Accessibility links

კონფლიქტების გამწვავების სახიფათო ტენდენცია აფრიკაში


აფრიკას ჩვენს გადაცემებში შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ ბოლო დროს მისი რამდენიმე ქვეყნიდან იმდენად შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება, რომ უყურადღებობის უფლება ნამვდილად არა გვაქვს:

მავრიტანიაში მეამბოხეებმა მთავრობის დამხობა სცადეს; ლიბერიაში ათასობით ადამიანი გარბის, რათა თავი აარიდოს დედაქალაქ მონროვიის გარეუბნებში მთავრობისა და მეამბოხეების ჯარებს შორის შეტაკებებს; ხოლო კონგოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მოკლედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვითარებას სიღატაკით, დაავადებებით, კორუფციითა და პოლიტიკური არასტაბილურობით ისედაც დაღდასმულ კონტინეტზე კიდევ უფრო გაუარესება ემუქრება. რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ამ შეკითხვით ჩვენი რადიოს თანამშრომელმა ანტუან ბლუამ მიმართა რამდენიმე ექსპერტს და შეიტყო, რომ მათი აზრი აფრიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ არც ისეთი უარყოფითი, გნებავთ პესიმისტურია, როგორც, შესაძლოა რიგითი ევროპელი ფიქრობდეს. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, კრისტოფერ კლეპჰემის აზრით, საქმე ეხება აფრიკის არა დაღმასვლას, არამედ იქ მიმდინარე ცვლილებებს როგორც უკეთესობისაკენ, ისე უარესობისაკენ: [კლეპჰემის ხმა]
"ცივი ომის ბოლო პერიოდთან შედარებით ახლა აფრიკაში არის ბევრი რეგიონი, სადაც ტარდება შედარებით თავისუფალი და სამართლიანი მრავალპარტიული არჩევნები, სადაც პოლიტიკური სტაბილიზაციის უკეთესი პერსპექტივაა, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ არსებობს რეგიონებიც, როგორიცაა დასავლეთი აფრიკა - (ლიბერია, სიერა ლეონე, გვინეა, კოტ დივუარი), აგრეთვე ცენტრალური აფრიკა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუანდა, ბურუნდი), სადაც ვითარება კვლავინდებურად ძალიან მძიმეა."

მართლაც, დემოკრატიზაცია მძიმე ამოცანაა აფრიკის მრავალ სახელმწიფოში, რომელთა განვითარებას სოციალ-ეკონომიკური პრობლემები აფერხებს. მეთვალყურეების შეფასებით, ბოლოდროინდელი მოვლენები მავრიტანიაში, ლიბერიასა და კონგოში ცხადჰყოფს, რომ კონფლიქტების მთავარ მიზეზად სწორედ ქრონიკული სიღატაკე რჩება. თუმცა, ბუნებრივია, სხვადასხვა კონფლიქტს სხვადასხვა წინაისტორია აქვს. მაგალითად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მავრიტანიაში, ერაყის ომის უშუალო შედეგად მიაჩნია სამხრეთაფრიკელ მკვლევარს, პრეტორიის უშიშროების საკითხთა კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელ რიჩარდ კორნუელს: [კორნუელის ხმა] "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაბული ქვეყნის მთავრობასთან, რომელიც შედარებით პრო-დასავლურ პოლიტიკას ატარებს, აღიარებული ჰყავს ისრაელის სახელმწიფო, უარს ამბობს ერაყში ამერიკელების შეჭრის დაგმობაზე. ამან კი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია არმიის ისლამისტურ წრეებში. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამწვავა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მთელი რიგი ისლამისტების დაპატიმრებამ. ვფიქრობ, ამან დააჩქარა გადატრიალების მცდელობა".

ასევე სამხრეთაფრიკელი მკვლევარი, პრეტორიაში განთავსებული აფრიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პატრიკ რანკჰუმეიზი კი კონფლიქტების გამომწვევ ზოგად, ეკონომიკურ ფაქტორს უბრუნდება: მისი შეფასებით, აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები იწყება მაშინ, როცა პოლიტიკის მეშვეობით სურთ ეკონომიკური რესურსების ხელში ჩაგდება. ამ აზრს იზიარებს რიჩარდ კორნუელიც, რომლის თქმით, ეთნიკური თუ რელიგიური ფაქტორები, არც თუ იშვიათად, მხოლოდ ემატება ხოლმე მთავარ პრობლემებს - ესენია ეკონომიკური რესურსების სიმწირე და აფრიკული სახელმწიფოების უუნარობა, თავიანთი ადგილი გამონახონ "მსოფლიო წესრიგში".

დაბოლოს, რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის როლს, კორნუელი აკრიტიკებს ეკონომიკურ პოლიტიკას, როცა გლობალური ვაჭრობის წესებს მაღალგანვითარებული ქვეყნები ადგენენ და აფრიკის ქვეყნებისაგან ამ წესების მხოლოდ დაცვას მოითხოვენ. "ცივი ომის შემდეგ აფრიკამ თითქმის მთლიანად დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა და დასავლეთის თვალში მეორეხარისხოვან პრობლემად იქცაო", სინანულით აღნიშნავს სამხრეთაფრიკელი პოლიტოლოგი.

თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება: გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, კონგოში დაიწყო ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განთავსება. სამხრეთ-აღმოსავლეთი კონგოს ქალაქ ბუნიაში 6 ივნისს ფრანგი მშვიდობისდამცველები ჩავიდნენ. ასევე ფრანგი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომლის მიზანი იყო ასობით უცხოელის ევაკუაცია ლიბერიის დედაქალაქიდან.
XS
SM
MD
LG