Accessibility links

logo-print

პოლიციამ "კმარას" წევრები დააკავა


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 12 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, დააკავეს მოძრაობა "კმარას" რამდენიმე წევრი. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ საღებავებით ასფალტზე

წერდნენ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ თავიანთ დევიზს. რამდენიმე საათის მანძილზე სტუდენტები სამინისტროში ჰყავდათ. პოლიციაში შევიდნენ ადვოკატები, პოლიტიკოსები, კერძოდ, ზურაბ ჟვანია, მაგრამ მინისტრი ნარჩემაშვილი შეუვალი იყო: სტუდენტების გაშვებას არ აპირებდა. ნარჩემაშვილმა მათი დაკავების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ერთ-ერთმა "კმარელმა", თეა თუთბერიძემ, მინისტრს უთხრა, საგარეჯოში სუსტი პოლიცია გყოლიათო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერმუშაკების მიერ "კმარას" 9 წევრის დაკავებისა და შენობაში იძულებით შეყვანის შემდეგ ტერიტორია სამინისტროს წინ მალე გაივსო სტუდენტებით, უფლედამცავებით, ჟურნალისტებითა და, საერთოდ, დაკავებულთა გულშემატკივრებით. მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა აუწყა საზოგადოებას, რომ დაკავებულ პირებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მათ ეჭვმიტანილთა სახით დაჰკითხავენ. კობა ნარჩემაშვილმა მოვლენათა შესაძლო განვითარება ასე დაინახა და პოლიციის ქმედებაც შესაბამისად ახსნა [ნარჩემაშვილის ხმა]: "ერთხელ საღებავს შეასხამენ, მერე პოლიციას სცემენ, მერე შემოვარდებიან და იარაღს წაიღებენ, მერე კიდევ შემოვარდებიან და ათასგვარ უბედურებას დაატრიალებენ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ ამ შემთხვევაში უნდა დაიცვას პოლიცია, როგორც კანონის დამცველი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება. ვერავინ ვერ მოითმენს იმას, რომ ტანზე, ზურგზე და სახეზე გვასხან საღებავები. ვერც ერთ შემთხვევაში მე, როგორც მინისტრი, ვერ დავუშვებ იმას, რომ მოხდეს პოლიციის დისკრედიტირება და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს დასუსტება".

ასე აღშფოთებული შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის დისკრედიტირების სხვა მცდელობათა დროს არ გვინახავს: მაგალითად, როცა პოლიციაში აწამებენ დაკავებულებს, სცემენ, ენაზე და სასქესო ორგანოებზე ელექტროდენს უერთებენ, როცა მოქალაქეს ნარკოტიკს ჩაუცურებენ და მერე ფულს სძალავენ ან როცა ლამის ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულს ამსუბუქებენ დაუწერელი ტარიფების შესაბამისად. ამ ყველაფერს მინისტრი აქამდე ინელებდა, მაგრამ მოთმინების ფიალა, ჩანს, სწორედ 12 ივნისს აევსო. პოლიცია, უბრალოდ, იძულებული იყო სისხლის სამართლის საქმე აღეძრა, რადგან სხვაგვარად ვერ გაამართლებდა 9 ახალგაზრდის უკანონო დაკავებას. რაც უნდა არწმუნოს ნარჩემაშვილმა საზოგადოება "კმარას" წევრებს დანაშაულზე წაასწრესო, აშკარაა, რომ მინისტრსა და მის თანამშრომლებს უფრო ნერვებმა უმტყუნათ. რაც შეეხება "კმარას" 9 წევრს, ისინი საღამოს 11-ის ნახევარზე გამოუშვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
XS
SM
MD
LG