Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენება ტრეფიკინგის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა თავისი მესამე ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება ტრეფიკინგის შესახებ. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,

ყოველწლიურად ერთ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და მონურ პირობებში უხდება ცხოვრება.

წარუდგინა რა ჟურნალისტებს საანგარიშო მოხსენება, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მოუწოდა ყველა ქვეყანას მკაცრად დასაჯონ ისინი, ვინც ადამიანებით ვაჭრობა გაიხადა თავის პროფესიად [კოლინ პაუელის ხმა]: "ჩვენს 21-ე საუკუნეში, როცა ყველა კონტინენტზე თავისუფლება და დემოკრატია ვრცელდება, ამაზრზენი და მორალურად გაუმართლებელია ის ფაქტი, რომ ასეული ათასობით მამაკაცს, ქალსა და ბავშვს ექსპლუატაციას უწევენ, უდიერად ეპყრობიან და მონურ პირობებში აცხოვრებენ ისინი, ვინც გაჭივრებული ადამიანებით ვაჭრობს".

კოლინ პაუელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ტრეფიკინგის პრობლემას დაუპირისპირდა ყველა სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც, სადაც 20,000-დე ადამიანი ჩაჰყავთ ყოველწლიურად კონტრაბანდული გზით და საროსკიპოებში, აგრეთვე ოფიციალური ნებართვის გარეშე ქარხნებსა და ფერმებში ამუშავებენ მინიმალური ანაზღაურებით.

საანგარიშო მოხსენებაში სამ ჯგუფადაა დაყოფილი ქვეყნები იმისდა მიხედვით, თუ რა კეთდება ამ ქვეყნებში ტრეფიკინგის აღსაკვეთად. იმ 15 სახელმწიფოს შორის, რომლებიც მესამე ჯგუფს ეკუთვნიან, და სადაც მთავრობები მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის პრობლემის მოსაგვარებლად, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კუბა, საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანი, თურქეთი და უზბეკეთია მოხსენიებული.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მეორე ჯგუფში შემავალი 74 ქვეყანა ასევე ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ ცდილობს ამის გაკეთებას. ამ ჯგუფში, სხვებთან ერთად ალბანეთი, ბელორუსია, ბულგარეთი, ჩინეთი, უნგრეთი, იაპონია, ყირგიზეთი, ლატვია, მოლდავეთი, პაკისტანი, რუმინეთი, რუსეთი, სერბია-ჩერნოგორია, სლოვაკეთი, სლოვენია, ტაჯიკეთი და უკრაინა შედიან.

ის ქვეყნები, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებენ წაყენებულ სტანდარტებს პირველ ჯგუფში არიან გაერთიანებული. სხვებთან ერთად, აქ, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი არიან მოხსენიებული. საანგარიშო მოხსენების ავტორები მიიჩნევენ, რომ პირველ ჯგუფში შემავალი ქვეყნები განუხრელად ასრულებენ ამერიკის კონგრესის მიერ 2000 წლის ოქტომბერში მიღებულ კანონს: "ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტს".
XS
SM
MD
LG