთ ბალკანეთში, ევროკავშირის ზღურბლთან, შეიარაღებული კონფლიქტების ასპარეზი იყო განვლილი ათწლეულის მანძილზე, და რეგიონი ჯერაც არაა გამორიცხული ეთნიკური კონფლიქტების განახლება.

ამიტომაცაა მოწადინებული ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე, საბერძნეთი, ამ კავშირის ბერკეტები გამოიყენოს ბალკანეთის რეგიონში საბილური მშვიდობის დასამყარებლად. ადრიატიკის ზღვის გარშემო მდებარე
ხორვატიას, ალბანეთს, მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბია-ჩერნოგორიას დიდი ზარალი მიაყენა განვლილი ათწლეულის მანძილზე მომხდარმა ეთნიკურმა კონფლიქტებმა.

მომავალ კვირაში, ევროკავშირის 27 წევრი და კანდიდატი ქვეყნის ლიდერები თავიანთ ბალკანელ კოლეგებს შეხვდებიან, რამაც, როგორც ამას მიმომხილველები წინასწარმეტყველებენ, მწვანე შუქი უნდა მისცეს ბალკანეთის რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარებას.

როგორც საბერძნეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსოს კუნდუროსმა აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, გაფართოებული ევროკავშირი ვალდებულია დაეხმაროს ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესში [რუსოს კუნდუროსის ხმა]: "ევროკავშირს აკისრია საგანგებო პასუხისმგებლობა და ივალდებულა კიდევაც დაეხმაროს ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირთან დაახლოებაში, რათა პერსპექტივაში, როცა დადგება დრო, ეს ქვეყნები, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ".

კუნდუროსმა განაცხადა აგრეთვე, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა, თავადაც უნდა მიიღონ, რაღა თქმა უნდა, სათანადო ზომები და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოამზადონ თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები. ამავე აზრისაა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ პაპანდრეუც, რომელმაც გასულ თვეს განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნებს რეფორმების გატარება მართებთ, რათა ევროკავშირმა დააჩქაროს ამ ქვეყნების მიღება.

საბერძნეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირში დასასრულს უახლოვდება, მაგრამ როგორც რუსოს კუნდუროსი მიიჩნევს, ევროკავშირმა არ უნდა მოადუნოს ყურადღება ბალკანეთის რეგიონის მიმართ [რუსოს კუნდუროსის ხმა]: "საბერძნეთს, გასაკუთრებული პასუხისმგებლობია აკისრია, რაღა თქმა უნდა, თავისი უშუალო მეზობლების მიმართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებას ევროკავშირთან. გვჯერა, რომ ეს, ევროკავშირის ინტერესებს მოემსახურება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმე ეხება ევროპის ქვეყნებს, და მათი გაწევრიანების გარეშე ევროპა არასოდეს იქნება ერთიანი".

თუმცა, ცალკეული პოლიტიკური მიმომხილველები პესიმისტურად უყურებენ ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების შესაძლო გაწევრიანებას. ლონდონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, ევროპის რეფორმირების ცენტრის მიმომხილველი ჰიტერ გრები მაგალითად აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს ბალკანეთის გარდა სხვა, უფრო აქტუალური პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, და პირველ რიგში, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გაუმჯობესება.

გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაკედონიის პრეზიდენტმა ბორის ტრაიკოვსკიმ მოახლოებული სამიტი თესალონიკიში შეადარა 1993 წლის უმაღლესი დონის შეხვედრას კოპენჰაგენში, რომელზედაც ევროკავშირმა, ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები დაუდგინა. ხსენებული ქვეყნები მომავალ წელს გახდებიან ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები.
XS
SM
MD
LG