Accessibility links

logo-print

მიდის თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოდან?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრაზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის შესაძლო

შეწყვეტის შესახებ სახელისუფლო წრეებში საქმიანი ფუსფუსი გამოიწვია, საზოგადოებამ კი შევარდნაძის სამშაბათის განცხადება დეფოლტის რეალურ საშიშროებად აღიქვა. რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი თავის გამაფრთხილებელ გამოსვლაში და რა პერსპექტივა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით?

საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის 10 წლიანი ურთიერთობის მანძილზე დღეს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხანა დაგვიდგა, ამას ფონდის მიმართ საზოგადოების გადამეტებული ყურადღებაც ადასტურებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამშაბათის საგანგებო შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებამ კი მედიაში ეკონომიკური კოლაფსის მომასწავებელი სიგნალის ეფექტი გამოიწვია.

შევარდნაძის განცხადება ფონდის პროგრამის შეჩერებისა და საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ საზოგადოებამ უკვე შემდგარ ფაქტად აღიქვა. თუმცა შევარდნაძეს ამ შემთხვევაში მხოლოდ შესაძლო პერსპექტივა ჰქონდა მხედველობაში და მისი შეფასებაც ერთგვარ პრევენტიულ ხასიათს ატარებდა. სამწუხარო ის არის, რომ ამგვარი პრევენცია ხელისუფლებას სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი მისიის ჩამოსვლამდე ათიოდე დღით ადრე ახსენდება და, რაც მთავარია, ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორების თუნდაც მოჩვენებითი სურვილი მთავრობაში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის პროვოცირებული.

მართალია, სავალუტო ფონდს ჯერჯერობით არ შეუწყვეტია პროგრამა საქართველოში, მაგრამ, თუ მისიის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე მათი რეკომენდაციების შესრულების ხარისხს გავითვალისწინებთ, პროგრამის შეწყვეტის პერსპექტივა არცთუ ილუზორულია და არც შევარდნაძის შეშფოთებაა მთლად უსაფუძვლო.

მართალია, ფინანსთა სამინისტროს უკვე მზად აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების კორექტირების პროექტი, რომელიც 85 მილიონი ლარით ბიუჯეტის მოკვეცას ითვალისწინებს და რასაც თავის დროზე სავალუტო ფონდიც გვირჩევდა, მაგრამ ფისკალურ სფეროში შექმნილი პრობლემები მაინც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პაოლო ნეუჰაუზის მისიასთან ამ თემაზე საუბარი ნამდვილად არ იქნება იოლი.

საბიუჯეტო პრობლემების გარდა, ტრადიციული სიძნელეებია ენერგეტიკის სფეროშიც. ფონდი დაჟინებით მოითხოვს 70 პროცენტიან დონეზე მოხერხდეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და გაიზარდოს შემცირებული ტარიფი, რათა აღდგეს სტატუს-კვო და დარგს განვითარების საშუალება მიეცეს. სხვა საკითხებთან ერთად ბიუჯეტის და ენერგეტიკის თემა ყველაზე ძნელი მოსაგვარებელი იქნება, მით უმეტეს, როცა მისიის ჩამოსვლამდე სულ მცირე დროა დარჩენილი.

არადა, ფონდის პროგრამის აღდგენას ამ ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პროგრამის ფარგლებში მისაღებ დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარს აქტუალურობით კიდეც აღემატება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყოველთვის გრძნობდა კრედიტორ ქვეყნებთან მოლაპარაკებისას და, თუ ამჯერად ვაშინგტონელი ემისრების კეთილგანწყობის მოპოვება გაგვიძნელდა, დეფოლტის საშიშროება, რაზედაც მიანიშნებდა საქართველოს პრეზიდენტი, სრულიად რეალურ პერსპექტივად გვექცევა.
XS
SM
MD
LG