Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის რეფერენდუმი ევროკავშირში ინტეგრაციაზე


პარასკევს ჩეხეთში დაიწყო რეფერენდუმი, რომელზეც ჩეხეთის მოქალაქეები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკუთარ ნებას გამოხატავენ. თავისი მეზობლებისგან,

ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების - პოლონეთისა და სლოვაკეთისგან ჩეხეთს ბევრი რამ განასხვავებს. ერთ-ერთი მათ შორის ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის ერთგვარი სკეპტიციზმი გახლავთ, რომელსაც ის ევროკავშირის მიმართ ავლენს. რა შედეგებს შეიძლება მოველოდეთ ჩეხეთის 13-14 ივნისის რეფერენდუმისგან. ნინო გელაშვილს მოუსმინეთ.

ჩეხეთის კანონით არ არის დადგენილი რეფერენდუმში მონაწილეთა მინიმალური კვოტა იმისათვის, რომ რეფერენდუმი ქმედითად ჩაითვალოს. თუკი რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა ხმას მისცემს ჩეხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას, მაშინ ჩეხეთის პარლამენტს აღარ დასჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიკაცია. იმ შემთხვევაში, თუკი რეფერენდუმი უარყოფითი შედეგით დასრულდება, მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს პრეზიდენტს მომავალი ორი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ ჩაატაროს რეფერენდუმი. ბოლო დროს ჩეხეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, კერძოდ - ორი მესამედი მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას. ეგ არის, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობის დაბალმა აქტიურობამ შეიძლება ძალიან დაბლა დაწიოს მომხრეთა წილი. თუმცა, გამოკვლევების თანახმად ამომრჩეველთა სამოცი პროცენტი აპირებდა რეფერენდუმში მონაწილეობას. ბევრი მათგანი მოტივაციად პროცესის გარდაუვალობასაც ასახელებდა. მაგალითად ჩეხეთის ორი მოქალაქის მოსაზრებას მოგიყვანთ, რომლებმაც "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს:

[ჩეხი ამომრჩევლის ხმა]
"მე მივიღებ მონაწილეობას და მხარს დავუჭერ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან სხვა გზა არ არის. ცხოვრების დონე გარკვეული ხნის მანძილზე უცვლელი დარჩება, მაგრამ ამის შემდეგ გაჩნდება პროგრესული მიმართულება"

მეორე რესპონდენტს გარდაუვალობასთან ერთად და იზოლაციის შიშიც ამოძრავებს:

[ჩეხი ამომრჩევლის ხმა]
"მე მხოლოდ ერთი მიზეზით წავალ ხმის მისაცემად - სხვა გზას ვერ ვხედავ. ჩვენ იზოლირებული აღმოვჩნდებით, სხვადასხვა სახის სავაჭრო და ფინანსური აკრძალვების გზით".

ევროკავშირში ინტეგრაციას სკეპტიკურად უყურებს ჩეხეთის მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ნაწილი. ამ ფენის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს:

[ჩეხი ამომრჩევლის ხმა] 061258
"ეს მე არ მეხება, ეს არ ეხებათ ღარიბებს. ყველაფერი ისევე ცუდად იქნება, როგორც აქამდე იყო. მე არ მივიღებ მონაწილეობას რეფერენდუმში. მგონია, რომ ეს უფრო მეტ პრობლემებს შეგვიქმნის და მე ამით არ გავმდიდრდები."

აი, ასეთი განწყობით ხვდებიან ჩეხები რეფერენდუმს, რომელიც ყველაზე უფრო მოსალოდნელია, რომ დადებითი შედეგით დასრულდება. საარჩევნო უბნები 14 ივნისს შუადღის ორ საათზე იხურება.

რეფერენდუმს წინ უსწრებდა რამდენიმე მოვლენა, კერძოდ: ევროპის კონვენციაში ჩეხეთის სამიდან ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - იან ზაჰრადილმა 12 ივნისს დატოვა ეს უწყება იმ მიზეზით, რომ კონვენციის დღის განრიგი ძალიან ფედერალისტურ ხასიათს იღებდა. კონვენციამ მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე უნდა წარადგინოს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი. ზაჰრადილის ასეთი ნაბიჯი, ისევე, როგორც ვაცლაც კლაუსის 12 ივნისსავე გაკეთებული განცხადება ალბათ, რეფერენდუმის წინ ერთსა და იმავე განწყობას უქმნის საფუძველს. კერძოდ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა გუშინ სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩეხებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირში შესვლა არის არა სიყვარულით, არამედ გარიგებით ქორწინება. კიდევ ერთი, კლაუსს არ უთქვამს თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეფერენდუმზე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG