Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციები თეირანში


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები გრძელდებოდა პოლიციასა და მთავრობისსაწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები, უმეტესწილად სტუდენტობა,

მოითხოვენ, რომ ბოლო მოეღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე რელიგიურ კონსერვატორთა გავლენას. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არეულობა თეირანში, შეერთებული შტატების პროპაგანდითაა გამოწვეული.


მთავრობისსაწინააღმდეგო გამოსვლები თეირანში სამშაბათს ათ ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების პრივატიზაციის შესახებ. ხუთშაბათს ღამით პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. აქციის ზოგიერთი მონაწილე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვიროდა, სხვები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ პრეზიდენტ მოჰამად ხათამის მიერ დაწყებული რეფორმისტული პროცესი ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობს.

როგორც ჩვენი რადიოს თეირანელი კორესპონდენტი შაიან ე-ჯაბერი იუწყება, დემონსტრაციებში სტუდენტების გარდა რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობენ და მათი პრეტენზიები მთავრობის მიმართ განსხვავებულია [შაიან ე-ჯაბერის ხმა]: "შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტების პროტესტმა გამოიწვია დემონსტრაციები. მაგრამ მეორეს მხრივ, ირანელ ხალხს, სულ უფრო მზარდ პოლიტიკურ, სოციალურსა და ეკონომიკურ ზეწოლას რომ განიცდის, მიეცა შესაძლებლობა საკუთარი აზრი გამოთქვას".

საპროტესტო გამოსვლები ხუთშაბათს ღამით იმან გამოიწვია, რომ აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობისსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "ავანტიურისტები" უწოდა და დასჯით დაემუქრა. ირანის სულიერმა ლიდერმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა ამასთანავე ირანში მიმდინარე მთავრობისსაწინააღმდეგო გამოსვლებში [აიათოლა ალი ხამენეის ხმა]: "ამერიკელები გლობალური დიქტატურის დამყარებას ცდილობენ, მაგრამ ის კი არ იციან, რომ გლობალურ დიქტატურას, ხიშტებსა და ტყვიებზე რომაა დაფუძნებული, თავისუფლების მოყვარე ერები დაამხობენ. არცერთი თავისუფალი და ამაყი ერი არ შეურიგდება დიქტატურს, მათ შორის დიქტატურას საკუთარ ქვეყანაში".

ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა [რიჩარდ ბაუჩერის ხმა]: "ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხის სწრაფვა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ შედეგს გამოიღებს და ირანი მასტაბილიზებელ ძალად იქცა რეგიონში. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ დემონსტრანტები, საკუთარი აზრის გამოთქმისთვის დააპატიმრეს, და მოველით, რომ ხელისუფლება დაიცავს მათს უფლებებს და დაკავებულ სტუდენტებს გაათავისუფლებს".

როგორც ბრიტანეთის დურამის უნივერსიტეტთან არსებული ირანის შემსწავლელი ცენტრის პროფესორმა ანუშ ეთესჰამიმ შეიტყო, ხუთშაბათს ღამით მომხდარი დემონსტრაციის მსვლელობისას თეირანში, პოლიციამ არ მისცა მკაცრი კურსის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფება "ანსარ ჰეზბოლას" უფლება, ძალა გამოეყენებინა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რაც ანუშ ეთესჰამეს აზრით, უპრეცედენტო შემთხვევაა ირანის უახლეს ისტორიაში.

ირანელი სტუდენტები აცხადებენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ მთავრობისსაწინააღმდეგო გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG