Accessibility links

logo-print

"ტრისტანი და იზოლდა" - პირველად და უკანასკნელად?


14 ივნისს, ქართული მუსიკალური ცხოვრების ისტორიაში პირველად, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რიჰარდ ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" შესრულდება.

თუმცა მაყურებელი მხოლოდ მოისმენს და არ ნახავს ვაგნერის ოპერას. ვაგნერის ოპერის დადგმა დღევანდელ საქართველოში მუსიკის მოყვარულებისთვის ფუფუნება იქნებოდა.

ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს ვახტანგ მაჭავარიანს ვაგნერის ოპერის საკონცერტო შესრულებაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ... საქართველოში ყოველთვის მრავლად იყვნენ ვაგნერის მუსიკის თაყვანისმცემლები; "ტანჰაიზერი" თბილისში ჯერ კიდევ 1886 წელს იმღერეს. მაგრამ რიჰარდ ვაგნერს ჩვენში მაინც "არ უმართლებდა"... 70-იან წლებში ოპერის თეატრში დადგმული "ლოენგრინი" და "მფრინავი ჰოლანდიელი" მალე მოიხსნა სცენიდან. მას შემდეგ გავრცელდა აზრი, რომ ქართველ მომღერლებს (სხვათა შორის, ისევე როგორც რუსებს) უჭირთ ვაგნერის შესრულება და სწორედ ესაა თბილისში დადგმული ვაგნერის ოპერების წარუმატებლობის მიზეზი. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას ვახტანგ მაჭავარიანიც იზიარებს - 14 ივნისისთვის დაგეგმილ კონცერტზე მას უცხოელი მომღერლები: ნატაშა პეტრონსკი, დებორა პოლასტი, გიოსტა ვაინბერგი და სხვები ჩამოყავს. არც ერთი მათგანი ჰონორარს არ ითხოვს. მომღერლებმა იციან, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა ძლივს შეგროვდა. პროექტის ავტორები ტელევიზიით რამდენიმე თვის განმავლობაში მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას სთხოვდნენ. ძვირად ღირებული სანოტო მასალა ორკესტრს გერმანიის საელჩომ აჩუქა. თუმცა ვერც უცხოელების დახმარებამ უშველა საქმეს. ამიტომ ვაგნერის "ტრისტანი", რომელიც, ჩვეულებრივ, თითქმის ოთხი საათი გრძელდება, 120 წუთამდე შემცირდება. სცენაზე არ იქნება დეკორაცია, მომღერლებს არ ეცმევათ კოსტიუმები. ერთმა მელომანმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, ვაგნერს საკონცერტო შესრულებით "ჩემმა მტერმა" უსმინოსო... ვახტანგ მაჭავარიანმაც, ცხადია, კარგად იცის, რომ დეკორაციისა და კოსტიუმების გარეშე, კუპიურებით შესრულებული "ტრისტანი" მხოლოდ "ნახევარი ვაგნერი" თუ იქნება... მაგრამ მით უფრო საინტერესო უნდა იყოს, როგორ შეძლებენ ჩვენი ორკესტრის მუსიკოსები და უცხოელი მომღერლები ამ "ცარიელი ნახევრის" შევსებას. თავად ვახტანგ მაჭავარიანს დასაკარგი არაფერი აქვს... პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაესტროს განცხადება აქვს დაწერილი - ტოვებს ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრს... ასე რომ, "ტრისტანი და იზოლდას" ჩავარდნით პირადად მაჭავარიანს არაფერი ემუქრება. სამაგიეროდ, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მაესტრო ქართული მუსიკის ისტორიაში შევა როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერის თეატრში "ტრისტანი და იზოლდა" ააჟღერა.
XS
SM
MD
LG