Accessibility links

logo-print

1953 წლის 17 ივნისის აღმოსავლეთგერმანული ამბოხი


17 ივნისის აჯანყების სახელით

შევიდა ისტორიაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ 1953 წლის ამბოხი, რომელიც იოლად იქნა ჩახშობილი და რომელსაც ამ სოციალისტურ ქვეყანაში 1989 წელს იხსენებდნენ, როგორც ძალიან მნივშნელოვან, თამამ გამოსვლას კომუნისტური ბატონობის წინააღმდეგ. აი, რას აუწყებდა გერმანული საინფორმაციო კინოჟურნალი "ვოხენშაუ" მაყურებელს ამ მოვლენის შესახებ, რომელსაც თავიდან, ამას ეს ჩანაწერიც მოწმობს, ახლდა გარკვეული ნაადრევი აღტაცება, შემდგომში რომ არ გამართლდა:
["ვოხენშაუს" წამყვანის ხმა]
დიქტორი მაყურებელს მოუთხრობს ბერლინელი მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნებზე, ასევე იმაზე, თუ რა ხდებოდა ბერლინის აღმოსავლეთში, როგორ შეუტია ხალხმა კომუნისტების პარტიას, როგორ ჩამოხსნა წითელი დროშა ბრანდენბურგის ჭიშკრიდან და მის ნაცვლად როგორ აღმართა გერმანიის დროშა. შემდგომ "ვოხენშაუს" ავტორი გვამცნობს იმას, თუ როგორ იქნა ჩახშობილი ამბოხი საბჭოთა ტანკის ძალით, როგორ იგერიებდნენ ტანკებს და როგორ გახსნა საბჭოთა ჯარმა პირველი ცეცხლი. 18 ივნისს ბერლინში უკვე სიმშვიდე სუფევდა. აჯანყება ჩაახშეს. ამბოხი ერთობ მშვიდად დაიწყო. ერთი გერმანელი ისტორიკოსი ირონიულად შენიშნავს: მხოლოდ გერმანიაში შეიძლება ასე ამბოხებაო. 1953 წლის 15 ივნისს გაფიცული მუშების დელეგაცია მივიდა პრემიერ- მინისტრ ოტო გროტევოლთან და მიუტანა მოთხოვნების წერილი, რომელიც შეეხებოდა მთავრობის მიერ ხელფასების შემცირების გადაწყვეტილების გაუქმებას მეორე დღის შუადღემდე. გროტევოლს ისინი არ მიუღია. გაფიცული მუშების დელეგაცია მეგობრული დაპირებით, რომ დაეხმარება, გაისტუმრა გროტევოლის თანაშემწემ. გაფიცულების ამ პირველი მოთხოვნის მოგვარება დაევალა სოციალისტური ერთიანი პარტიის რეგიონალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების უფროსს ბრუნო ბაუმს, რომელიც 30-იან წლებში სტალინისეულ წმენდას და ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკსაც გადაურჩა. ბრუნო ბაუმის, ამ მტკიცე, ძველი კომუნისტის შეფასებით, გაფიცულების მოთხოვნა იყო აშკარად დასავლეთიდან ინსპრირებული აქცია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჰყოლოდნენ. ეს იყო ბაუმის საბედისწერო შეცდომა. მეორე დღეს აჯანყება მოედო მთელ აღმოსავლეთ ზონას, როგორც უწოდებდნენ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას. ჯერ ბერლინში მშენებლები გავიდნენ ქუჩაში, შემდეგ კი 700-მდე დასახლებულ პუნქტში მილიონზე მეტი ადამიანი ჩაება ერთიანი სოციალისტური პარტიის საწინააღმდეგო აჯანყებაში. გაიფიცა ათასობით საწარმო, დაიკავეს პარტიის ბიუროები, შეუტიეს ციხეებს. კომუნისტურმა ხელისუფლებამ საბჭოთა არმიას შეაფარა თავი. გდრ-ის მთავრობა თავის გადარჩენას უმადლოდა გენერალ- ლეიტენანტ ანდრეი გრეჩკოს, შემდგომში საბჭოთა კავშირის მარშალს, რომელიც მაშინ ექვს არმიას მეთაურობდა და თავის განკარგულებაში ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი ჰყავდა. გრეჩკომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის ტერიტორიის 70 პროცენტზე. მხოლოდ ბერლინში 600 საბჭოთა ტანკი შევიდა. სამხედრო ტრიბუნალმა 18 ამბოხებული დახვრიტა. დაიღუპა 60-დან 80-მდე მეამბოხე. აჯანყებულთა 13 ათასი მეთაური დააპატიმრეს. აი, კიდევ ერთი მაშინდელი ჩანაწერი - დასავლეთ ბერლინის "რიას ბერლინის" რადიოს კორესპონდენტს დემონსტრაციის მონაწილეები უამბობენ:
["რიას ბერლინის" დიქტორის და გაფიცულების ხმა]
" შინიდან წამოვედით და პროფკავშირელ ნაცნობებთან ერთად გაფიცვას შევუერთდით. კომუნისტ აქტივისტებს ხალხი უტევს, ორი დემონსტრანტი დაღუპულა უკვე. - ეს თვითონ იხილეთ თუ გაგონილი გაქვთ? - არა, ერთმა მუშამ გვითხრა, როგორ გადაუარა მუშას ტანკმა თავზე. სროლით ჯერ არ უსვრიათ, მაგრამ ტანკები ხალხის ჯგუფში შეიჭრნენ".
გერმანიის დასავლეთში კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილეები მათი სიმამაცისთვის ერთობ დაფასებულები იყვნენ. ისტორიკოსმა თეოდორ შიდერმა მოგვიანებით ბუნდესტაგში გამოსვლისას თქვა, რომ 17 ივნისი გერმანიის ისტორიული რეაბილიტაციის დღე იყო, თუმცა სოციალისტური ბანაკი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა ამ ამბოხს დასავლეთის პროვოკაციად ნათლავდა. გდრ-ის სახელმწიფო რადიომ 26 ივნისს გადასცა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური ორგანოს გაზეთ "პრავდის" მოწინავე სტატია, რომლის პათოსი ათწლეულების მანძილზე არ იცვლებოდა და რომელიც ყველა მოვლენაზე ამ განწყობით წერდა. [რადიოს დიქტორის ხმა]
"აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და დასავლეთ გერმანიის რეაქციულმა პრესამ ამ დღეებში პროპაგანდისტული კამპანია გააჩაღა, რათა გააყალბონ ის, რაც 17 ივნისს მოხდა ბერლინში. პრესის ეს ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა მასამ სწორი სურათი ვერ შეიქმნას იმ მოვლენებზე და იმ ხალხზე, ვინც ამ დანაშაულებრივი ავანტიურის ინსპირირება და ორგანიზაცია მოახდინა. მტკიცდება, რომ ბერლინში მომხდარი პროვოკაცია იყო იმ რეაქციული ძალების..."
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდგომ წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 17 ივნისი დასვენების დღე იყო. მაგრამ ამ დღეს ხალხი მხოლოდ ისვენებდა, თავად მოვლენას კი არავინ იგონებდა. მას მერე, რაც გერმანიის გაერთიანების დღედ 3 ოქტომბერი გამოცხადდა, "17 ივნისი" საერთოდ ამოიძირკვა საზოგადოებრივი მეხსიერებიდან. და მხოლოდ ახლა, 50 წლისთავზე, გადაწყვიტეს, ეს დღე განსაკუთრებით აღნიშნონ. გერმანიის პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ სამაგალითო უწოდა მაშინდელი ამბოხის მონაწილეთა სიმამაცესა და თავისუფლების სიყვარულს. ისტორიკოსები აღნიშნავენ ამ ჯანყის ერთ ნაკლს. მათი აზრით, რევოლუციონერებს არ ჰქონდათ თავიანთი სტრატეგია, არ ჰყავდათ რეალური წინამძღოლები. გერმანიის რევოლუციათა ისტორიაში ჩახედულები იმასაც წერენ, რომ გერმანელ რევოლუციონერებს ყოველთვის ავიწყდებოდათ ძალაუფლების ხელში აღების საკითხი. "17 ივნისის" მეამბოხეებმა ალტერნატიული მთავრობა არ შექმნეს: მათ, ფაქტობრივად, არსებული მთავრობის მიმართ მოთხოვნების შესრულებაც დააკმაყოფილებდათ. საბჭოთა კავშირს თავისი არსებობის მანძილზე ასე არც ერთი სხვა ამბოხის ჩახშობა არ გაადვილებია. და, შესაბამისად, საბჭოთა არმიის სისასტიკეც ნაკლები იყო, თუნდაც უნგრეთთან შედარებით. იქ ამბოხების დროს 1956 წელს ათასობით ადამიანი დაეცა ქუჩის ბრძოლებში, 300 მონაწილე დახვრიტეს.
XS
SM
MD
LG