Accessibility links

logo-print

მოძრაობა "კმარას" აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ


13 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, შევიდა სტუდენტური მოძრაობა "კმარას" აქტივისტების საჩივარი. სტუდენტები შინაგან

საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს 12 ივნისს სამინისტროში მომხდარი ინციდენტის გამო უჩივიან. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, მინისტრ ნარჩემაშვილის პირადი ბრძანებით, პოლიციამ მოძრაობის 9 აქტივისტი დააკავა. სტუდენტები 9 საათის განმავლობაში იძულებით იმყოფებოდნენ შენობაში, რომლის შესასვლელსა და კიბეებზე ფერადი საღებავებით წააწერეს ბოლო დროს თვალისა და ყურისათვის ზედმეტად ჩვეული სიტყვა "კმარა". სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ეს ფორმა გახდა სწორედ აქტივისტი კმარელების დაკავების მიზეზი.

სიტყვის თავისუფლებასა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე აპელირება გახდა მინისტრ ნარჩემაშვილის წინააღმდეგ "კმარას" აქტივისტების სარჩელის საფუძველი.

[თეა თუთბერიძის ხმა] "მან დაარღვია კანონი და კანონდარღვევაში ვგულისხმობ იმას, რომ უკანონოდ მოხდა ჩვენი დაკავება. არ იყო არანაირი სანქცია, იყო მხოლოდ და მხოლოდ მინისტრის ბრძანება: ეს ხულიგნები ამოიყვანეთ აქ და საკადრის პასუხს მიიღებენო ამაზე. თუგინდ წარწერა გამეკეთებინა და თუგინდ ტელევიზიით გამოვსულიყავი და მეთქვა, ეს იყო ჩემი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რაც, პრინციპში, შელახა იმავე კობა ნარჩემაშვილმა და არა მხოლოდ მან - მისი უწყების წარმომადგენლებმა ასევე საგარეჯოში."

როგორც კმარელი თეა თუთბერიძე ადასტურებს, ის აზრი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოსა და შენობაზე ფერადი და ლაკონიური "კმარა" წაეწერათ, საგარეჯოს ინციდენტისა და ამ ინციდენტზე კობა ნარჩემაშვილის არაადეკვატური რეაქციის გამო გაჩნდა. ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში მინისტრმა თავისი უწყების თანამშრომლები უსუსურობაში დაადანაშაულა, თავად კმარელები კი ხულიგნობაში ამხილა. "კმარას" აქტივისტების საქმიანობას კობა ნარჩემაშვილმა პირველად სწორედ მაშინ მიანიჭა ხულიგნობის კვალიფიკაცია. სამინისტრომ ხულიგნობის მუხლითვე აღძრა საქმე ამჯერად უკვე 12 ივნისის ინციდენტის გამო.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "ნარჩემაშვილის გადასაწყვეტი არ არის ხულიგნობა იყო თუ არ იყო. მაგას სასამართლო დაადგენს. ნარჩემაშვილს არანაირი უფლება არა აქვს, რომ კვალიფიკაცია მისცეს ამა თუ იმ მოქმედებას, რასაც, სამწუხაროდ, იგი ძალიან ხშირად აკეთებს. ჩვენ, საერთოდ, ამაზე არ ვსაუბრობთ დღეს, ხულიგნობა იყო თუ რა იყო, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც მოხდა გუშინ, იყო უკანონო და სისხლის სამართლის კანონმდებლობა ამბობს, რომ უკანონოდ მოპოვებული რაიმე მასალა ძალადაკარგულია და უნდა გაუქმდეს. და ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, ვითხოვთ გაუქმებას იმ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა, რაც გუშინ მოხდა."

სტუდენტური მოძრაობის "კმარას " ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი იცავს. მისი თქმით, "კმარა" სისხლის სამართლის საქმის აღძვრას რამდენიმე მუხლით ითხოვს - მათ შორის, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის, უკანონოდ პატიმრობაში ყოლისა და იძულების მუხლით. ამ ჩამონათვალში რატომღაც არ აღმოჩნდა ცილისწამება. არადა, პირველსავე კომენტარებში რამდენიმესაათიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული სტუდენტები აცხადებდნენ, რომ მინისტრმა მათ ბრალი "კმარას " მოძრაობის საეჭვო დაფინანსებაში დასდო. ხომ არ არიდებენ სტუდენტები თავს მინისტრის ბრალდებასა და სოლიდური გასამრჯელოს თემას?

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "არაფერს არ არიდებენ ისინი თავს და არაფერი ჩრდილში არ ექცევა. ჩვენ ყველაფერზე გავცემთ პასუხს, რაზეც დაკითხვების დროს იქნება თუ როცა იქნება. ამ წუთებში ჩვენ, უბრალოდ, უკანონობას ვასაჩივრებთ მთელი ამ პორცედურის, რაც გუშინ განხორციელდა და ვითხოვთ იმათ დასჯას, ვინც ეს უკანონობა ჩაიდინა და, თუკი ჩვენი მხრიდან იყო რაიმე უკანონობა, ჩვენ იმაზე პასუხს ვაგებთ და არაფერს არ ვმალავთ და არაფერი საპრობლემო არ არის."[სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG