Accessibility links

logo-print

გთავაზობთ აფხაზური პრესის მიმოხილვას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოხუმში გამომავალი გაზეთები ცხადყოფს, რომ რამდენიმე თვის წინ აფხაზეთში შექმნილი სახელისუფლებო კრიზისი ვერ აღმოფხვრა მთავრობის მთელი შემადგენლობის დათხოვნამ და ახალი პრემიერის დანიშვნამ.

გაზეთების ვერსიით, სახელისუფლებო კრიზის გრძელდება, რაც მალე ისევ გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და ეს, შესაძლოა, დაუსრულებელ პროცესად იქცეს.

"პიკირებული ქვეყნის ქრონიკა" - ასეთი სათაურით აქვეყნებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "აღორძინების" გაზეთი "აიტაირა" სტატიას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. " აფხაზეთში ფორმირებულია ტიპიური მთავრობა ატიპიური პრემიერით," - წერს გაზეთი, რომლის შენიშვნითაც, ბოლო წლებში აფხაზეთში საოცრად პოპულარულია მითი "კარგი ბიჭის" შესახებ. "როდესაც ადამიანის საქმიან თვისებებსა და პროფესიონალიზმზე არაფრის თქმა არ შეიძლება, სოხუმში ამბობენ - კარგი ბიჭიაო, რადგან, ჩვენში გავრცელებული აზრის თანახმად, სწორედ კარგი ბიჭები შეძლებენ ქვეყნის აყვავებას," -წერს გაზეთი და განაგრძობს:

მითი კარგი ბიჭების შესახებ ყალბია. კარგი ბიჭები ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, ვინც, ადვილი გამარჯვებით ფრთაშესხმული, უნამუსოდ ძარცვავს ქვეყანას და თან პატრიოტულად კითხულობს - " აბა, რისთვის ვიბრძოდითო?"
რაულ ხაჟიმბა კარგ ბიჭად ითვლება. გავრცელებული ხმებით, ის დიდხანს არ სთანხმდებოდა პრემიერის პოსტს, მაგრამ პრეზიდენტის ზეწოლას ვერ გაუძლო და დანებდა. არადა, როგორც წესი, გამარჯვებულებს ნებდებიან. ეს რომ ასეა, ახალი მთავრობის ფორმირებაც ადასტურებს. მოარული ხმები, რომ თითქოს ხაჟიმბა პრემიერობას გარკვეული პირობების წაყენებით დასთანხმდა - დიდ ეჭვს იწვევს. ახლა ნათელია, რომ ეს მხოლოდ თამაში იყო ჩვენს გასაცურებლად, რადგან პრაქტიკულად ახალი მთავრობის შემადგენლობა არ შეცვლილა. ასეთ პირობებში პრემიერი, სამწუხაროდ, კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს - ის დამოუკიდებელი არ არის თავის ქმედებებში, რაც პრემიერისთვის ყველაზე მძიმე ტვირთია. იმის გათვალისწინებით, რომ მოარული ხმებით, ის არძინბას ერთ-ერთ რეალურ მემკვიდრედ ითვლება, ბევრი ეჭვით კითხულობს - ხომ არ იყო ფალსტარტი? ეყოფა ხაჟიმბას ძალა, მიაღწიოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ისე, რომ შეინარჩუნოს კარგი ბიჭის რეპუტაცია?


გაზეთის აზრით, არძინბას ეპოქა აფხაზეთის ისტორიაში დასასრულს უახლოვდება. ამის დასტურად გაზეთს მოჰყავს არძინბას გარემოცვის უშედეგო მცდელობები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით იძულებული გაეხადა ოპოზიცია, უარი ეთქვა საერთო-სახალხო კრების მოწვევაზე. არძინბას მსტოვრები ძალიან ცდილობდნენ, რომ ხალხს კვლავ მხარი დაეჭირა პრეზიდენტის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის, მაგრამ, გაზეთის ცნობით, რეგიონებში აქტივის არც ერთ კრებაზე არძინბას მიმართ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არავის გამოუთქვამს, საერთო-სახალხო კრების მოწვევის იდეა არავის დაუგმია. შესაბამისად, გაზეთის დასკვნით, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენის ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ საერთო-სახალხო პირების მოწვევა რჩება. გაზეთი წერს:


ჯერჯერობით კი მთავრობის გადადგომას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. არსებობს ახალი პრემიერი და ძველი-ახალი მთავრობა. მთავრობა რაღაც დროის მანძილზე იმუშავებს, მერე კი გადადგება; მერე - ისევ ახალი "სპრინტერული" მთავრობა მოვა და ა.შ. აფხაზეთში სტაბილური მხოლოდ ერთი რამაა - მთავრობის ცვლა. საზოგადოება ცვლილებებს ელის, მაგრამ მას ყოველ ჯერზე ნამდვილი ცვლილებების ნაცვლად სუროგატს აჩეჩებენ. და ასეთ ვითარებაში ე.წ. კარგ ბიჭებს სულ უფრო და უფრო უსიამოვნო როლის შესრულება მოუწევთ - არძინბას ნგრევის პირად მყოფი ხელისუფლების მაშველი რგოლის ფუნქციისა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან უკმაყოფილონი უკვე გამოვიდნენ ავანსცენაზე და ხმამაღლა გამოხატავენ თავის პროტესტს.
XS
SM
MD
LG