Accessibility links

ორგანიზებული დანაშაული სიკეთის სამსახურში (გაათავისუფლეს თუ არა მძევლები ქურდების ჩარევით?)


დავით პაიჭაძე, თბილისი გაეროს დამკვირვებელთა და საქართველოს ერთი მოქალაქის მძევლობიდან დახსნას რამდენიმე საინტერესო გარემოება თუ ნიუანსი უძღოდა წინ: ძირითადად, ისინი კოდორის ხეობაში საქართველოს

პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ გახმიანდა. კვიციანი მთელი ისტორიის მანძილზე მხნედ გამოიყურებოდა და მოვლენათა კომენტირებისას ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მძევლებს მშვიდობით გაათავისუფლებენ. გათავისუფლების წინა დღეს ღია ეთერში ემზარ კვიციანმა მაყურებელთა დასაიმედებლად თითქოსდა გაურკვეველი ფრაზა თქვა: "ადამიანები თბილისში მოილაპარაკებენ", რაც მძევალთა უვნებლად გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. გათავისუფლების შემდეგ კი ემზარ კვიციანმა უკვე ახსენა ტარიელ ონიანის სახელი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო მძევალთა დახსნის მიზნით გამართულ მოლაპრაკებაში. ტარიელ ონიანი ემზარ კვიციანთან საუბრისას ბიზნესმენად მოიხსენიეს. ამ პიროვნების შესახებ სხვა წყაროზე დაფუძნებულ ინფორმაციას მოგაწვდით.

ტარიელ ონიანის სახელი ყოველგვარი დამატებითი წყაროს გარეშეა ცნობილი. ამ პიროვნებას იხსენიებენ საქართველოში ერთ ყველაზე გავლენიან კაცად, რომელიც, მართალია, სამშობლოში არ ცხოვრობს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ პროცესებზე საგრძნობ ზემოქმედებას ახდენს. ტარიელ ონიანის მხარდაჭერას მიაწერენ, მაგალითად, ქუთაისის მერის რამაზ ფალიანის გამარჯვებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შარშანდელ არჩევნებში. საერთოდ, ყველა ცნობა, რომელშიც ტარიელ ონიანის სახელი ფიგურირებს, თითქმის შეუძლებელია, რაიმე დოკუმენტით გაამყარო. ეს ფიგურა საქართველოში დემონიზებულია, მას აქვს უდიდესი გავლენის მქონე და იდუმალი ადამიანის რეპუტაცია. ტარიელ ონიანს კარგა ხანია კანონიერ ქურდს აღარ უწოდებენ. რამდენიმე წლის წინ ის გაამართლა საფრანგეთის სასამართლომ. რუსული ვებ-გვერდი "კომპრომატ.რუ" ტარიელ ონიანს, შაქრო კალაშოვისა და ხაჩიძის გვერდით, განსაკუთრებით ავტორიტეტიან პიროვნებად მიიჩნევს ორგანიზებული დანაშაულის სამყაროში. ევფემიზმი "ბიზნესმენი", ალბათ, სიმართლეს მოკლებული არ არის, რადგან იმავე ინტერნეტ-მისამართზე ამოიკითხავთ, რომ ორგანიზებული დანაშაულის ე.წ. ქართული ჯგუფები მოსკოვში აკონტროლებენ ყველა სამხრეთკორეულ რესტორანს, ბარებს, სასტუმროებს, კაზინოებს და ა.შ. ამ "ავტორიტეტებს" კავშირები აქვთ საქართველოს სამთავრობო წრეებში, შეიარაღებულ ძალებში, უშიშროების, შინაგან საქმეთა და პროკურატურის ორგანოებში. მე ვერ გავთქვამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეს, რომელმაც მიამბო, როგორ ხვდებოდნენ თბილისის აეროპორტში პოლიციის მანქანებით შაქრო კალაშოვს.

გვერდი რუსულ ინტერნეტში შეიძლება სარწმუნო წყაროდ არავის ეჩვენოს. 2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში Rand Corporation- მა გამოსცა ოლგა ოლიკერისა და თომას შაინას წიგნი "კონფლიქტის ხაზები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში" (Faultlines of Conflict in Central Asia and South Caucasus. Implications for the US Army, Rand, 2003), რომლის ქვეთავშიც ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, მოხსენიებულია ტარიელ ონიანი (გვ.81), როგორც ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ლიდერი. ამავე რიგში ჩამოთვლილნი არიან: შაქრო კალაშოვი, დათო ტაშკენტელი, გია კვარაცხელია და ბაბუა ხასანი.

მაგრამ ახლა ჩვენ არ გვიწევს ლაპარაკი ამ ადამიანების - მათ შორის, ტარიელ ონიანის - მრავალმხრივ საქმიანობაზე. ტარიელ ონიანი, რომლის სახელი, ალბათ, მაინც გაუფრთხილებლად ახსენა ემზარ კვიციანმა, დღეს უკავშირდება ერთდროულად ბნელ და ჰუმანურ, კეთილშობილ აქციას: ერთი ქართველი და სამი უცხოელი მძევლის გათავისუფლებას. ყველა ინფორმაცია ამ საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ მითქმა-მოთქმას დაეფუძნება, ისევე როგორც ერთი არარიტორიკული კითხვა: ნეტავ რეალურად ვინ მართავს საქართველოს?
XS
SM
MD
LG