Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა გადადო ევროზონაში შესვლა


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთმა გადადო გადაწყვეტილების მიღება ევროპის ერთიანი ვალუტის, ევროს შემოღების თაობაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა ორშაბათს პარლამენტის სხდომაზე,

ევროს შემოღებისთვის ქვეყანაში არაა ჯერჯერობით შექმნილი ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები.

გორდონ ბრაუნის აზრით, ბრიტანეთი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მზად არ არის იმისთვის, რათა საგადამხდელო საშუალებად ევროპის ერთიანი ვალუტა - ევრო - შემოიღოს.

თემთა პალატაში გამოსვლისას ბრაუნმა თქვა, რომ 1997 წელს წამოყენებული ხუთი კრიტერიუმიდან, რამაც უნდა დაგვანახოს, რამდენად უპასუხებს ერთიან სავალუტო ზონაში შესვლა ბრიტანეთის ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკამ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი დააკმაყოფილა: საფინანსო ოპერაციებზე ევროს მოსალოდნელი ზეგავლენის კრიტერიუმი.

გორდონ ბრაუნის გადაწყვეტილება დეპუტატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ევროს მიმართ. სრულიად საწინააღმდეგო პოზიცია უკავია ამ საკითხში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ბრიტანეთს მაინც მოუწევს ევროზონაში შესვლა.

გორდონ ბრაუნმა, როგორც ჩანს, ანგარიში გაუწია პრემიერ-მინისტრის პოზიციას, როცა ევროს შემოღების დადებით ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ ევროზონაში შესვლის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში ერთ წელიწადში, და თუ იმ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკა დააკმაყოფილებს ევროზონაში გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობებს, მაშინ ევროზონაში ბრიტანეთის შესვლის თაობაზე, მინისტრის თქმით, საყოველთაო რეფერენდუმი მოეწყობა.

ბრაუნის აზრით, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროზონაში შევა, ამ ქვეყნის ვაჭრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მომდევნო 30 წლის განმავლობაში 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს.

გორდონ ბრაუნის გადაწყვეტილებამ, დააყოვნოს ევროზონაში ბრიტანეთის შესვლა, უკმაყოფილება გამოიწვია როგორც მმართველი ლეიბორისტული პარტიის წრეებში, რომლებიც ევროს შემოღებას უჭერენ მხარს, ისე ოპოზიციაში მყოფი კონსერვატული პარტიის რიგებშიც.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი კონსერვატული პარტიიდან მაიკლ ჰაუარდი ამბობს, რომ გორდონ ბრაუნის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ლეიბორისტული პარტიის უნიათობა [მაიკლ ჰაუარდის ხმა]: "ბლერს ერთი გეზი აქვს აღებული, ბრაუნს მეორე, შედეგად კი იმას ვღებულობთ, რაც არც ერთს აძლევს ხელს და არც მეორეს. ვერ გამიგია, კონფლიქტია ეს, კომპრომისი თუ დაბნეულობა. და რა გასაკვირია, როცა ასე ცოტა რამ გაკეთდა ამ მთავრობის ხელში."

კონსერვატორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით გორდონ ბრაუნმა ევროზონაში შესვლის სასარგებლოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოიშველია. მან თქვა, რომ ბრიტანეთის ვაჭრობის მთელი მოცულობის 55 პროცენტი ევროპის კავშირზე მოდის და რომ სამი მილიონი სამუშაო ადგილიც ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობითაა განპირობებული.
XS
SM
MD
LG