Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 491-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი, როგორც ყოველ პარასკევს, დღესაც "მეათე სტუდიას" დაეთმობა. რადიოჟურნალის 491-ე გამოშვება თითქმის მთლიანად ეძღვნება კულტურისა და სოციალურ სფეროებს. ჯერ მოგითხრობთ წიგნის მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც 11 ივნისს თბილისში გაიხსნა; შევეცდებით დავადგინოთ, როგორი მდგომარებაა საქართველოს წიგნის ბაზარზე; მოგითხრობთ კათოლიკეთა პოლიკლინიკის საქმიანობაზე თბილისში; გიამბობთ ლონდონელთა გეგმაზე, ქალაქის ცენტრში აღმართონ მონუმენტი, რათა დავიწყებას არ მიეცეს ის განსაცდელი, ბრიტანეთის დედაქალაქმა მეორე მსოფლიო ომის დროს რომ გამოიარა; რადიოჟურნალის ბოლოს შემოგთავაზებთ ინტერვიუს მევიოლინე ელისაბედ ბათიაშვილთან;. "მეათე სტუდიას" პრაღაში უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

წიგნის ფესტივალი თბილისში

დავით კაკაბაძე:
11 ივნისს თბილისში წიგნის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ფესტივალის მზადებასა და მის ზოგიერთ მონაწილეზე ჩვენ აქამდეც გვიამბნია. დღეს შემოგთავაზებთ დავით პაიჭაძის რეპორტაჟს რამდენიმე ისეთ გამომცემლობაზე, რომელიც ჩვენს გადაცემებში ჯერჯერობით არ გვიხსენებია. ამ გამომცემლობათა წარმომადგენლები თავად გაგაცნობენ პროდუქციას, რომლის ნახვაც წიგნის ფესტივალზე, თბილისის ფილარმონიის ფოიეში, შეგიძლიათ.

დავით პაიჭაძე:
წიგნის ფესტივალზე პირველივე დღიდან უამრავი ადამიანი მივიდა და, ალბათ, მათი დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ექსპონირების კულტურა წელს, წინა ფესტივალებთან შედარებით, შესამჩნევად მაღალია. თუმცა ისიც მართალია, რომ ფილარმონიის ფოიე და ანტრესოლი ფესტივალს აღარ ჰყოფნის. დაკვირვება იმაზე, რაც ამ დღეებში ფილარმიონიაში ხდება, ცხადყოფს, რომ წიგნის ბეჭდვა და იმპორტი საქართველოში გაიზარდა და მის მასშტაბზე სრულფასოვანი წარმოდგენის შექმნას მეტი სივრცე სჭირდება. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ გამომცემელთა სახელებს დაემატა დინამიურად მომუშავე ახალი გამომცემლობები. ერთი მათგანის, "სანის", დირექტორი ზაზა ბერიშვილი მიყვება, რით დაიწყო, როგორ წარიმართება და რით დასრულდება ფესტივალი მისი გამომცემლობისთვის [ზაზა ბერიშვილის ხმა]: "იყო პრეზენტაცია ოთარ ჭილაძის ახალი წიგნის. 14-ში იქნება რეზო გაბრიაძის წიგნების პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციებს შორის იქნება შეხვედრები ახალგაზრდა მწერლებთან - რატი იონათამიშვილთან, ლექსო ლეკიაშვილთან და სხვებთან. გვაქვს ცოტა ადრე გამოცემული წიგნები, მაგალითად, გოდერძი ჩოხელის. მკითხველისათვის ცნობილი ავტორების ახალი წიგნებიც, ვთქვათ, ზურაბ ლეჟავას ორი ახალი წიგნი, კოსტა ელიას ახალი წიგნი"...

ასევე შედარებით ახალი გამომცემლობაა "მარსი", რომელმაც ბოლო პერიოდში გურამ დოჩანაშვილის პროზა დასტამბა რამდენიმე წიგნად. მისი წარმომადგენელი (სახელი აღარ მახსოვს) წიგნების ჩამოთვლას ახლაც დოჩანაშვილის ბოლო რომანით იწყებს [მამაკაცის ხმა]: "ლოდი ნასაყდრალია" გამოცემული, ნაირა გელაშვილის "დედის ოთახი" - მართალია, პირველი გამოცემა არ არის, მაგრამ... არის კრებული, რომელშიც ლიტერატურული გაერთიანება "კვალის" მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ტექსტები შევიდა: პროზა და დრამატურგია... არის გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ახალი კრებული".

გამომცემლობა "არტანუჯი" საისტორიო პროფილისაა. მისი ხელმძღვანელი ბუბა კუდავა სწორედ ისტორიული შინაარსის გამოკვლევებს, კრებულებს, პერიოდიკასა და სახელმძღვანელოებს მაცნობს [ბუბა კუდავას ხმა]: "პირველ რიგში, აღვნიშნავ წიგნს "საქართველოს ისტორია - XX საუკუნე". ეს არის სახელმძღვანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მაგრამ, ვფიქრობ, ინტერესით გაეცნობა ამ ბოლო პერიოდის - ზოგადად, მე-20 საუკუნის - ისტორიით დაინტერესებული მკითხველი. გამოვიდა ჟურნალ "არტანუჯის" სპეციალური გამოშვება, მიძღვნილი გრიგოლ ფერაძისადმი. აღსანიშნავია ჯაბა სამუშიას ნაშრომი "ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი". გამოვეცით მიხეილ ბახტაძის "ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში"...

საქართველოს საპატრიაქოს გამომცემლობის თავმჯდომარე გვანცა კოპლატაძე კი, ჩემი თხოვნით, ყველაზე ღირებულ გამოცემაზე ლაპარაკობს [გვანცა კოპლატაძის ხმა]: "ყველაზე ღირებულია წმინდა ბასილი დიდის თხზულებანი. თარგმნილია ძველი ბერძნულიდან და ამით მართლა აღდგენილია ტრადიცია, რომელიც შეწყდა დაახლოებით მე-12 საუკუნეში: პატროლოგიური ლიტერატურის პირდაპირ ბერძნულიდან თარგმნა. თარგმნილია ფსალმუნის კომენტარები და შესაქმის კომენტარები: ექვსთა დღეთა".

გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი აქამდელ საგამომცემლო პოლიტიკას აგრძელებს, ანუ წარმოადგენს პროდუქციას ბავშვებისათვის, ორიგინალურ და თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად [ოთარ ყარალაშვილის ხმა]: "დავიწყე თამაშების სერია: ერთი, ანბანი, ადრე მქონდა, მეორე კი მუყაოს ბარათებიანი თამაშია, ასე, ოთხი წლისა და უფროსი ბავშვებისათვის. რაც შეეხება წიგნებს, სულ ახალი და ცინცხალია მამუკა ლეკიაშვილის ლექსების წიგნი "პეკინის 19". ეს მამუკას მესამე წიგნია, ჩემ მიერ გამოცემული. თარგმნილი ლიტერატურა: ახლა გამოვცემ გოეთეს "არჩევით ნათესაობას" (ნელი ამაშუკელის თარგმანი), წარმოდგენილია ჰერმან ჰესეს ორი ტომი: "ტრამალის მგელი" და "ნარცისი და გოლდმუნდი".

რა თქმა უნდა, მსმენელი ხვდება, რომ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია ფესტივალზე წარმოდგენილ წიგნებთან შედარებით. და მაინც, ორ გამოცემაზე საგანგებოდ უნდა შევჩერდე, მიუხედავად იმისა, რომ წიგნები კარგა ხანია, დაიბეჭდა და საზოგადოებაც, ასე თუ ისე, იცნობს. ორივე "დიოგენეს" გამოცემაა: თამარ ლებანიძისა და გია ქარჩხაძის "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ" და რუთ ბელის "ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ორგანიზმში". ჩემს ხელთ არსებული ცნობით, ამ წიგნებმა უკვე დააინტერესა კლერიკალურად განწყობილი რამდენიმე სამოქალაქო და სასულიერო პირი. ვერ გეტყვით, მოუწყობენ თუ არა მათ აუტოდაფეს, მაგრამ ცნობილი "მაიმუნის პროცესის" მსგავსი სასამართლოს მოწმენი კი შეიძლება გავხდეთ.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ბევრი მკითხველისთვის წიგნი ფუფუნების საგნად არის ქცეული

დავით კაკაბაძე:
წელიწადში ერთხელ გამართული წიგნის ფესტივალი, მართლაც, კარგი საშუალებაა წიგნის "ბაზარზე" არსებული სურათის დასანახად, იმის დასადგენად, თუ რა წიგნს ელის მკითხველი, როგორია მისი, ანუ მკითხველის, მსყიდველობითი უნარი, რომელი წიგნის ყიდვის აუცილებლობას გრძნობს იგი. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად თამარ ჩიქოვანი შეხვდა და ესაუბრა როგორც რიგით მკითხველებს, ისე მათ, ვისთვისაც წიგნის რეალიზაცია ყოველდღიურ საქმიანობად ქცეულა.

თამარ ჩიქოვანი:
თუ წიგნის ბაზრობაზე ჯერაც არ ყოფილხართ, გირჩევთ, დარჩენილი დღეები გამოიყენოთ. ისინი, ვინც წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრნენ, ხალხმრავლობის გამო დახლებზე გამოფენილი წიგნების დათვალიერების შეუძლებლობას უჩიოდნენ. სადაგ დღეებში წიგნის ფესტივალზე შედარებით სიხალვათე გახლავთ. ასე რომ, გამოფენილი წიგნების დასათვალიერებლად ხელს არავინ შეგიშლით.
ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ - მკითხველი ფესტივალზე კონკრეტული წიგნის შესაძენად მიდის. მართალია, დახლზე გამოფენილი წიგნების შეძენის ცდუნებას ბევრი გრძნობს, მაგრამ "კბენია" ფასების გამო ბევრი მხოლოდ წიგნის დათვალიერებას სჯერდება.

რა იყიდება ყველაზე უკეთ ქართული წიგნის ბაზარზე? - ამ კითხვაზე ყველაზე ზუსტი პასუხი, ალბათ, იმან იცის, ვინც წიგნების გაყიდვით ყოველდღიურად არის დაკავებული. 43 წლის გურამ ოთორია წიგნებით, მეხუთე წელია, ქუჩაში ვაჭრობს. მის დახლზე უმეტესად ქართული წიგნებია. გურამის თქმით, ყველაზე უკეთ საბავშვო ლიტერატურა იყიდება. რაც შეეხება ქართველ მწერლებს, მისი დაკვირვებით, ყველაზე დიდი მოთხოვნილებით ნოდარ დუმბაძის წიგნები სარგებლობს. ყოველ შემთხვევაში, ნოდარ დუმბაძის არც ერთი ნაწარმოები ერთ დღეზე მეტად გაუყიდავი არ რჩება.

პარლამენტარი მიხეილ ნანეიშვილი წიგნების შერჩევისას გარკვეული პრინციპით სარგებლობს. მისი აღიარებით,
[მიხეილ ნანეიშვილის ხმა] "ბუნებრივია, თუ გამოცემულია ქართული კლასიკოსების ნაშრომები ან ნაშრომი, რომელიც ეკუთვნის გამოჩენილ მეცნიერს ან პუბლიცისტს, ამას, ბუნებრივია, ვყიდულობ. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს თნამედროვე ავტორებს, უნდა გამოგიტყდეთ, რომ არ ვყიდულობ. თუმცა ვეცნობი ზერელედ - ყველაფერს ვერ წავიკითხავ. და არ გამჩენია სურვილი, ეს ჩემი წიგნი იყოს, თაროზე იდოს. შეიძლება, მე ვერ ვხვდები ამ ნაწარმოებების ღირსებებს, მაგრამ ასეა."

40 წლის დათო მაისურაძე, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი, დღემდე ნოსტალგიით იხსენებს იმ დროს, როცა მისი ოჯახის ბიბლიოთეკა ხშირ-ხშირად ივსებოდა ახალ-ახალი წიგნებით.

მაია რატიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას რუსულენოვანი სკოლა აქვს დამთავრებული. შესაბამისად, საზღვარგარეთულ ლიტერატურას, როგორც წესი, რუსულ ენაზე ეცნობა, რადგან, ყველაფერთან ერთად, მიაჩნია, რომ რუსული მთარგმნელობითი სკოლა საკმაოდ მაღალპროფესიულია. თუმცა ახლახან წაიკითხა ქართულ ენაზე თარგმნილი ყურბან საიდი და მოხიბლული დარჩა.

[მაია რატიშვილის ხმა] "კიდევ ერთი წიგნი მომეწონა ძალიან - "სერებრენნი ვეკ" - რუსული პოეზია, რომელიც ქართულად თარგმნეს კოტე ყუბანეიშვილმა და ვახუშტი კოტეტიშვილმა. ვინც თარგმნა - ძალიან კარგად თარგმნა. სიტყვასიტყვით თარგმანი არ იყო. განსაკუთრებით კოტე ყუბანეიშვილის თარგმანი მომეწონა. სული იგრძნობოდა ლექსის. თან, იყო იმის შესაძლებლობა, რომ რუსულადაც წაგეკითხა და მერე - ქართულად. შედარებისთვის ძალიან კარგი იყო."

მოკლედ, ქართველ მკითხველს, როგორც ჩანს, კარგი გემოვნება შემორჩა. თუმცა, ბუნებრივია, ძალზე სამწუხაროა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის წიგნი ფუფუნების საგნად იქცა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

თბილისის კათოლიკეთა პოლიკლინიკა ხუთი წლისაა

დავით კაკაბაძე:
რამდენიმე კვირის წინათ ხუთი წელი შეუსრულდა თბილისში მოქმედ კათოლიკურ პოლიკლინიკას "ქრისტე - ადამიანის მხსნელი", რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თაოსნობითა და საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით 1998 წელს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ბევრი მართლმადიდებელი უნდობლად ეკიდებოდა სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას, სულ მალე კამილიელთა რუდუნებამ და სამედიცინო პერსონალის მზრუნველობამ ჩვეული წარმოდგენა დაამსხვრია და დღეს თბილისის გარეუბანში მდებარე პატარა კეთილმოწყობილი პოლიკლინიკა სოციალურად დაუცველ ადამიანთა ნამდვილ თავშესაფრად ითვლება. ამის მიზეზი კი მარტივია: კათოლიკური პოლიკლინიკის დევიზია ადამიანების განკურნება განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა და, როგორც კობა ლიკლიკაძე იუწყება, მედპერსონალიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისგან შედგება.

კობა ლიკლიკაძე:
ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ შენს თანამოქალაქეთა ჯანმრთელობაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები უფრო ზრუნავენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: საქართველოში არსებობის ხუთი წლის განმავლობაში კათოლიკური პოლიკლინიკა, რომელიც წმიდა კამილო დე ლელისის სახელს ატარებს, ყოველდღიურად საშუალოდ 30 პაციენტს უტარებს უფასო გამოკვლევას და ასევე უფასოდ ურიგებს მათ სხვადასხვა სახის მედიკამენტებს.

თბილისელი ქალბატონი სალომე პოლიკლინიკა "კამილიელების" სტაჟიანი პაციენტია. მას აქ ნევროზით დაავადებული 16 წლის შვილი დაჰყავს სამკურნალოდ. თავის დროზე სახელმწიფოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის პოლისით, რომელიც უფასო გამოკვლევას ითვალისწინებს, მან ბევრი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება მოირა, მაგრამ უსახსრო პაციენტს მიიღებაზე ყველგან უარი უთხრეს.

[სალომეს ხმა] "მადლობლები ვართ ან ხალხისა ძალიან. როცა მოვდივარ ან წამალია ან რაღაცა, გვეხმარებიან. ბავშვსაც მოვიყვან... სხვაგან სულ გვეშიანია, ფული არა გვაქვს. აქ მადლობელი ვარ, რა ვიცი. დღეს დამიბარა, ბავშვს სისხლი ავუღე. ყველაფერი არის უფასოდ. ისეთი მადლობლები ვართ, რომ ღმერთმა უშველოს."

ერთადერთი კათოლიკური პოლიკლინიკა საქართველოში რომის პაპის ლოცვა-კუთხევით საქართველოში 1999 წლის 25 მარტს დაარსდა. უფრო ადრე ანალოგიური სამკურნალო დაწესებულება პირველად სომხეთში გაიხსნა. ზედამხედველი, მონაზონი კორინა, რომელმაც საქართველოში ყოფნის დროს ქართული ენაც შეისწავლა და აქაური ტრადიციებიც, იხსენებს, რომ პოლიკლინიკის გახსნის თაობაზე რომის პაპს თხოვნით თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

[მონაზონ კორინას ხმა] "პირველად თქვენი პრეზიდენტი იყო ჩამოსული და რომის პაპს სთხოვა დახმარება. იმიტომ, რომ ჩვენ პირველი საავადმყოფო უკვე გვაქვს სასომხეთში და შეიძლება შევარდნაძემ ის ნახა და მოუნდა. ჰოდა რომის პაპმა ააშენა ეს პოლიკლინიკა."

მონაზონ კორინას თქმით, იმისთვის, რომ პაციენტებმა მათი პოლიკლინიკის დახმარებით ისარგებლონ, მხოლოდ ერთადერთი ფორმალობაა საჭირო - მათ უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი გამგეობის მიერ გაცემული პოლისი, დანარჩენზე კი უკვე თავად პოლიკლინიკა ზრუნავს, რომელსაც ამისთვის ყველაფერი აქვს - მედპესონალის კვალიფიციური კადრებით დაწყებული და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დამთავრებული. განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებს კი, რომლებიც ვერ ახერხებენ პოლიკლინიკაში მისვლას, სასწრაფო დახმარების მანქანა შინ აკითხავს. ასეთ ბრიგადებში მოწყალების დებად მეტწილად მოხალისე ახალგაზრდები მუშაობენ. ერთმა მათგანმა, რომელსაც ჩვენ სწორედ ასეთი გამოძახების შემდეგ ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ სნეული ადამიანის დახმარება მათ ქრისტიანულ მოვალეობას შედგენს.

[მოხალისე სანიტრის ხმა] "ყოველი ახალგაზრდა კვირაში ერთხელ დადის ავადმყოფთან, ყველაფრით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია. მედიკამენტით და ყველაფრით. მოგვყავს პოლიკლინიკაში, თუ ცუდად არის, ვეხმარებით ყველაფრით, ვაბანავებთ."

ასეთი გულმოწყალება და ყველა გაჭირვებული ადამიანის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება კათოლიკური პოლიკლინიკის მთავარი ღირებულებაა. "ყველასთვის ცხადია, თუ რამდენად საშურია რელიგიურ ინდიფერენტიზმისა და მორალური ორჭოფულობის ეპოქაში ის, რომ ქრისტეს მორწმუნეებს შეგვეძლოს ძმათა სამსახურში ვაჩვენოთ ჩვენი რწმენის ერთობა. ვაჩვენოთ თანამშრომლობისა და კორექტულობის მაგალითები" - საქართველოს ეკლესიის მეთაურს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ასეთი სიტყვებით მიმართავდა პოლიკლინიკის გახსნისადმი მიძღვნილ მისალმებაში რომის პაპი, იოანე პავლე მეორე.

ის ფაქტი, რომ "რელიგიური ინდიფერენტიზმისა და მორალური ორჭოფულობის" ეპოქაში, რამაც თავად ღვთისმსახურებსაც არ აუარა გვერდი, კამილიელთა კათოლიკურ პოლიკლინიკაში მხარდამხარ მუშაობენ სხვდასხვა რელიგიის მიმდევარი მოწყალების დები, სწორედ ამ "თანამშრომლობისა და კორექტულობის" ერთ მაგალითად შეგვეძლო მიგვეჩნია.

კობა ლიკლიკაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ლონდონში აღიმართება მონუმენტი "ბრიტანეთის ბრძოლის" მონაწილეთა უკვდავსაყოფად

[ბომბების გრუხუნი]

დავით კაკაბაძე:
1940 წლის იმ თვეებს, როცა გერმანიის "ლუფტვაფე" - ნაცისტთა არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები - ყოველდღიური თავდასხმებით შიშის ზარს სცემდა ბრიტანეთის მოსახლეობას, უინსტონ ჩერჩილი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად მიიჩნევდა. გერმანელებს ხომ ტოლს არ უდებდნენ არც ბრიტანელები და არც მათი მოკავშირეები - 16 ქვეყნის პილოტები, რომლებმაც ჰაერში ბრძოლის ბედი საბოლოოდ ანტიფაშისტური კოალიციის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მაგრამ გამოხდა ხანი და, როგორც მოსალოდნელიც იყო, იმ თვეების განსაცდელსა თუ მფრინავების გმირობაზე მოგონება თანდათან გაფერმკრთალდა - წიგნებში, რასაკვირველია არა, კოლექტიურ მეხსიერებას ვგულისხმობთ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც 1940 წლის დრამატული მოვლენები არასოდეს ამოშლია მეხსიერებიდან: ამ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ მონუმენტის აღმართვა ლონდონის ცენტრში, რათა დავიწყებას არ მიეცეს განსაცდელი, ამ დიდებულმა ქალაქმა რომ გამოიარა. სხვა ლონდონელებისა არ ვიცი, მაგრამ ჩვენი რადიოს იქაური კორესპონდენტი იან იუნი უკვე დაინტერესდა ამ სიახლით - ვიდრე მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ნინო გელაშვილი გაგაცნობდეთ, ერთ ისტორიულ ჩანაწერს მოგასმენინებთ.

[უინსტონ ჩერჩილის ხმა] "მოდით, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა და ისე მოვიქცეთ, ბრიტანეთის იმპერიამ და თანამეგობრობამ კიდევ ათასობით წელიც რომ იარსებოს, ადამიანები ამბობდნენ - "ეს იყო მათი აღმაფრენის ჟამიო."

ეს სიტყვები 1940 წელს, გერმანიასთან საჰაერო ომის დაწყებამდე წარმოთქვა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ლეგენდარულმა უინსტონ ჩერჩილმა. სულ მალე დაიწყო ნაცისტების საჰაერო იერიშები ლონდონზე, ბრიტანეთის სხვა ქალაქებზე, რითაც სახმელეთო იერიში და, საბოლოოდ, ბრიტანეთის ოკუპაცია უნდა მომზადებულიყო.

მაგრამ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. საჰაერო დაპირისპირებაში, რომელსაც "ბრიტანეთის ბრძოლას" უწოდებენ, ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 15 მოკავშირე ქვეყნის 600 მფრინავის, მათ შორის პოლონელებისა და ჩეხოსლოვაკიელების დახმარებით, თავდამსხმელები დაამარცხა. ამ ტრიუმფის შემდეგ წარმოთქვა უინსტონ ჩერჩილმა ცნობილი ფრაზა: ბრძოლის ველზე არ ყოფილა შემთხვევა, ასე ცოტა ადამიანს ასე ბევრი ადამიანის მადლიერება დაემსახურებინოსო. ასე, რომ გასაკვირიც კია, გრანდიოზული საჰაერო დაპირისპირებისადმი მიძღვნილი მონუმენტი დღემდე რომ არ არსებობს - უფრო ზუსტად არ არსებობს ლონდონში, ქალაქ კენტისაგან განსხვავებით.

თუ როგორ გაჩნდა მონუმენტის აღმართვის იდეა, ორგანიზაცია "ბრიტანეთის ბრძოლის ისტორიული საზოგადოების" დამაარსებელი და თავმჯდომარე, ბილ ბონდი იხსენებს.

[ბილ ბონდის ხმა] "საზოგადოება დავაარსე მას შემდეგ, რაც ყური მოვკარი ორი მფრინავის საუბარს მეჯლისზე, რომელიც ბრიტანეთის ბრძოლას მიეძღვნა. ერთი მეორეს ეკითხებოდა: ერთი გამაგებინე, რა იყო ეს ბრიტანეთის ბრძოლაო, იმან კი უპასუხა: წარმოდგენა არა მაქვს - რაღაც, რაც ომის დროს მოხდაო. ამ დიალოგმა ჩემზე შოკივით იმოქმედა და გადავწყვიტე, რაიმე მომემოქმედებინა. წერილი მივწერე ყველა მსხვილ გაზეთს - ასე დაიწყო ყველაფერი. ახლა კი საზოგადოებაში თითქმის 1000 წევრი გვყავს. მათგან 150 მფრინავად მონაწილეობდა ბრიტანეთის ბრძოლაში."

მონუმენტს, რომლის კონცეფცია მოქანდაკე პოლ დეის ეკუთვნის, თემზის ნაპირას, პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აღმართავენ - ეს იქნება სიგრძეში 25-მეტრიანი, ორად გაჭრილი გრანიტის დაფა, რომლის ერთ მხარეს ბრინჯაოს გრავიურებით აისახება საჰაერო ბრძოლის სცენები, ხოლო მეორე მხარეს პილოტებისა და ჯარისკაცების სახელები ამოიტვიფრება.

პოლ დეიმ არაერთი თვე იმუშავა არქივებსა და მუზეუმებში, ესაუბრა ომის მრავალ ვეტერანს. [პოლ დეის ხმა] "მე რასაც ვაკეთებ, არის სახეების შექმნა, რომელიც უწინარეს ყოვლისა პატივს მიაგებს მფრინავებს საჰაერო ბრძოლაში მონაწილე ქვეყნებიდან, მაგრამ იმავდროულად ჩაგვაფიქრებს ბრძოლის ყველა დანარჩენ მონაწილეზე - სარადარო სადგურებში მყოფებსა თუ სადაზვერვო მისიის შემსრულებლებზე. ვითარება, რომელშიც მაშინ აღმოჩნდა ქვეყანა, იმდენად კომპლექსურია, იმდენად მდიდარია სახეებით, რომ რელიეფური ქანდაკებით, რომელიც მომხდარს ჰყვება, ადამიანებს ძალიან მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდი."

ეს მრავლისმეტყველი რელიეფური სკულპტურა კერძო შეწირულობების მეშვეობით იქმნება - მემორიალის ინიციატორებმა, რახან მთავრობა ვერ დააინტერესეს, ფართო საზოგადოებას მიმართეს დახმარების თხოვნით. თუ რა შედეგით, "ბრიტანეთის ბრძოლის კომიტეტის" თავმჯდომარის მოადგილე მორის ჯენოგლისაგან შეიტყობთ.

[მორის ჯენოგლის ხმა] "მხარდაჭერის ნიშნად ათასობით ბარათი მივიღეთ. მშვენიერი კალიგრაფიით გვეწრდნენ - ასე წერენ 70-80 წლის ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ ასწავლიდნენ ასოების ლამაზად გამოყვანას. გვწერდნენ და ბარათებს თან აყოლებდნენ ზოგჯერ ხუთ, ზოგჯერ ათ გირვანქა-სტერლინგს, ზოგი მხოლოდ ორის გამოგზავნას თუ ახერხებდა. მაგრამ ისინი თავიანთ მოგონებებს გვიზიარებდნენ და ამან გაგვაცნობიერებინა, რომ მონუმენტის აღმართვა კარგა ხანია, საჭიროა."

ამასობაში მონუმენტის დასაფინანსებლად საჭირო თანხის ნახევარი, დაახლოებით მილიონი დოლარის შესაბამისი თანხა შეგროვდა და, თუ ასე გაგრძელდა, მონუმენტის გახსნას გაისად უნდა ველოდეთ. ცერემონიას, იმედია, დაესწრება იმ ადამიანთა მცირე ნაწილი მაინც, ვინც ლონდონს იცავდა და ვისაც, შესაძლოა, გუშინდელ დღეზე უკეთ ახსოვდეს, რა მოხდა 1940 წელს.

[მუსიკა]

ინტერვიუ მევიოლინე ელისაბედ ბათიაშვილთან

დავით კაკაბაძე:
ახლა ლონდონიდან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ფინეთის დაბა ლოვისაში გადავინაცვლოთ. იქ მიმდინარეობს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მონაწილეთა შორის არის ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ელისაბედ ბათიაშვილი. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ჩავიწერე.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ყურად ვიღოთ ლიზიკო ბათიაშვილის რჩევა და მოგასმენინოთ მცირე ნაწყვეტი იოჰანეს ბრამსის სონატიდან ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის. მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. ახლა კი ელისაბედ ბათიაშვილსა და მილანა ჩერნიავსკას მოუსმინეთ.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG