Accessibility links

აფხაზეთიდან დევნილებს საარჩევნო უფლების აღდგენაზე უარი განუცხადეს


ორიოდე კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საარჩევნო უფლებების შესახებ გესაუბრეთ. ახლა კვლავ ვუბრუნდებით ამ თემას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა განეხილა

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქის სარჩელი. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ევროპულ-კავკასიური ინსტიტუტის პრეზიდენტი კობა ჩოფლიანი საკონსტიტუციო სასამართლოსგან აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი კობა ჩოფლიანი არასათანადო მოსარჩლედ ცნო და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის გაუქმებაზე, ანუ აფხაზეთის მოსახლეობის საარჩევნო უფლების აღდგენაზე, უარი განაცხადა. თუმცა სასამართლომ თავის ოფიციალურ პასუხში ერთი უცნაური წინადადება ჩაწერა. კობა ჩოფლიანის თქმთ:

[კობა ჩოფლიანის ხმა] „აქვე არის ერთი დეტალი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაწერა თავის გადაწყვეტილებაში: საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება და არჩევნების გარეშე დეპუტატების უფლებამოსილების გახანგრძლივება არაბუნებრივ მოვლენად ჩაითვლება. ანუ აქ საკონსტიტუციო სასამართლომ არათუ მხოლოდ არაკონსტიტუციურად და არაკანონიერად, არამედ ეს სიტუაცია დედამიწის ფარგლებს გაღმაც გაიტანა და მთლიანობაში არაბუნებრივ მოვლენად მიიჩნია."

ის, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო „არაბუნებრივს" უწოდებს, სამართლებრივ შეფასებასაც ექვემდებარება. ანუ საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. თუმცა ამ რეალობის შეფასებას საკონსტიტუციო სასამართლომ თავი აარიდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი ფიქრობს, რომ კობა ჩოფლიანის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ არაუფლებამოსილ მხარედ ცნობილიყვნენ ეს ადამიანები, არ არსებობდა, ვინაიდან ისინი დევნილები არიან და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვდნენ. მიუღებელი არის ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასეთი, რომ არაბუნებრივი არის ამ დეპუტატების ყოფნა. ვინაიდან ამით საკონსტიტუციო სასამართლომ თავიდან მოიცილა ამ საქმის განხილვა და ამ საქმეზე სამართლებრივი შეფასების მიცემა."[სტილი დაცულია]

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ტიპის უარის შემდეგ საარჩევნო უფლების დაბრუნების მსურველ დევნილებს გზა მოეჭრათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსკენაც. სტრასბურგში მხოლოდ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი.

შესაბამისად, აფხაზეთის მკვიდრ საქართველოს მოქალაქეებს ჩამორთმეული აქვთ უფლება ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში, პერიოდულად აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები და რაიმე სახის მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში.

აფხაზეთიდან დევნილებს ჩამორთმეული საკონსტიტუციო უფლების აღსადგენად მხოლოდ ერთი გზა დარჩენიათ - საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართონ. 13 ივნისს სწორედ ეს გააკეთეს ევროპულ-კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

მოახერხებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო დევნილთა მოთხოვნებზე მსჯელობას, ძნელი სავარაუდოა, რადგან პარლამენტარებს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით უჭირთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა, ხან კვორუმის უქონლობისა და ხანაც პოლიტიკური უთანხმოებების გამო.
XS
SM
MD
LG