Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ანტი-ამერიკანიზმი ძლიერდება


უკანასკნელი კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საზოგადოებრივი აზრი შეერთებული შტატების მიმართ საგრძნობლად გაუარესდა. ომმა ერაყში გააღრმავა შეერთებულ

შტატებსა და დასავლეთ ევროპას შორის არსებული უფსკრული, გააღვივა აგრესია მუსულმანებში და შეასუსტა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში შტატების მიმართ მხარდაჭერა. ამ თემაზე ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე ნინო გელაშვილი მოგითხრობთ:

ზოგიერთი ამერიკელისთვის ერაყის ომის ყველაზე კმაყოფილებისმომგვრელი მომენტი, ალბათ, დადგა მაშინ, როცა ერაყელთა ჯგუფმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაღდადის ცენტრში სადამ ჰუსეინის ქანდაკება ჩამოაგდო; ამერიკელებმა გაანთავისუფლეს ერაყი მჩაგვრელი რეჟიმისგან.

თუმცა, ბაღდადის აღებიდან ორი თვის შემდეგ ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ ერაყის ომმა შეერთებული შტატების იმიჯი მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მის მუსულმანურ ნაწილში ძალზე შელახა.

ვაშინგტონში არსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ელიზაბეთ მიულერ გროსმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა:

[გროსის ხმა]
"როგორც ჩანს, ერაყთან ომმა მართლაც ავნო მსოფლიოში შეერთებული შტატების მიმართ არსებულ საზოგადოებრივ აზრს. 2002 წლის შემდეგ, რომელიც თავისთავად 1999 და 2000 წლებთან შედარებით ისედაც უარესი გახლდათ, ამერიკის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება მსოფლიოში მკვეთრად გაუარესდა".

"ცვალებადი მსოფლიოს აზრი 2003 წელს", ასე ქვია სოცილოგიურ კვლევას, რომელზეც მოგითხრობთ და რომლის ფარგლებშიც მაისში 20 ქვეყნის 16 ათასი ადამიანი გამოკითხეს. ამ კვლევის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდა გლობალიზაციის, დემოკრატიზაციისა და პოლიტიკაში ისლამის როლის შესახებ შარშან ჩატარებული უფრო მასშტაბური კვლევის შედეგებიც. ეს ყველაფერი დაემთხვა ჯორჯ ბუშის ტურნეს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონელი სოციოლოგი ელიზაბეთ გროსი შენიშნავს, რომ ერაყში ომის შემდეგ არაბულ ქვეყნებში მკვეთრად გაუარესდა დასავლური ტიპის დემოკრატიის თაობაზე არსებული შეხედულება.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნატოს ფარგლებში შეერთებული შტატების 7 ძირითადი მოკავშირედან 5 სახელმწიფოში ადამიანებს სურთ მომავალში ვაშინგტონისგან უფრო დამოუკიდებელად უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება. ეს სახელმწიფოები გახლავთ: საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, იტალია და გერმანია.

ერაყის ომმა ზოგიერთი ქვეყნების მოსახლეობაში გაზარდა შიში შეერთებული შტატების მიმართ. მაგალითად, გამოკითხული ნიგერიელების 54 პროცენტს აქვს შიში, რომ შეერთებული შტატები მათ ქვეყანას თავს დაესხმება, ასეთივე გრძნობა აქვს პაკისტნელთა 47 პროცენტს, რუსეთში გამოკითხულთა 43 პროცენტს. თურქეთსა და ქუვეითში გამოკითხულთა თითო მესამედსაც აქვს შეერთებული შტატებისგან თავდასხმის შიში.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანები გააკვირვა და დასცა იმ ფაქტმა, რომ ერაყმა პრაქტიკულად ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კოლიციის ჯარებისთვის.

დასასრულს, ვაშინგტონელი სოციოლოგების მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი სიახლის შესახებ. გასული თვის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ახლო აღმოსავლეთში ყველაზე პატივცემულ ფიგურად პალესტინის ლიდერ იასერ არაფატის, საუდის არაბეთის პრინც აბდულასა და საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის შემდეგ ოსამა ბინ ლადენია მიჩნეული. პალესტინის ტერიტორიებზე გამოკითხულებმა კი ოსამა ბინ ლადენი დაასახელეს ადამიანად, რომელიც ყველაზე სწორად მოქმედებს.

ერაყის ომის შემდეგ ამერიკისა და ამერიკელთა მიმართნ დადებითი აზრი გაიზარდა ბრიტანეთსა და იტალიაში. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე პრო-ამერიკულად განწყობილი სახელმწიფო დღეს ისრაელია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG