Accessibility links

სამხრეთი კავკასია ენერგოკომპანიების პოლიგონი


სამხრეთი კავკასიის ქვეყნების "ენერგოათვისება", კერძოდ კი საქართველო არა მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთის ენერგოკომპანიების დავის საგანია, არამედ ბოლო დროს თავად

რუსეთის კომპანიებს შორის კონკურენციის საფუძვლადაც იქცა. ბოლო დროს რუსული კომპანია "გაზპრომის" გააქტიურებაც ამის მაგალითია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველა წინააღმდეგობის მიღმა, არის კიდევ ერთი ფაქტორი - მოახლოებული არჩევნები საქართველოში და საქართველოს ხელისუფლების სურვილი ყველაფრის ფასად, მათ შორის დასავლეთის განაწყენებისა და გაზპრომთან ფლირტის ფასად შეინარჩუნოს სტატუსი. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ჟან კრისტოფ პეკი შეეცადა შეეცადა საკითხის გარკვევას.



თუკი "გაზპრომის" სურვილს - შეთანხმება გააფორმოს თბილისთან - სამხრეთ კავკასიაზე კონტროლისთვის რუსეთისა და შეერთებული შტატების ტრადიციული ქიშპობითა და აგრეთვე რუსეთის კომპანიებს შორის კონკურენციით ავხსნით, არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი ფაქტორი - საქართველოს საშინაო პოლიტიკური პროცესები.

შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიონ, 2005 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. შევარდნაძისთვის, წერს ჟან კრისტოფ პეკი, არსებითია უზრუნველყოს, რომ არჩევნებამდე საქართველოს გაზით მომარაგება არ შეწყდეს. "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი თბილისში ვიზიტის დროს, ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, როცა განაცხადა, რომ "გაზპრომმა" საქართველოს შეიძლება მეორე რუსულ კომპანია "იტერაზე" დაბალ ფასში შესთავაზოს საქართველოს ბუნებრივი აირი.

ჟან კრისტოფ პეკს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განუცხადა:

[გოცირიძის ხმა] 061269
"საქართველოს ეშინია, რომ ამ წლის ბოლოს იტერასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა გაზის გარეშე დარჩება. "გაზპრომის" წინაშე "იტერამ" უკვე დათმო გაზპრომთან თურქმენეთის გაზის უკრაინაში ტრანსპორტირების უფლება. მომავალი ორი წლის განმავლობაში "იტერას" შეიძლება აღარ აღმოაჩნდეს საკმარისი ბუნებრივი აირი სამხრეთი კავკასიის რეგიონის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის პოლიტიკური ფაქტორი, წინასაარჩევნო ფაქტორი. მთავრობას არ სურს არჩევნების წინ გარისკვა. იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და ახლო პოლიტიკური ამოცანები განახორციელოს, ქართველი პოლიტიკოსები მზად არიან წავიდნენ დათმობებზე ისეთზეც კი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ავნებს".

შეგახსენებთ, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევნის გაზსადენის აღდგენას, არამედ ერთობლივი საწარმოს გრუზრუსგაზპრომის აღდგენასაც, რომელიც სომხეთში გაზის ტრანზიტის გარდა სხვა ერთობლივი ენერგეტიკული პროექტებითაც დაკავდება. ამასთან ნიშანდობლივი იყო კასპიის აუზის ენერგეტიკულ საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიქტორ კალიუჟნის წინადადება ნაცვლად ახალი გაზსადენის მშენებლობისა თურქეთისკენ აზერბაიჯანის გაზის "გაზპრომის" მილსადენებით ტრასნპორტირების შესახებ.

"გაზპრომისა" და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობას გარდა ყველა ეჭვებისა ერთი უმთავრესი ნაკლი აქვს - ის იდუმალებით არის მოცული. "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს საქართველოს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა მიხეილ ჯიბუტმა განუცხადა:

[ჯიბუტის ხმა] 061365
"სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადოებრიობა არ არის კარგად ინფორმირებული და ყველაზე ცუდი ამაში არის ის, რომ ყველაფერს, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით ხდება, აკლია გამჭვირვალეობა. არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. არც ერთს - არც საქართველოსა და არც რუსეთის მხარეს არ გაუმართავს პრესკონფერენცია და არ გაუვრცელებია ოფიციალური ცნობა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. როცა ერთობლივ საწარმოზეა საუბარი, საქმე ეხება წილებს, საკუთრებას, ინტერესებს, ვალებს და ა.შ., ხომ ასეა?"

ექსპერტთა ერთი ნაწილი მაინც იმედოვნებს, რომ ისევ და ისევ დასავლეთის ძლიერი დაინტერესებისა და ზეწოლის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ვერ გადადგამს ნაბიჯს რეგიონში დასავლური ენერგეტიკული პროექტების საზიანოდ.
XS
SM
MD
LG