Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელი მიმოხილვა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს ეხება. როგორც გერმანიის გაზეთი "ცაიტი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ახლახან გამართულ სამიტზე სანკტ-პეტერბურგში,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდა იმით, რომ დასავლეთის ლიდერებმა მოიწონეს კრემლის პოლიტიკა ჩეჩნეთის მიმართ. გაზეთი წერს:

"დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები მიესალმნენ ჩეჩნეთში ჩატრებულ რეფერენდუმსა და მის ერთობ საეჭვო შედეგს, საბჭოთა პერიოდს რომ გვაგონებს - ამომრჩეველთა 96-მა პროცენტმა რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთის დარჩენას დაუჭირა მხარიო. ბრიტანეითის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ქებით მოიხსენია პუტინი იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი თურმე მზადაა დიალოგი დაიწყოს ჩეჩნეთის ლიდერებთან. ევროპელმა სტუმრებმა ვერც კი მოასწრეს სანკტ-პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნება, როცა თვითმკვლელი ქალის მიერ მოზდოკის მახლობლად ავტობუსის აფეთქებამ გამოააშკარავა კრემლის პროპაგანდის სიყალბე ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზაციის შესახებ. სინამდვილეში, მოსკოვსა და გროზნოს შორის გამორიცხულია ყოველგვარი პოლიტიკური დიალოგი. 99 წლის შემოდგომის პირველივე დღიდან, როცა ჩეჩნეთში მეორე ომი დაიწყო, პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს მეომარი მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, იმ ადამიანებთან, ვინც მოლაპარაკებისთვისაა მზად. ამასობაში ომი, პარტიზანულ სტადიას გასცდა და გადაიქცა ტერორისტულ სასაკლაოდ, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება."

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" კომენტარს უკეთებს ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კამპანია დაიწყო მთავრობისსაწინააღმდეგო ქმედებებში ეჭვმიტანილი აკრძალული ისლამისტური პარტიის წინააღმდეგ.
გაზეთი წერს:

"უკანასკნელ დღეებში ხსენებული პარტიის 55-დე წევრი დააპატიმრეს. როგორც უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი და თებერვალში აკრძალული პარტიის "ჰიზბ უთ თაჰრირის" განყოფილებების შემოწმებისას პლასტიკური ყუმბარა, ხელყუმბარები, დინამიტი და დეტონატორები აღმოაჩინეს. უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა სერგეი იგნატენკომ განაცხადა,რომ სპეცსამსახურებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ დაპატიმრებულები, რომლებსაც იგნატენკომ "ალ-ყაიდის" მიუსლიმანი ძმები უწოდა. მისივე თქმით, დაპატიმრებულები მოიერიშეების გაგზავნას აპირებდნენ მოსკოვში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. თუმცა, როგორც ისლამისტი ლიდერები აცხადებენ, "ჰიზბ უთ თაჰრირის" წევრების დაპატიმრება მორიგი დასტურია იმისა, თუ როგორ სდევნის რუსეთის ხელისუფლება მუსლიმანებს."

გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორის" აზრით, რუსეთში სულ უფრო მეტ განგაშს იწვევს ირანის ბირთვული პროგრამა. იმ დროს, როცა ინფორმაციამ გაჟონა ირანის ბირთვული ობიექტების შესახებ, წერს გაზეთი, თეირანმა გაააქტიურა თანამშრომლობა გაეროსთან და თან ცდილობს აშშ და რუსეთი იმაში დაარწმუნოს, რომ ირანს არა აქვს განზრახული ბირთვული იარაღის შექმნა. გაზეთი განაგრძობს:

"შაბათს ირანში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ჩავიდნენ ბირთვული ობიექტების შესამოწმებლად. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ირანმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ურანის გამდიდრების საქმეში, და გამოირკვა ამასთანავე აქამდე უცნობი ქარხნების არსებობა, ექსპერტებს ახალი შეკითხვები დაებადათ. რუსეთი განცვიფრებული, და თანაც ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა შეიტყო, რომ ირანის ქალაქ ნათანზეში მოქმედებს ურანის გამამდიდრებელი ქარხანა, რომლის არსებობის შესახებ თეირანს არაფერი უთქვამს მოსკოვისთვის."

ავსტრიის გაზეთი "პრესსე" იმ პრობლემებს ეხება, რუსეთს რომ შეექმნა მეცნიერების სფეროში. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"თავის დროზე საბჭოთა მეცნიერება ერთ-ერთი უძლიერესი იყო მთელს მსოფლიოში და ამერიკულს უწევდა კონკურენციას, ზოგჯერ წინაც უსწრებდა, მაგალითად კოსმონავტიკის სფეროში. მილიონამდე რუსი მეცნიერი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და პოლიტიკოსთა ხმამაღალი დაპირებების მიუხედავად არაა ამ მხრივ ვითარების შეცვლა არაა მოსალოდნელი."
XS
SM
MD
LG